ამ სათაურმა, შეიძლება, გაკვირვება ან კითხვები გამოიწვიოს - რა კავშირშია NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი და ულამაზესი ქალაქი სოხუმი? დამშვიდით, ჩემო მეგობრებო და თანამემამულეებო, ჯერჯერობით არაფერი ისეთი ხდება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების თვალსაზრისით, რამაც შეიძლება ჩვენი სიხარული გამოიწვიოს, თუმცა საქართველოს მოსახლეობისა და მრავალ ქვეყანაში გაფანტული ჩვენი თანამემაულეების უდიდესი ნაწილი იმის რწმენით და იმედით ცხოვრობს, რომ საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების დროც დადგება!
არ მინდა გამიგრძელდეს საუბარი ამ თემაზე და დავუბრუნდები მთავარს - რა კავშირშია ნატო-ს მაღალჩინოსანი, 46 წლის კანადელი ჯეიმს აპატურაი და „ჯორჯია, სოხუმი". როგორც ცნობილია, 9 ივლისს ბატონმა აპატურაიმ თბილისში შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, თავდაცვისა და საგარეო მინისტრებთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში ..... და განიხილა ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადების საკითხები, საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პაკეტის შემუშავების თემა.. თავად აპატურაიმ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი კომენტარი გააკეთეს ამ შეხვედრების შემდეგ. ამიტომ, როდესაც პირისპირ აღვმოჩნდი ბატონ აპატურაის წინაშე მაინც და მაინც არ მქონდა დიდი სურვილი მისთვის დამატებითი კითხვები დამსვა: პირველი - ჩვენი მოულოდნელი შეხვედრა არაფორმალურ ვითარებაში მოხდა, თბილისის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, როცა ყველა თვითმფრინავში წუთი წუთზე ველოდებოდით ჩასხდომას და ამ სიტუაციაში აპატურაი არ მოისურვებდა ან ნაკლებად სავარაუდი იყო, რომ ის მიპასუხებდა შეკითხვებზე; მეორე -რომ ეპასუხა დარწმუნებული ვიყავი, რომ იმაზე მეტს რაც მან თქვა 9 ივლისს ჟურნალისტების წინაშე ის არ იტყოდა; მესამე-მე უფრო მაინტერესებდა მისი ადამიანური რეაქცია ჩემს ეკიპირებაზე- ქუდზე და მაისურზე წარწერით „ ჯორჯია, სოხუმი" . 10 ივლისს დაახლოებით 03:40 წუთზე აპატურაი და მისი თანხლები პირი შემოვიდნენ აეროპორტის გამგზავრების მოსაცდელ დარბაზში, სადაც თბილისი-სტამბოლის რეისის მგზავრები იყვნენ. ყველას ქონდა საპასპორტო კონტროლი გავლილი და პირადი შემოწმება, რომელსაც ტრადიცულად გადიან მგზავრები ჩასხდომის წინ და ამ დარბაზში შემოვიდა აპატურაი და მისი თანხმლები პირი... დარბაზში დაახლოებით 60 მგზავრი იყო,ზოგიერთმა იცნო აპატურაი და თქვა -ხედავთ, ჩვენთან ერთად ნატო-ს მაღალჩინოსანი იქნება თვითფრინავშიო, უმეტესობამ ან ვერ იცნო იგი, ან არ მიაქცია ყურადღება აპატურაის გამოჩენას. მე გადავწყვიტე მივსულიყავი მასთან -მაინტერესებდა მისი რეაქცია ჩემს ეკიპირებაზე. მივესალმეთ ერთმანეთს, ხელი ჩამოვართვით, კარგად შემომხედა -დაათვალიერა ეკიპირება და უცბად, ხმამაღლა წაიკითხა წარწერა ჩემს მაისურზე „ჯორჯია, სოხუმი".. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი , როცა დავინახე მისი რეაქცია, მივაწოდე სავიზიტო ბარათი, სადაც სტანდარტული მონაცემების გარდა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი მაქვს სოხუმში 1993 წლის 20 თებერვალს დაბომბვის დროს დანგრეული ჩემი სახლის ფოტო და შესაბამისი წარწერით ინგლისურ ენაზე. ჯეიმს აპატურაიმ იმავე წამში დახედა ბარათს, ხმამაღლა თქვა- ჯორჯია, ჟურნალისტ, სოხუმი!.. ამის შემდეგ ვთხოვე ფოტოს გადაღება და ჯეიმსი დამთანხმდა. ჩვენ ისევე სწრაფად და კეთილგანწყობით დავშორდით ერთმანეთს, როგორც შევხვდით. 5 წუთში კი დაიწყო მგზავრების შესვლა თვითფრინავში, ჯეიმსი ბიზნეს-კლასის მგზავრი იყო, მე - ეკონომკლასის, თვითფრინავი სტამბოლში გაფრინდა....აპატურაი და მისი თანხმლები პირი, ალბათ, გააგრძელებდნენ ტრანზიტით ფრენას ბრიუსელში, მე კი საათნახევარში გავაგრძელე ჩემი გზა ბუდაპეშტისკენ, სადაც ამ დღებში იწყება წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. მე 2 თვით ადრე გავიარე ოფიციალური აკრედიტაცია ამ ჩემპიონატზე, როგორც ჟურნალისტმა და ვაპირებ, ამ პირველობის გაშუქებას და აგრეთვე უნგრეთში მცხოვრებ ქართველებთან და საქართველოდან ჩამოსულ ქომაგებთან ერთად მხარი დავუჭირო ჩვენ გუნდს....
რაც შეეხება ნატოს, აპატურაის დასაქართველოს გაერთიანების თემას -მე არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკურ რეალობას მოწყვეტილი. ძალიან კარგად მესმის, რომ ჩემი და ჩვენი სოხუმის (იგულისხმება გაგრა, გუდაუთა, გულრიფში, ოჩამჩირე, გალი, ტყვარჩელი) და აგრეთვე ცხინვალის რეგიონის რეალურ დაბრუნებას ერთიან საქართველოში სჭირდება მასშტაბური, ინტენსიური და მრავალვექტორული მუშაობა და ეს დამოკიდებულია ბევრ გეოპოლიტიკურ ფაქტორზე... ჩემი ეკიპირება კი არის ჩემი გულის და გონების გამომხატველი ნაწილი და მსოფლიოში ყველასთვის მშვიდობიანი შეხსენება, რომ ჩემი სოხუმი არის საქართველოს ნაწილი: ასე არის ეს აღიარებული მსოფლიოს მიერ, ასე არის ეს ჩვენ გულებში და უნდა დადგეს დრო, რომ ეს რეალურად მოხდება მშვიდობიანად, ქართველების, აფხაზების, ოსებისა და სხვა ეროვნების ადამიანების მონაწილეობით.
არავინ იცის, როგორ და როდის მოხდება ეს და რა როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესში გაერომ,ნატომ, ევროკავშირმა და რუსეთმა, დიახ რუსეთმაც, რადგან, რუსეთის პოზიციაზე - გვინდა არ გვინდა, მოგვწონს არ მოგვწონს- ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ საკითხში..როგორ მოხდება დასავლეთისა და რუსეთის პოზიციების, სხვდასხვა გეოპოლიტიკური პროცესების დარეგულირება,დაბალანსება და ამის გათვალისწინებით როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოს გაერთიანების პროცესზე -ეს დღეს ალბათ არავინ იცის ზუსტად, მაგრამ იმედია, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ამ პროცესების კონტურები...
თენგიზ პაჭკორია, თბილისი-სტამბოლი-ბუდაპეშტი, სპეციალურად GHN-სათვის
ფოტო: ჯ. აპატურაი და თ. პაჭკორია თბილისის აეროპორტში