უზენაესი სასამართლოს თავმჯდმარე, კოტე კუბლაშვილი დღეს 25-მდე ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის მიზანი საქართველოში აკრედიტირებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სასამართლოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი შეფასება იყო. 2010 წელს რეფორმების დიდი ნაწილი დასრულებულად გამოცხადდა, დღევანდელ შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა ხუთწლიანი რეფორმაზე, თუ რა მდგომარეობაა ახლა და რა იგეგმება მომავალში.
კოტე კუბლაშვილის განმარტებით, 2006-2007 წლებში წელიწადში ორჯერ რეგულარულად იმართებოდა მსგავსი შეხვედრები.
“2008 წელს ცნობილი ომის გამო ჩვენი შეხვედრები შეჩერდა და წელს ისევ აღდგა. პირველი შეხვედრა ახლა მოეწყო მას შემდეგ.”
მისი თქმით, დიპლომატებმა სერიოზული წინადადები წამოაყენეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის ფარგლებში ორი პირობაა შესასრულებელი. ესაა, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედება.
ევროკავშირის დელეგაციეს წარმომადგენელმა, რობინ ლიდერმა უპირველეს ამოცანად საქართველოში კანონის უზენაესობა დასახა.
“შეხვედრაზე განვიხილეთ რეფორმები, შედეგები, ის წინააღმდეგობები, რაც ამ რეფორმის განხორციელებას აღუდგა წინ,” – განაცხადა ბატონმა ლიდერმა.
შეხვედრის მონაწილე ელჩებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები