სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქუთაისში იმყოფებოდა. მინისტრმა უწყების იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ ირაკლი კობიძესთან ერთად მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
კალმახელიძემ საზოგადოებას სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სფეროებში მიმდინარე რეფორმები გააცნო. კობიძემ კი დეტალურად ისაუბრა უფასო სამართლებრივი დახმარების ისეთ სახეებზე, როგორებიცაა სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურება, კონსულტაციები სამართლის ნებისმიერ დარგში და იურიდიული დოკუმენტების შედგენა, რითაც იურიდიული დახმარების სამსახურის ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა და ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალაც დაურიგდათ.
"მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას. ამაზე მეტყველებს იურიდიული დახმარების სამსახურის სტატისტიკური მონაცემებიც, საიდანაც ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით 2009 წელს უფასო იურიდიული კონსულტაციებით მოსარგებლეთა რაოდენობა გაორმაგებულია. ეს ტენდეცია გრძელდება, რაც მიუთითებს საზოგადოების მზაობაზე, სხვადასხვა პრობლემა სამართლებრივი გზით გადაჭრას და ამ მიზნით კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას მიმართოს", - აცხადებენ კალმახელიძის უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.