საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მოქალაქეთა ინფორმირება წარმოადგენდა იმ უფასო სამართლებრივი მომსახურებების შესახებ, რასაც იურიდიული დახმარების სამსახურის მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უწევს.
კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელობაზე საქართველოში არსებული სოციალური ფონისა და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით. ირაკლი კობიძემ კი ისაუბრა პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე, რომლებიც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებითა და სამართლებრივი კონსულტაციებით სარგებლობას გაუადვილებთ.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი კობიძემ და ადგილობრივი იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე მომზადებული საინფორმაციო მასალაც დაურიგდათ.
აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებასა და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში (ქუთაისი, ზესტაფონი), სამეგრელოში (ზუგდიდი, ფოთი), რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და აჭარაში ფუნქციონირებს.