რუსეთის ტერიტორიაზე "რისხვის დღე" მიმდინარეობს. არიან დაკავებულები. დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 60 ადამიანი, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვშია. რუსეთში მიმდინარე მიტინგების მთავარი ლოზუნგია "პუტინი უნდა წავიდეს!". მიტინგის მონაწილეები მოსკოვის გარდა, ასევე დააკავეს არხანგელსკსა და ნოვოსიბირსკში.
მოსკოველმა სამართალდამცავებმა მოსკოვში პუშკინის მოედანზე აქციის მონაწილეებს მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ მომიტინგეებმა ტრუბნოის მოედანზე გადაინაცვლეს და მიტინგი იქ გამართეს. აღნიშნული მოედანი რუსი სამართალდამცავების მიერ ალყაშემორტყმულია.
სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე, რუსული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 1000 ადამიანი შეიკრიბა.
ბარნაულში, მათივე ინფორმაციით _ 500 ადამიანი, ომსკში _ 150 ადამიანი, ნოვოსიბირსკში გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, აკავებდნენ ასევე ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც მიტინგზე მიემართებოდნენ. რუსული მედია იუწყება, რომ ამ მიტინგში მონაწილეობა 200 მდე ადამიანმა მიიღო. ყაზანში გამართულ მიტინგზე 200 ადამიანი შეიკრიბა. კალინინგრადში აქციის მონაწილეთა რაოდენობა 5 000 ადამიანი იყო. აღსანიშნავია, რომ აქციების ორგანიზატორთა განცხადებით აქციებზე მოსული ადამიანების რაოდენობა, გაცილებით იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას ოფიციალური წყაროები იტყობინებიან.