ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დღეისთვის დაგეგმილი მიტინგების წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს.
ამის შესახებ განცხადება სენატორის ოფიციალური ვებ-გვერდზე განთავსდა, რომელიც მაკკეინმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"რუსული ოპოზიციის მიერ მთელ რუსეთში დაგეგმილი მიტინგები სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული, რამდენადაც ხელისუფლებამ შესაძლოა, მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით დაშალოს. რუსეთში ადამიანის უფლებების მამაცი დამცველებისთვის უნდა ვილოცოთ და სახალხოდ დავუჭიროთ მხარი იმ დროს, როცა ისინი პროტესტს გამოხატავენ. ამ მამაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნისთვის სიკეთე სურთ. მათ სურთ, ჰყავდეთ ხელისუფლება, რომელიც არა მხოლოდ ძლიერი, არამედ სამართლიანი, მშვიდობიანი და დემოკრატიულიც იქნება", - აღნიშნა სენატორმა.
რუსული ოპოზიცია დღეს რუსეთის 50 ქალაქში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს, რომელთა სახელწოდებაა - ~რისხვის დღე~. რუსული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს, არ დაუშვას მასობრივი აქციები.