ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაურის სამშობლოში ჩამოსვლა, რომელიც დღეს უნდა მომხდარიყო, ისევ გადაიდო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო უწყების საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი კიდევ ერთი საორგანიზაციო საკითხის მოუგვარებლობა გახდა.
"გამოჩნდა კიდევ ერთი საორგანიზაციო საკითხი, რამაც მეზღვაურების სამშობლოში დღეს დაგეგმილი გამომგზავრება გადადო", - განმარტა ტაბატაძემ.
მისივე ვარაუდით, მეზღვაურების საქართველოში დაბრუნება სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მეზღვაურებს ფილიპინების მხარემ 15 იანვარს ყველა ბრალდება მოუხსნა.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.