"ეროვნული საბჭო" სპორტის სასახლის ადმინისტრაციას უჩივის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საბჭოში შემავალი კონსერვატიული პარტიიდან აცნობეს, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ მათ დარბაზის დათმობაზე უარი უთხრა.
"ეროვნული საბჭოს" ლიდერების შეფასებით, ამით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს საარჩევნო პროცესში ხელი ეშლებათ, რის კონტექსტშიც "კონსერვატორები", "ხალხის პარტია", მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" და საბჭოს შემადგენლობაში შემავალი სხვა პარტიები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართავენ.
"15 მარტს პოლიტიკურმა პარტიებმა - კონსერვატიული პარტია და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებით მივმართეთ სპორტის სასახლის ადმინისტრაციას, რათა საჯარო ღონისძიების გამართვის მიზნით (შესაბამისი თანხის ანაზღაურებით) დაგვთმობოდა სპორტის სასახლის არენა. 16 მარტს უარი გვეთქვა არენის დათმობაზე სასახლეში 28 მარტიდან 13 აპრილამდე მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო", - აცხადებენ "ეროვნულ საბჭოში".
საბჭოს ლიდერები ცესკოსგან შესაბამის რეაგირებას, სპორტის სასახლის ადმინისტრაციისგან კი ინფორმაციას მოითხოვენ იმასთან დაკავშირებით, რა თარიღიდან გახდება სპორტის სასახლის არენა ხელმისაწვდომი საჯარო ღონისძიებების გასამართად.
მასალის გამოყენების პირობები