აშშ-დან საქართველოში გუშინ ჩამოყვანილი, გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი ქართულ საპყრობილეებში არ განთავსდებიან. შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ისინი ქვეყანაში "ჩვეულებრივ იცხოვრებენ".
"გუანტანამოს ყოფილი ტუსაღები საქართველოში ჩვეულებრივ, როგორც სხვა მოქალაქეები ისე იცხოვრებენ, თუმცა მათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის უფლება არ ექნებათ. ეს სამი პიროვნება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან", - განუცხადა უტიაშვილმა "ფრანს პრესს".
თავად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 23 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში კი ნათქვამია, რომ გუანტანამოს ციხის სამი პატიმარი საქართველოს "მეურვეობისა და კონტროლის ქვეშ" იქნებიან.
"დღეს სამი დაკავებული, რომელთან ვინაობა უსაფრთხოებისა და პრივატულობის გამო არ სახელდება, საქართველოს გადაეცა", - ნათქვამია დეპარტამენტის 23 მარტის განცხადებაში.