ENG / RUS       12+

რატომ იშინებს თავს შინაგან საქმეთა მინისტრი?

ალექსანდრე ჭიკაიძე, ალბათ, მსოფლიოში შინაგან საქმეთა ყველაზე ახალგაზრდა მინისტრია. ისევე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. ახალგაზრდობის მთავარი თვისება კი გამოუცდელობაა. ეს იმგვარი ფენომენია, რომელსაც მხოლოდ ნიჭითა და ჭკუით ვერ დაეუფლები. როგორი ნიჭიერი და ჭკვიანიც არ უნდა იყო, თუ გამოცდილება გაკლია, შეცდომებს აუცილებლად დაუშვებ.

რითაც არ უნდა ყოფილიყო განპირობებული ჭიკაიძის განცხადება და რა მოსაზრებებიც არ უნდა ჰქონოდა, მისმა ფრაზებმა საქართველოში მორიგი "მაიდანისა" თუ "მოედნის" მომზადების შესახებ, უკვე უდიდესი ზიანი მიაყენა ხელისუფლებას, რადგან ისე გამოვიდა, რომ დღევანდელი მთავრობა იგივე "იანუკოვიჩია".

აქ მთავარი "ევროასოცირებაზე" ხელის მოწერა-არმოწერა კი არ არის (ცხადია, ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობა ასეთ კატასტროფულ შეცდომას არ დაუშვებს და ხელმოწერაზე უარს არ იტყვის), არამედ დისკურსი, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრმა უნებლიეთ მოათავსა საკუთარი ხელისუფლება, ანუ "ქართული ოცნება".

იყო და არა იყო რა, იყო რეფორმატორი, არაკორუმპირებული, არაპოსტსაბჭოური ხელისუფლებები უკრაინაში (იუშჩენკოს სახით) და საქართველოში (მიშას სახით), ისინი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ 2003-2004 წლების რევოლუციათა შედეგად, მაგრამ პოსტსაბჭოურმა ელიტამ, ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსი ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის სახით, სულ მალე აიღო რევანში, არჩევნებით(!) დაამარცხა "რევოლუციური ხელისუფლებები", მაგრამ უკრაინაში წელს ისევ მოხდა რევოლუცია და პროდასავლურმა ძალებმა ანტიეროვნული, მოღალატე მთავრობა კვლავ დაამხვეს.

დღეს კი, მინისტრის აზრით, იგივე მზადდება საქართველოშიც. ესე იგი, რევოლუციონერები ივანიშვილის დანატოვარ მთავრობას ისევე უპირებენ დამხობას, როგორც უკრაინელებმა დაამხვეს პუტინის მარიონეტი იანუკოვიჩი. გამოდის, მიშა და მისი თანამებრძოლები, რომლებიც ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ სწორედ ამ დისკურსს ავითარებდნენ, ყველაფერში მართლები ყოფილან!

"ამის თქმა არ უნდოდაო". მთავარი ის კი არ არის, რის თქმა უნდოდა, არამედ რა გამოუვიდა, თორემ ნებისმიერი დასავლელი დიპლომატი, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრის ამ ფრაზას წაიკითხავს, სწორედ ასეთ დასკვნამდე მივა: მიშა არის პროგრესული ძალა, ხოლო "ქართული ოცნება" კოლექტიური იანუკოვიჩი, რომლის რევოლუციით დამხობას დასავლეთმა აქტიურად დაუჭირა მხარი.

არადა, აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ქმნის მინისტრი ასეთ შთაბეჭდილებას და რატომ იტკივებს (უფრო სწორად, "ოცნებას" რატომ ატკივებს) აუტკივარ თავს მაშინ, როდესაც სინამდვილეში, არანაირი ანალოგია უკრაინულ სიტუაციასთან არ არსებობს?

ვიქტორ იუშჩენკოს "დედალმაშო" მმართველობა არაფრით ჰგავდა მიშას ეპოქას საქართველოში, გარდა რევოლუციური წარმომავლობისა. იუშჩენკომ ვერანაირი რეფორმები ვერ გაატარა, ტიმოშენკოსთან კინკლაობას გადაყვა, გავლენიანი სოციალური ჯგუფები არ გაუნაწყენებია, ათიათასობით პოლიციელი უმუშევრად ქუჩებში არ გაუყრია, ციხეები არ გაუვსია, შევარდნაძის დროს კუპონებად "პრიხვატიზებული" ბიზნესები არ "აუხევია", შესაბამისად, არანაირი განსაკუთრებული სიძულვილი მის წინააღმდეგ არ იგრძნობოდა.

უკრაინულ "ნარინჯისფერ რევოლუციას" არ ჰყავდა მოსისხლე მტრები. ამიტომაც განმეორდა ის ათიოდე წლის შემდეგ. სულ სხვა სიტუაციაა საქართველოში: ნებისმიერი მცდელობა, "ვარდების რევოლუციის" განმეორებისა, აუცილებლად წააწყდება ათასობით გაავებული ადამიანის ფანატიკურ წინააღმდეგობას. პოლიციას ძალის გამოყენებაც არ დასჭირდება - ათიათასობით ამნისტირებული პატიმარი, მათ შორის იმის შიშით, "ვაითუ ნაციონალებმა უკან შეგვაბრუნონ ციხეშიო", ხელკეტებს აიღებს და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებმება. შესაბამისი ლიდერებიც ეყოლებათ. თუნდაც ნინო ბურჯანაძის სახით, რომელიც ჟანა დ'არკივით წარუძღვება გავეშებულ მასას და თბილისის ცენტრი სისხლით მორწყულ ბრძოლის ველს დაემსგავსება.

ეს შესანიშნავად იცის მიშამ. ისევე, როგორც იციან მისმა ჭკვიანმა და გამოცდილმა თანამებრძოლებმა "ნაციონალური მოძრაობიდან". ამიტომაც არავითარ "მაიდანს" ისინი თბილისში არ გეგმავენ და ვერც დაგეგმავენ. ყოველ შემთხვევაში უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში მაინც, სანამ ხელისუფლების არაქმედითობით იმედგაცრუებული მასის გულგრილობა აგრესიად არ გადაიქცევა, როგორც შევარდნაძის 10-წლიანი მმართველობის დასალიერს.

აქედან გამომდინარე, "მეოცნებე მინისტრთა" და, მთლიანად, ხელისუფლების ამოცანა, ალბათ, უფრო იმ პროცესთა მონიტორინგი უნდა იყოს, რომლებიც საზოგადოებაში მრისხანების მტევნებს ამწიფებენ. მხოლოდ დაჭერებით ეს გუნდი ფონს ნამდვილად ვერ გავა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გიგა ბოკერიას პროკურატურაში შესვლამდე, მისმა ცოლმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, ის ისეთივე მედიდურად - მონარქიული ჟესტით მიიზიდა ბაგეებში საამბოროდ, როგორც ინგლისელმა პრინცესა ჰენრიეტამ - ჰერცოგი დე გიში. თან ხელისუფალთ დაემუქრა: ბიძინა ივანიშვილსა და მის პაჟს (Page - ფრანგულად "მსახური ბიჭუნა"), - ირაკლი ღარიბაშვილს, ჯოჯოხეთს მოვუწყობო.

პაჟი შუასაუკუნოვან ევროპაში უეჭველად, გამონაკლისის გარეშე, აზნაური უნდა ყოფილიყო. თანაც ძველი და დიდებული გვარიდან. ის მონარქს ემსახურებოდა, ხოლო სამეფო კარზე მსახურად გამწესება რაინდობის პირველ საფეხურსაც წარმოადგენდა. ამდენად, პაჟი საამაყო სტატუსი იყო და სამარცხვინოდ იმ დროს მას არავინ მიიჩნევდა. უფრო პირიქით. თუმცა, თამარ ჩერგოლეიშვილი, ალბათ, გულისხმობდა, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში შუასაუკუნოვანი ევროპული ტრადიციების აღორძინება არცთუ მისაღები პრაქტიკაა. თორემ იყო დრო, როცა ჰერცოგთა მეუღლეებიც კი დიდ პატივად თვლიდნენ დედოფალ ანა ავსტრიელის ნასუფრალი მიერთვათ. მაგრამ მას შემდეგ სენაში ბევრმა წყალმა ჩაიარა. ისევე, როგორც მტკვარში.

შინაარსობრივად, გიგა ბოკერიას დაბარება ლობისტური საქმიანობის გამო, აშკარად თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა. განსხვავებით მერაბიშვილისა და ახალაიების საქმეებისგან, სადაც პროკურატურა ფაქტზე დაობდა, აქ ინტერპრეტაციაზე დაობს. ანუ ჰქონდა თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს უფლება, მილიონობით ლარი დაეხარჯა ბიუჯეტიდან ლობისტური საქმიანობისთვის? გამოძიებას მიაჩნია, რომ არ ჰქონდა, რაკი ეს თანხები სააკაშვილის "პირად პიარს" ხმარდებოდა.

მაგრამ სად გადის ზღვარი პრეზიდენტ სააკაშვილის "პირად პიარსა" და ქვეყნის პრომოუშენს შორის? პროკურატურას კანონით არ ევალება, ეს არკვიოს ან, აქედან გამომდინარე, სამართლებრივი დასკვნები აკეთოს.

ამაზე დავა ისეთივე უაზრობაა, როგორც სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება: "მსჯავრდადებულები რატომ შეიწყალეო". შეიწყალა იმიტომ და იმდენად, რომ ჰქონდა ამის უფლება. სხვა ყველაფერი უკვე სუბიექტური შეხედულება და ინტერპრეტაციაა.

რატომ აჩუქა (თუ მართლა აჩუქა) სააკაშვილმა დეპუტატ ქალბატონს ოქროს სამკაული ან რატომ გადასცა საკუთარ ბიძას სახელმწიფო ქონება - ბევრად ლეგიტიმური კითხვებია. მაგრამ "ლობიზმზე ფულს რატომ ხარჯავდითო" - სამართლებრივად სრულიად უპერსპექტივო საქმეა, ვინაიდან ბრალდებულს ყოველთვის ექნება საშუალება, ამტკიცოს, რომ ეს ქვეყნის პრომოუშენი იყო და არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ან პრეზიდენტისა. საწინააღმდეგოს დამტკიცება კი ბრალდებას გაუჭირდება.

გიგა ბოკერიას თანხების მითვისებაში არ ადანაშაულებენ. "გაფლანგვა" და "მითვისება" ერთი და იგივე არ არის, იმის მიუხედავადაც კი, რომ სისხლის სამართლის მოქმედმა კოდექსმა ისინი დემაგოგიურად "დააწყვილა". და თუ ხელისუფლებას ძალიან უნდა, ბოკერია "საერთაშორისო ხატად" აქციოს, ამას მიაღწევს კიდეც. დავაკვირდეთ დასავლეთის უპრეცედენტოდ მწვავე რეაქციას: ასეთი განცხადებები, თან ესოდენ მაღალ დონეზე, მერაბიშვილის დაპატიმრების შემდეგაც კი არ გაკეთებულა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებას სჭირდება თავდაჯერებულობისა და "გამკეთებლობის" დემონსტრირება არჩევნების წინ, თორემ თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა შეიძლება პირველივე ტურში ვერც გაიმარჯვოს, მაგრამ "ოცნებას" თანდათან ეპარება ზღვარი, როდესაც მაყურებელს (ანუ, საზოგადოებას, ამომრჩეველს) ეს ყოველივე უკვე ყირჭდება და ლეგიტიმურობის დასადასტურებლად სხვა მიღწევებსაც ითხოვს. მაგალითად, ეკონომიკის სფეროში.

"დაჭერები" წინა ხელისუფლებასაც კარგად გამოსდიოდა. უფრო სწორედ, იმას გამოსდიოდა თუ გამოსდიოდა. მით უმეტეს, ოქრუაშვილის დროს. სხვაობა ისაა, რომ "ნაციონალებს", ამას გარდა, კიდევ ზოგიერთი სხვა რამეც გამოსდიოდათ კარგად, რისი ილუსტრაციაცაა ახლახან ხელახლა გახსნილი იუსტიციის სახლი და ასე შემდეგ.

"ოცნების" მთავრობა კი "ჩაიციკლა" დაჭერებში იმ დროს, როცა მისი მხარდამჭერების სოციალური შეკვეთაც კი (მით უმეტეს, უფრო ფართო საზოგადოებისა) თანდათან ტრანსფორმირდება სხვა მიმართულებებით პროგრესის მოთხოვნად. "ნაციონალებს" ეს ვითარება უკვე აწყობთ კიდეც, რაკი 2012-2013 წლებისგან განსხვავებით, ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს ამ რესურსის გამოყენება, რისი კლასიკური მაგალითიცაა შალვა თათუხაშვილის საქმე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ მიშას თანამებრძოლი ოპოზიცია ამ საქმეში არაობიექტურია, ტენდენციურია, მიუკერძოებელია და სკანდალის მოწყობას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, "შანსის გამოყენებას" ცდილობს, - ამით თავს ვერავინ იმართლებს, ვინაიდან ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ზუსტად ასევე არაობიექტური, მიკერძოებული და შანსს გამოკიდებული იყო დღევანდელი ხელისუფლებაც ოპოზიციონერობისას - გახმაურებულ საქმეთა პოლიტიზების დროს.

რა, განა თქვენ არ იყენებდით შესაძლებლობას, ხელისუფლება გაგეშავებინათ, როცა გასაშავებელი იყო? თუ იმავე "ციხის კადრებთან" დაკავშირებულ საქმეზე ან სხვა გახმაურებულ ინციდენტებზე არ არსებობდა კითხვის ნიშნები, რომელთა დასმა იმდროინდელ ოპოზიციურ "მეინსტრიმს" ეწინააღმდეგებოდა?

კომიკურია, მაგრამ, როგორც ჩანს, "ნაციონალური ოპოზიციის" ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას უფრო ელოდნენ. არადა, ქართველი საზოგადოება ხომ არ შეცვლილა? ის ძნელად იჯერებს არაკონსპიროლოგიურ სიმართლეს, მაშინ, როდესაც აქვს შანსი (პოლიტიკური კლასი ამგვარ შანსს არ მოაკლებს) ყოველივე "შეთქმულებით" ახსნას. ასეთია ქართველი საზოგადოების მენტალობა, რაც, ალბათ, ჩვენი ეთნოფსიქოლოგიიდან მომდინარეობს.

რაც ყველაზე კომიკურია, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამ ბრალდებებზე ისე რეაგირებს, თითქოს ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც ხელისუფლებაში იყოს.

სოზარ სუბარმა საოცრება თქვა: ფსიქოლოგიური ზეწოლა გამართლებულიცაა. აბა, თუ არ მიაწექი, მოწმე თავისი ნებით, რა თქმა უნდა, არავის ჩაუშვებსო. ორიოდე წლის წინათ ამას იტყოდა?

პრეზიდენტ მარგველაშვილს რომ ვეტო დაედო გახმაურებული კანონისთვის და მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლოზე ყოფილიყო შესაძლებელი - შალვა თათუხაშვილი დღეს ცოცხალი იქნებოდა! მაგრამ ეს გაართულებდა "სამართლიანობის აღდგენის" ყბადაღებულ პროცესს, ესე იგი დაჭერებს, ანუ იმ ერთადერთს, რაც ხელისუფლებას ჯერ კიდევ "გამოსდის". ამის დაშვება კი მას არ შეეძლო.

მოწმის წინასასამართლო დაკითხვა ერთ-ერთი უკანასკნელი ძაფია, რომელიც დღევანდელ საქართველოს კომუნისტურ წარსულთან აკავშირებს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი რამ არ ხდება - მოწმე იკითხება სასამართლოზე, სადაც ის დებს ფიცს, რომ ილაპარაკებს მხოლოდ სიმართლეს, ხოლო თუ ტყუილს იტყვის და ამას დაუმტკიცებენ, ჩაჯდება ციხეში. ესაა ერთადერთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელიც ცივილიზებულ ქვეყნებს დასაშვებად და ნორმალურად მიაჩნიათ.

ხოლო ის, რომ საქართველოში ამგვარი მეთოდი უკმარისად ითვლება, სამართალდამცავი სისტემის ნაკლები პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ამ სისტემას კი მუდამ, ყოველთვის, ყველგან აქვს ცდუნება, პროფესიონალიზმის ნაკლებობა სამართლებრივი კომფორტით აინაზღაუროს. მოწმის წინასასამართლო დაკითხვაც ერთ-ერთი ასეთი "კომფორტია".

მეორე მხრივ, საეჭვოა, "შალვა თათუხაშვილის საქმე" რაიმე სერიოზულში გადაიზარდოს. "გირგვლიანი" და "რობაქიძე" ამ საქმიდან არ გამოვა. არ გამოვა, რადგან, ჯერ ერთი, ტიპაჟია სხვა. მეორეც, გარემოებებია განსხვავებული და, რაც მთავარია, ხელისუფლებაც მეტისმეტად "ახალია". შეგახსენებთ, რომ გირგვლიანისა და რობაქიძის ტრაგედიები 2004-2005 წლებში დატრიალდა, მაგრამ შესაბამისი შედეგი მხოლოდ 9 წლის შემდეგ დადგა.

ამდენად, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, ძალისმიერ სტრუქტურათა პროფესიონალიზმი უზრუნველყოს და ამგვარი ტრაგიკული ექსცესები გამორიცხოს: მოწმეთა მხოლოდ სასამართლოზე დაკითხვა ბევრად ნაკლებ ზიანს მოიტანს, ვიდრე "თათუხაშვილის" რეზონანსულმა საქმემ მოიტანა.

ხოლო ის, რომ ხელისუფლება ამას ვერ ამჩნევს და ვერ ხვდება, ბევრად უარესია, ვიდრე შინაგან საქმეთა ახალგაზრდა მინისტრის მოსალოდნელი გულწრფელობა.

 

ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი"

ავტორი: . .