იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა ციმაკურიძემ, დღეს, ცესკოს მონაცემთა განახლებული ბაზა გადასცა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებულია, წელიწადში ოთხჯერ - ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ (მათ შორის პირები ვისაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, ასევე ინფორმაცია გარდაცვალებულთა შესახებ), განახლებული ან ახალი მონაცემები გადასცეს ცესკოს. კომისია ამ ინფორმაციას ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაახლებლად იყენებს. ცესკოს ბოლოს მონაცემთა ბაზა 1 თებერვალს გადაეცა.
როგორც ლაშა ციმაკურიძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოთხოვნით, დღეს ცესკოს გადაეცა მონაცემთა განახლებული ბაზა, რომელშიც მოცემულია 1 თებერვლიდან 15 მარტამდე გარდაცვლილთა რეგისტრაციის მონაცემები (6773 ადამიანი), იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან გავიდნენ მოქალაქეობიდან (345 პირი); გარდა ამისა ამავე ბაზაში მოცემულია მესაკუთრის განცხადებით მოქალქეთა რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტებიც (600 მოქალაქე).
როგორც ცესკოს სპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მაქსიმალურად ცდილობს საარჩევნო სიები იყოს რაც შეიძლება ზუსტი, ამიტომ რეესტრის მიერ დაფიქსირებული ცვლილებები აუცილებლად აისახება სიებში.