ხვალ, 19 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი პოლიტიკური პარტიის, ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორების სახელით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს შეიტანს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ითხოვს საარჩევნო კოდექსის 761-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოიყენოს: საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის შენობა, საკომუნიკაციო საშუალებები, საინფორმაციო მომსახურების და სხვადასხვა სახის ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი შესაძლებლობას აძლევს საჯარო მოსამსახურეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოიყენოს სამსახურებრივი ავტომანქანა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ზემოხსენებული მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებას.