ENG / RUS       12+

რომან გოცირიძე: მერწმუნეთ, მარგველაშვილი ძალიან გაგვაკვირვებს

რესპოდენტის შესახებ

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას შეეხო. „ ყოველი მხრიდან ისმის უკმაყოფილება და ქილიკი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არებული უთანხმოების (დაპირისპირებას ვერ ვუწოდებ) შესახებ. როგორც ჩანს, ვიღაცებს მოენატრა საბჭოური ერთსულოვნება. არ აღმოჩნდა მარგველაშვილი ისეთი, ზოგს რომ წარმოედგინა. თითქოს გარიყულია და მთავრობა-პარლამენტიც ერთ ხმაში ებუტება. ზედმეტად აფასებენ თავიანთ როლებს. მთავრობის ბედი ზოგადად ყოველთვის ბეწვზე ჰკიდია. პარლამენტის დათხოვნაც არ არის მთლად ძნელი, თუ მათ დღევანდელ სახეს დავაკვირდებით. პრეზიდენტი არჩეულია თავისი ვადით და ამას ვერაფერი შეცვლის. ის არის ყველაზე დაცული დღეს კონსტიტუციურად, პიროვნულად კი სულაც არ არის სუსტი. ასე, რომ, თუ ამ ფაქტს არ გაუწევენ ანგარიშს, მერწმუნეთ, მარგველაშვილი ძალიან გაგვაკვირვებს".

დეტალებზე სასაუბროდ "ჯი-ეიჩ-ენი" რომან გოცირიძეს დაუკავშრიდა:
-ბატონო რომან, იშვიათია ამგვარი შეფასება არსებული უთანხმოების შესახებ. უმეტესებობა იმ აზრისაა, რომ ამით, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, ევროპელ პარტნიორებთან არასოლიდურად, უფრო მეტიც, სასაცილოდ წარმოვჩინდებით.
-არ მიმაჩნია ასე. ევროპას უარესიც უნახავს, მაგრამ არავის მოუვიდოდა აზრად ეთქვა, რომ ეს არადემოკრატიულია ან საჩოთიროა. რამდენი წინააღმდეგობა ყოფილა თუნდაც საფრანგეთში მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. ან ახლო წარსულში, პოლონეთში, ან აგერ ახლა, რუმინეთში. რა გვინდა, ყველა პუტინ-მედვედევივით შეხმატკბილებული იყოს?
ზოგჯერ ეს წინააღმდეგობა კონსტიტუციურად არის წაქეზებული ( იგივე საფრანგეთში), თუმცა არავის მოუთხოვია კონსტიტუციის შეცვლა. ზოგს ეს კონსტიტუციის ხარვეზად შეიძლება მიაჩნდეს, ზოგს პირიქით, ხელისუფლების დანაწილების, ურთიერთკონტროლის ქმედით მექანიზმად.
-თქვენს მიერ აღწერილ შემთხვევებში დაპირისპირება მაშინ ხდება, როცა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სხვადასხვა პარტიები მართავენ. აქ ის არის გასაკვირი, რომ ერთი გუნდის შიგნით არის უთანხმოება.
-გუნდური ურთიერთობის პრინციპი ერთია და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის უფლებამოსილების გამიჯვნა-მეორე. უნდა დაიცვა არა გუნდის ინტერესი, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპი. რა თქმა უნდა, კანონებიც ისე შეიძლება დაიწეროს, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ასეთი წინააღმდეგობა. გვჭირდება კი ეს? 25 წელია, რაც ერთმმართველობის პირობებში ვცხოვრობთ. გამოვცადოთ პლურალისტური ურთიერთობებიც. ვისწავლოთ ჰორიზონტალურად და არა მკაცრად ვერტიკალური მართვის სისტემის აგება. აი, როცა სასამართლო დადგება თავის სიმაღლეზე და ყველა ხელისუფალს, მათ შორის მმართველ ძალასაც ექნება შიში ნამდვილი სამართლის წინაშე, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცისთვის მიგვიღწევია. ვინ წარმოიდგენდა იმას, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში იტალიის ფაქტობრივი მმართველმა, მედიამაგნატმა, მილიარდერმა, გავლენიანი მეგობრების პატრონმა ( პუტინი თუნდაც) , დღეს უკვე სასჯელმისჯილმა სილვიო ბერლუსკონიმ ერთი წლის განმავლობაში იატაკი უნდა ხეხოს რომის მოხუცთა თავშესაფარში? რომ არა ასაკი, უარესსაც მიუსჯიდდნენ. აი, ეს არის დემოკრატია.
დემოკრატიამ სიურპრიზებიც იცის, გაკვირვებაც. ჩვენ არ გვიკვირს პოლიტიკოსების კამათი. დეპუტატების ჩხუბიც კი მოგვწონს, აი რანგით უფრო მაღლა მდგომების-არა. ესეც საბჭოური გადმონაშთია, ცეკას მდივნებისადმი არაცნობიერი მოწიწების სინდრომი. ვერ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიის პირობებში ჩვენ ვქმნით ლიდერებს და ჩვენვე ვიცილებთ თავიდან საჭირო დროს და საჭირო გარემოებაში. არ მეგულება ათასი გამოკითხულიდან ორი ადამიანიც კი, რომელიც ჩამოთვლის დამოუკიდებელი საქართველოს ყველა პრემიერ-მინისტრს. ვერც დღევანდელი პარლამენტარების 90 პროცენტი შეძლებს ამას. როგორც მოპასანი იტყოდა, მინისტრები მიდიან და მოდიან. თუმცა რაღა მოპასანს მივადექი, დიდი შოთა რუსთაველი არ ამბობდა, „ იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსაო"? ცოტა მსუბუქად უნდა მივუდგეთ პოლიტიკურ პერსონებს და თუნდაც მათ კინკლაობას. დღეს არიან, ხვალ არა.
-ხომ არ არის ეს განპირობებული, პრინციპით: „ნაგავი გარეთ არ უნდა გამოვიტანოთ"?
რაღაც მასე გამოდის. ჩვენ ნუ გვაჩვენებენო, სადაო საკითხები გარეთ ნუ გამოაქვთო, კულისებმიღმა პოლიტიკა გვინდაო. თურმე რა სუსტი გული ჰქონიათ. ნერვებს ნუ გვიშლითო, აცხადებს ექსპერტ-პოლიტიკოს-გულჩვილთა საზოგადოება. უნდა გვიხაროდეს, რომ კაბინეტური, ხალხის ზურგსუკან წარმოებული პოლიტიკის ნაცვლად ღიად მიდის მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე. ხოლო საბოლოოდ ამ დავაში ვინაა მტყუანი და ვინ მართალი, ამ დასკვნას ხალხი თავად გააკეთებს. მეჩემი დაკვნა მე უკვე გამოვიტანე.

ავტორი: . .