რესპოდენტის შესახებ
ექსპერტის ვარაუდით, როგორც ჩანს, წინასწარი მუშაობა მიმდის იმისთვის, რომ საქართველოს მხრიდან ნატოსკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას რუსეთი მომზადებული შეხვდეს.
_ ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ჯავახეთში მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების აქტიურად დარიგების თაობაზე. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?
_ ვფლობ ამ ინფორმაციას. ეს ის პროცესია, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა, ხოლო ბოლო დროს, ჩემი ინფორმაციითაც, ძალიან გააქტიურდა.
ეს ადრეც მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს. მე ამ ღონისძიებას მონიტორინგს ვუტარებ დაახლოებით 2006 წლიდან. მაშინ ამაში ჩართული იყო არა რუსეთის საელჩო, პირველ რიგში, არამედ საქართველოს ხელისუფლება და გეტყვით, როგორც ხდებოდა ეს:
2006 წლის მარტ-აპრილში ჩემი თვალით ვაკვირდებოდი ამ პროცესს. ეს ხდებოდა ასე: სომხური მოსახლეობის ერთი ნაწილი გადიოდა საქართველოს მოქალაქეობიდან, ჩადიოდა ერევანში, იქ იღებდა რუსეთის მოქალაქეობას გარკვეული ანაზღაურების საფასურად, ბრუნდებოდა უკან და აქ ისევ იღებდა საქართველოს მოქალაქეობას. და ეს ყველაფერი ჯგუფურად კეთდებოდა, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ამბავი ხდებოდა.
_ ვინმე ახსნას მოითხოვდა ჯავახეთის მოსახლეობისგან მათი ამგვარი საქციელის გამო?
_ ჯავახეთის მოსახლეობა ამბობდა, ამას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან და იქიდან გამომდინარე ვაკეთებთ, რომ რუსეთთან საზღვრები ჩაკეტილიაო. ამბობდნენ, რომ ისინი რუსეთში გასვლას სხვანაირად ვერ ახერხებდნენ.
იშველიებდნენ ეკონომიკურ საფუძველს. ახლაც იგივეს იშველიებენ, თქვენ რა გგონიათ. თან, მით უმეტეს, ახლა რუსეთში მუშაობს თანამემამულეთა პროგრამა, რომელიც გულისხმობს ადამიანების ერთი ნაწილის ჩასახლებას რუსეთის ტერიტორიაზე. ჯავახეთის მოსახლეობის ერთი ნაწილი, ახალგაზრდები, სხვათა შორის, მიდიან იქ საცხოვრებლად და იღებენ კიდეც რუსეთის პასპორტს.
_ შეიძლება ეს ხალხი მომავალში გამოიყენონ?
_ აი, ეს უკვე სხვა საკითხია, როგორ გამოიყენებს ამას რუსეთი მომავალში. ფაქტია, რომ პასპორტების დარიგების პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
_ ანუ ახლა ჯავახეთში რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ?
_ რასაკვირველია. ახლა ჯავახეთში არის რუსეთის მოქალაქეების გარკვეული ნაწილი. რუსეთის მოქალაქეებიც არიან, სომხეთის მოქალაქეებიც და ზოგადად, ორმაგი მოქალაქეობა აქვს ძალიან ბევრს.
ხოლო გამოიყენებს თუ არა რუსეთი ამას სათავისოდ, ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
რუსული ფაქტორი იქ ყოველთვის იყო და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში ცხოვრობს 100 ათასზე მეტი, შეიძლება 200 ათასამდე რუსეთის მოქალაქე სხვადასხვა რეგიონში, არა მხოლოდ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, არამედ აჭარაში, სამეგრელოში, თბილისში...
_ გამოდის, რომ ჯავახეთში არსებულ არცთუ მარტივ ვითარებაში ახალი ქვედინებები გაჩნდა. რისთვის ხდება ეს ყველაფერი?
_ ახალი ქვედინებები გაჩნდა, რასაკვირველია. როგორც ჩანს, წინასწარი მუშაობა მიმდინარეობს, რომ, თუ საქართველომ მაინც გადადგა ნატოსკენ ნაბიჯი, ამისთვის მზად იყოს რუსეთი _ მზად იყოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ყოველ შემთხვევაში მოსახლეობის ერთი ნაწილის მხარდაჭერის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, ეს მუშაობა მიდის.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ყირიმის მოვლენებმა სიტუაცია შეცვალა. აქედან გამომდინარე, ბევრ ისეთ თემაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომლებზეც აქამდე ან არ ლაპარაკობდნენ, ან თუ ლაპარაკობდნენ, ეს ხაზგასმული არ ყოფილა.
დღეს საზოგადოებისთვის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ნაკლებად ცნობილია, რომ უამრავმა ჯგუფმა თუ რეგიონმა გადადგა პოლიტიკური ნაბიჯი _ ზოგი რუსეთთან შეერთებას მოითხოვს, ზოგი პირიქით, მისგან დისტანცირებას. მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში მცხოვრები რუსები მოითხოვენ რუსეთთან შეერთებას, ყირიმელი თათრები კი, პირიქით, უარს ამბობენ კატეგორიულად, რომ მათ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იცხოვრონ.
ასე რომ, ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი წიაღსვლაა და მათ შორის საქართველოშიც.
საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მზად უნდა იყოს ნებისმიერი ექსცესისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური ვექტორი განსაზღვრული გვაქვს დასავლეთისკენ.
დასავლეთისკენ სვლა ერთია და ნატოში გაწევრიანება, ვთქვათ, ამის თანხვედრია.
ნატოში გაწევრიანების პროცესში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ გარკვეული ხიფათი გველის და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ეს მხოლოდ ჯავახეთის თემა არ არის _ თრიალეთის ოსეთის საკითხი ნუ დაგვავიწყდება, ყაზბეგის რაიონს თრუსოს ხეობასა და ზოგიერთ სხვას ეხება.
ბევრი ხიფათი და გამოწვევაა საქართველოს წინაშე ამ კონტექსტში და ჩვენ ამ ხიფათებისა და გამოწვევების ლიკვიდაციასა და შემსუბუქებაზე უნდა ვიზრუნოთ, ყველამ ერთად.
რამდენად ორიენტირებულია ამაზე ქართული სახელმწიფო, ხელისუფლება და საზოგადოება, ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ჩემთვის.
_ ანუ მზადყოფნა არ არის?
_ ვერ გეტყვით, არ ვიცი, ვერ ვხედავ ამ კონსოლიდირებას.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე