რესპოდენტის შესახებ
„აფხაზეთის წარსულში მოხსენიება ჩვენთვის წარმოუდგენელია. ის არის ჩვენი მომავალი, ჩვენი საზრუნავი და ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ. ამ მხრივ ჩვენს მენტალობაში არაფერი შეცვლილა".
- რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 70 წლის იუბილეს მთელი საქართველო აღნიშნავს. რამდენადაც ვიცი, ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობა მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. როგორ ემზადებოდით ამ თარიღისათვის?
ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესადმი მზადება ჩვენ რეალურად იანვრიდან დავიწყეთ. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის გასვლით სხდომაზე მივიღეთ. შევქმენით საიუბილეო კომისია, სადაც ჩავრთეთ ჩვენი ყველა უწყება.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის, ეროვნული პოლიტიკური აკადემიის და ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სადაც ჟიული შარტავა სწავლობდა, მხარდაჭერისთვის ერთობლივი თხოვნით მივმართეთ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო დღეებმა მასშტაბური სახე და საერთო სახალხო ხასიათი მიიღოს.
ვფიქრობ, მარტის დღეებში დაგეგმილი ღონისძიებები განაპირობებს კიდეც მის სახალხო ხასიათს. ჟიული შარტავა დაიღუპა ქართველებისა და აფხაზების ერთიანობისათვის ბრძოლაში. ქართველი და აფხაზი მისთვის ერთიანი საქართველოს სიმბოლო იყო. არასოდეს დაუცალკევებია ისინი. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, ახალგაზრდობამ, მოზარდებმა, მომავალმა თაობამ უფრო მეტი იცოდეს ჭეშმარიტი გმირების შესახებ. პატრიოტიზმი ადამიანის ყველაზე სათუთი გრძნობაა. ის ყველა ადამიანში ღრმად არის ჩაბუდებული.
აფხაზეთის ტრაგედიამ უამრავი ქართველი პატრიოტის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო ჟიული შარტავაც, რომელსაც გვინდა დამსახურებული პატივი მივაგოთ იმ თავდადებისთვის, რომელიც სამშობლოს წინაშე აქვს. მასთან ერთად კი ვიხსენებთ ყველა მათგანს, ვინც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის უთანასწორო ბრძოლას შეეწირა. ეს განწყობა გვინდა მთელ საქართველოს გადაედოს.
არ შეიძლება ჩვენი გმირები წარსულს ჩავაბაროთ, ისტორიის ფურცლებს მივანდოთ, ჩვენ კი მშვიდი ცხოვრება განვაგრძოთ. ჩვენი გმირები ჩვენთან ერთად უნდა თანაარსებობდნენ.
აფხაზეთის წარსულში მოხსენიება ჩვენთვის წარმოუდგენელია. ის არის ჩვენი მომავალი, ჩვენი საზრუნავი და ჩვენი ხვალინდელი დღე. ამ განწყობით გადმოვიხვეწეთ აფხაზეთიდან და ასე გაგრძელდება მუდამ. ამ მხრივ ჩვენს მენტალობაში არაფერი შეცვლილა.
- ბატონო ვახტანგ, როგორია მარტის დღეების ღონისძიებების თანმიმდევრობა. იქნებ მათი შინაარსი გაგვაცნოთ?
ჟიული შარტავა საქართველოს ეროვნული გმირია. ის პირველია, ვისაც დამოუკედებელ საქართველოში ეს წოდება მიენიჭა. ჟიული გახლდათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1993 წელს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ 2013 წლის 27 ოქტომბერს, ჟიული შარტავა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.
ჩვენი სახელოვანი გმირის პატივსაცემად დაგეგმილი ღონისძიებები უკვე დაწყებულია და ყოველი მათგანი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
2 მარტს ჟიული შარტავას სახელობის საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა აფხაზეთიდან დევნილ ახალგარზდა მოჭადრაკეებს შორის, რომლებიც ამ დღეს თბილისში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად. მათ სიგელები, ჯილდოები, საჩუქრები გადასცეს მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა, საქართველოს სპორტისა და ახალგარზდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქრთველოს ოლიმპიურის კომიტეტის გენერალურიმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და სხვა მრავალმა სახელოვანმა ადამიანმა. მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება შეჯიბრებები ჭადრაკში და სხვა სპორტულ ღონისძიებებში.
სკოლებში გაიმართება თხზულებების კონკურსი პატრიოტულ თემებზე. გამოიცემა წიგნები, რომელიც აფხაზეთის ომზე, ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე, მისი ცხოვრების განსხვავებულ ეპიზოდებზე, მის უდროო და ტრაგიკულ დაღუპვაზე მოგვითხრობს. გამოიცემა ასევე ისტორიულ ფაქტებზე აგებული წიგნები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ-თურქულ ურთიერთობებზე მოგვითხრობენ. მათი პრეზენტაცია მოგვიანებით გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის გამოვცემთ გაზეთის საიუბილეო ნომერს, რომელიც 7 მარტს გავრცელდება.
ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე, ნუცუბიძის მეორე კვარტალში, ძალიან ლამაზ და მყუდრო სკვერში, საზეიმოდ გაიხსნება ქანდაკება, რომელიც ერთიანი საქართველოს სიმბოლოს გამოხატავს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სკვერს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება. ქანდაკების იდეა ჟიულის მეგობრებმა მოგვაწოდეს. მისი ხორცშესხმა კი ინება მხატვარმა და მოქანდაკემ ზურაბ კოკაიამ, რომლის ძმაც სოხუმში უგზოუკვლოდ დაიკარგა. (ის ჟიულის თანაშემწედ მუშაობდა და ბოლო წუთამდე სხვებთან ერთად მასთან იმყოფებოდა). ზურაბ კოკაიამ ჰონორარზე უარი განცხადა და თავის მოვალეობად მიიჩნია ქანდაკების იდეის გამოძერწვა და შექმნა. მასთან ერთად ამ ქანდაკების შექმნაში თავის წვლილი შეიტანეს თბილსელმა მოქანდაკეებმა, მხატვრებმა, არქიტექტორებმა მშენებლებმა. მინდა მათი გვარები ყველამ იცოდეს. მამა-შვილი ოლეგ და პაატა გელაშვილები, დავით მინდორაშვილი, ანდრო ღვამიჩავა, გელა სოლომონიშვილი, ედუარდ შახნაზაროვი, დავიდ კაპანაძე, სერგეი სლივინი და ზაზა ლობჟანიძე აჭარიდან. ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია ასევე ვაკის გამგებელმა ბაჩო დოლიძემ და მისმა მოადგილემ რამაზ ლომინაძემ. სულ მალე ამ ქანდაკებას მთელი საქართველო იხილავს.
7 მარტს, ჟიულის დაბადების დღეს, რუსთაველის თეატრში გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა-კონცერტი, რომელშიც აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების საუკეთესო ძალებია ჩართული, მათ შორის, ჩვენი კაპელა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრი. კონცერტის წარმოდგენითი ხასიათი საშუალებას მოგვცემს თვალი გადავავლოთ ჟიულის ცხოვრებას და მოღვაწეობას, აფხაზეთის ტრაგედიას და ჟიულის ტრაგიკულ აღსასრულს. ამავე დღეს დაიგეგმა ჟიულის საფლავის და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალის გვირგვინით შემკობა გმირთა მოედანზე. გაიმართება აფხაზ მხატვართა გამოფენები, გაიხსნება ექსპოზიციები და მრავალი სხვა, რომლის შესახებაც იმ პროგრამიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდსა და ფეისბუკზეა განთავსდებული. ეროვნულ პოლიტიკურ აკადემიას, საქართველოს ტენიკურ და სოხუმის უნივერსიტეტებს დაგემილი აქვთ სამეცნიერო კონფერენციები, რომელიც ჟიულის ცხოვრებას და მოღვაწეობას მიეძღვნება. საიუბილეო კომისიებს ხელმძღვანელობენ აკადემიკოსები როინ მეტრეველი, არჩილ ფრანგიშვილი, პროფესორი ჯონი აფაქიძე.
- ბატონო ვახტანგ, თქვენ პირადად იცნობდით ჟიული შარტავას, რამდენადაც ვიცი, ის აფხაზებშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ხომ არ გაიხსენებთ აფხაზებთან მისი ურთიერთობის ეპიზოდებს?
მას ძალიან დიდი ამაგი აქვს აფხაზ ახალგაზრდობაზე. თქვენ იცით, რომ ის საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ცნობილი იყო მისი მიდგომა აფხაზი ახალგაზრდობის მიმართ. მას ქართველი და აფხაზი ცალ-ცალკე არასოდეს უხსენებია და აფხაზებს შორისაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. უამრავი აფხაზი ახალგარზდა ჩამოიყვანა თბილისში აფხაზეთიდან. მასთან მუშაობდნენ სერგეი (სერგო) ბაგაფში, დათო (დათკა) ფილია, ნუგზარ აშუბა, საიდ თარკილი, ნოდარ ხაშბა, ალექსანდრე (ალიკ) ანქვაბი, თამაზ ლაკერბაია და სხვები... ყოველ მათგანს ყოფითი პირობები გაუუმჯობესა, გამოცდილება შესძინა, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების საშუალება მისცა. სერგეი ბაგაფშის, ნუგზარ აშუბას წინსვლაში ხომ ჟიულის ლომის წილი უდევს. მას უნდოდა ეს ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები დაწინაურებული და გამარჯვებული ენახა, რომ მათ აფხაზების და ქართველების ერთიანობის ურღვევობისთვის ხელი შეეწყოთ, მომავალი თაობები ამ სულისკვეთებით აღეზარდათ. ამ ახალგრზდებსაც უყვარდათ ქართველები. თბილისში ჩამოსვლამდე ისინი ხომ ქართველებთან ერთად იზრდებოდნენ სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში. ბაგაფშმა ცოლადაც ქართველი შეირთო. ქორწილიც თბილისში გადაიხადა. მაგრამ განგებამ სხვანაირად ინება.
ჟიული შარტავა აფხზეთის მინიტრთა საბჭოს თანამდებობას იმიტომაც დათანხმდა, რომ მისთვის ძალიან ნაცნობი გარემო იყო. ამ ბიჭებთან გატარებული წლები, ერთად გაკეთებული საქმეები, სიახლოვე - ამაზე უარის თქმა მას არ გამოუვიდოდა. მახსოვს, მსოფლიო ახალგარზდობის ერთ-ერთ ფორუმზე (თუ სწორად მახსოვს ჰავანაში) საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობა მან დათო ფილიას დაავალა. რიგით თანამდებოზე მოყვანილი ეს ახალგარზდები თანამდებობებზე დააწინაურა, ბინებით უზრუნველყო. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. ჟიულისთვის ეს იმთავითვე წარმოუდგენელი იყო. საქართველოს გაყოფას, გახლეჩვას, დანაწევრებას შეუთავსებელი მცნებად აღიქვამდა. საკუთარ რესურსს ბოლომდე იყენებდა. ბოლო წუთამდე თავდადებით იბრძოდა.
ძალიან ტრაგიკულია, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი ამაგი ჰქონდა აფხაზებზე, სწორედ აფხაზეთში დაიღუპა, რომელიღაც ბანდიტური დაჯგუფების მიერ დაიხვრიტა. აქვე მინდ ვთქვა, რომ არც ერთ ნამდვილ აფხაზს არ გაუხარდა ჟიულის სიკვდილი. ეს მე არ მაკვირვებს. ამ ინფორმაციას ვფლობ და ვფიქრობ იმაზეც, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ და აფხაზები კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მათ იცოდნენ ჟიულის ფასი და ასეთ სიკვდილს მისთვის არ ისურვებდნენ. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვები, რომელიც 27 ოქტომბერს, ჟიული შარტავას წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოების დღეს ბრძანა. მან თქვა, რომ არის ისეთი ისტორიული მოვლენები, რომელიც არ იცი, როგორ შეაფასო, იდღესასწაული, თუ მიიღო როგორც ტრაგედია. „დღეს ჩვენ აღვიშნავთ ასეთ დღეს, როცა დაეცა სოხუმი და აფხაზეთი. ვინ არის გამარჯვებული? არავინ არ არის, ყველა წაგებულია, დანარჩენი საქართველოც, აფხაზეთიც, რუსეთიც და ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ საშინელ ტრაგედიაში. 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი და არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, გაუგებრობა ყოფილიყოს აფხაზებსა და ქართველებს შორის. იყო სიყვარული, აფხაზები მიდიოდნენ ქართველებთან, ქართველები მიდიოდნენ აფხაზებთან და ეს იყო ნამდვილი ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი. ეშმაკს შეშურდა ქართველების და აფხაზების ერთობა: მინდა ვთქვა, რომ დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეებით, გალავნები ააშენოს აფხაზებსა და საქართველოს შორის, ან ოსებსა და საქართელოს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. ქართველი ადამიანი და აფხაზი და ოსი, ჩვენ ვგრძნობთ, ვიცით, შინაგანად ვაანალიზებთ, რომ ამას აკეთებს მტერი და შედეგი ექნება ის, რომ მტერი წაგებული იქნება". მის ყოველ სიტყვას ვეთანხმები, ვიზიარებ და ვფიქრობ, რომ ასეც მოხდება.
ასე რომ, დიდი სურვილი გვაქვს მოწამეობრივი სიკვდილით დაღუპული, სამშობლოსთვის გმირულად დაცემული ჟიული შარტავას ხსოვნის დღეები ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
- აღინიშნება თუ არა რეგიონებში საიუბილეო დღეები?
რაც შეეხება რეგიონებს. აქაც დიდი აქციებია ჩაფიქრებული. სენაკში, რუსთავში, ბათუმში ასევე გაიმართება საიუბილეო დღეები. ყველა გამგეობა, ბათუმის, რუსთავის, სენაკის ყველა გამოგვეხმაურა, ყველამ შემოგვთავაზა დახმარება. იგეგმება იქ არსებული მემორიალების კეთილმოწყობა, ექსპოზიციების განახლება. მაგალითად, ბათუმში ერთ-ერთ ქუჩას დაერქმევა ჟიული შარტავას სახელი, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ სკოლასაც მისი სახელი მიენიჭება. ვიცით, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა იყო საქართველოს მთავრობის სხდომაზე და იქ მოიწონეს ჩვენი წინადადებები. ამავე დროს ცენტრალური მთავრობა მრავალი ღონისძიების ინიციატორად თავად გვევლინება, რაც ძალიან სასიამოვნო და სტიმულის მომცემია.
და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ იუბილეს ორგანიზებაში ხელი შეგვიწყო. მადლიერი ვართ ჟიულის მეგობრების, რომელთაც დიდი დახმარება გაგვიწიეს. მადლობას მოვახსენებთ პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და მის ყველა უწყებას. თბილისის მერიას, რეგიონების თვითმმართველობებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ცალკეულ პიროვნებებს, მრავალ სხვა უწყებას დახმარებისა და თანადგომისათვის.
ვფიქრობ, ეს დღეები სწორედ ისე ჩაივლის, როგორც ჟიული შარტავას ხსოვნას ეკადრება.
- ბატონო ვახტანგ, ჩვენი ინტერვიუს დასასრულს არ შემიძლია არ გკითხოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საერთაშორისო მედიაშიც უკვე ხშირად იმეორებენ, რომ მოვლენები უკრაინაში ქართული სცენარით ვითარდება. თქვენ როგორ ფიქრობთ?
დღეს ერთ-ერთ სააგენტოს უკვე ვუპასუხე ამ კითხვაზე. დიახ, ყირიმში მიმდინარე პროცესები შეიძლება შევადაროთ საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. ვითარება ძალიან სახიფათოდ იცვლება და ამ ხიფათის სიმწვავე დასავლეთმა ახლა უფრო კარგად შეიგრძნო. 2008 წელს დასავლეთს საქართველოს საკითხი ასე კატეგორიულად არ დაუსვამს რუსეთისთვის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა მთავარია, მხარეებმა წითელი ხაზი არ გადაკვეთონ, რასაც შეუძლია მსოფლიოში დიდი კატასტროფა და არეულობა გამოიწვიოს.