ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაური თბილისში დღეს, 23 მარტს, 18:00 საათისთვის ჩამოფრინდება.
ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის გიორგი შავიშვილი დაკავების ინციდენტი დანარჩენების სამშობლოში დაბრუნების თარიღზე არ აისახება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის დაკავების დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ადგილზე არკვევს. რაც შეეხება დანარჩენ 12 მეზღვაურს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინციდენტის მიუხედავად, მათი სამშობლოში დაბრუნების თარიღი არ შეიცვლება", _ აცხადებენ ვაშაძის უწყებაში.
ქართველი მეზღვაურის დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია საქართველო-ფილიპინების ბიზნესასოციაციამ გავრცელა. მათი ინფორმაციით, შავიშვილი ქალაქ მანილას აეროპორტში საქართველოში გამომგზავრების წინ აიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურის დაკავების მიზეზი მისი გემის კაპიტანთან ახლო ურთიერთობა გახდა, რომელიც იარაღის კონტრბანდის ბრალდებითაა დაკავებული.
დანარჩენი 12 მეზღვაური თბილისში დოჰასა და სტამბულის გავლით 18:00 საათისთვის უნდა დაბრუნდეს.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.