დღეს, 23 მარტს, 13:30 საათზე ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გაიმართება.
პლენუმი განიხილავს საქმეს „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". დავის საგანია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის სიტყვების: „საქართველოში მცხოვრებ" და „საქართველოს" (რომელიც გრძელდება სიტყვებით „იურიდიულ პირებს") კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მიხედვით კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება არა აქვთ: ფიზიკურ პირებს, თუ ისინი არ ცხოვრობენ საქართველოში, აგრეთვე იურიდიულ პირებს, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ „საქართველოს კონსტიტუციის" 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმადაც, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებისა და თავისუფლების დასაცავად მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მოსარჩელის აზრით, ყველა პირს, ვისზეც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.