რესპოდენტის შესახებ
"ეროსიმ თავისი სიცოცხლით რუსთავი 2 შექმნა, სიკვდილით კი გადაარჩინა!
მოკლეს, თავი მოიკლა, გაუვარდა! სამივე ვერსიას ეყოლება თავისი მიმდევრები და ვერასდროს მოხდება ერთზე შეთანხმება, ისევე როგორც ყველა წინა უბედურ შემთხვევებში.
ხელისუფლებამ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როცა დაიწყო ინტრიგების ხლართვა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. წინა ხელისუფლება "იმედში" შეჭრის დღეს დამთავრდა. დანარჩენი დროის საკითხი იყო. ამ ხელისუფლების მესაფლავე რუსთავი 2 გახდებოდა.
ეროსის სიკვდილმა არა მარტო რუსთავი 2 გადაარჩინა, არამედ ხელისუფლებაც.
რა თქმა უნდა, თუ ამდენი ჭკუა ეყოთ!"-წერს რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა" ამ პოსტში გამოთქმული აზრის დასაზუსტებლად რამდენიმე კითხვით მიმართა მას.
-რატომ ფიქრობთ, რომ მაინც არავინ დაიჯერებს, რაგინდ კვალიფიციურადაც უნდა ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა?
- იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადის ჯანსაღი ლოგიკის სფეროდან და გადადის რწმენის სფეროში. მეორეც, როცა საქმე პოლიტიკას ეხება, ყველა ემხრობა ისეთ ვერსიას, რომელიც მისთვის მომგებიანი. ასე მოხდა მერაბ კოსტავას სიკვდილისას, ასე იყო გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის შემთხვევაში. უფრო შორეული წარსული რომ გავიხსენოთ, ცეკას მდივანი მამუკა ასლანიკაშვილი რომ გარდაიცვალა ავტოკატასტროფის დროს, პირველი ჭორი რაც გავრცელდა იყო ის, რომ შევარდნაძემ მოუწყო, კონკურენტი ჩამოიცილაო თავიდან. დღემდე ბევრს სჯერა ამ ვერსიის. ( მე არ მჯერა)! როგორც წესი, ასეთ დროს პირველ რიგში ზარალდება სახელისუფლო პოლიტიკური ძალა. თანაც, თუ მას კონფლიქტი ჰქოდა დაღუპულთან ან სხვა ფორმით იყო დაკავშირებული. ეროსის შემთხვევაში უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ განსაკუთრებული აქ მისი რუსთავი 2-თან კავშირია.
-რატომ მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ინტრიგები რუსთვი 2-ის წინააღმდეგ? ეყოფოდა კი მას პოლიტიკური რესურსი, რომ ეს ტელევზია, როგორც ეროსიც აღნიშნავდა. „ნამდვილი მფლობელისათვის" გადაეცათ?
-მედიასთან თამაში ძალიან სახიფათოა. ვინც ამას ვერ მიხვდა, ყველამ წააგო. შევარდნაძის რეჟიმის კრიზისი რუსთავი 2-ში უშიშროების შესვლამაც გაამწვავა, წინა ხელისუფლება ფაქტობრივად იმედში შეჭრით დამთავრდა. ამ ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ჩამორთმევა გადაიყოლებდა, თანაც არა მგონია, რომ არჩევნების გზით მომხდარიყო ეს. ადამიანებს ხელისუფლებაში ყოფნისას უჩნდებათ ყოვლისშემძლეობის ილუზია. ეს ღუპავს ყველა ხელისუფლებას. არ იციან სადაა ის ზღვარი, როცა უნდა გაჩერდნენ.
-რატომ ფიქრობთ, რომ ეროსის სიკვდილმა რუსთავი 2-იც გადაარჩინა და ხელისუფლებაც?
უფრო მეტს გეტყვით-ქვეყანა გადაარჩინა სერიოზულ დესტაბილიზაციას, თუ მართლაც ვინმეს ეგონა, რომ ისე მოსუქდნენ, რომ ამ ტელევიზიის „ჩაყლაპვას" და „მონელებას" შეძლებდნენ. გახსოვთ, წინა ხელისუფლების მცდელობა მაესტროს პარალიზების სახით, რაშიც, სამწუხაროდ, ეროსიც იქნა გამოყენებული. ვერ დაძლია. არ ეყო რესურსი. თანაც ვის, ყველანაირი, მათ შორის გამართული რეპრესიული აპარატის მქონე ხელისუფლებას. სახელისუფლო გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმის ამ საფრთხის შესახებ და არიან ისეთები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე პოლიტიკური გამოცდილება, არც პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და გონიათ ადმინისტრაციული რესურსებით შეიძლება ამ თუ სხვა მსგავსი საკითხების სათავისოდ მოგვარება.
-ფიქრობთ, რომ ამ უბედური შემთხვევის პოლიტიკური ინტერპრეტაციის თემა იქნება რუსთავი 2-ის საკითხი?
-კი. ასე დარჩება ყოველთვის, როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს ექსპერტიზის პასუხი. რუსთავი 2 და ეროსი კიწმარიშვილი განუყოფელი ცნებებია და ხელისუფლებამ იმდენი შეძლო, რომ მისი სიკდილის შემდეგაც უზრუნველყო მათი ერთიანობა.
"ჯი-ეიჩ-ენი", თემურ კალანდაძე