საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 17 მარტს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო კინოფონდის დელეგაცია, რომელსაც კინოფონდის დირექტორი ჯამილ გულიევი ხელმძღვანელობს.
დელეგაციის წევრებს 17 მარტს. 15:00 საათზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიიღებს. შეხვედრაზე მხარეები ისაუბრენ თანამშრომლობის სამომავლო გეგმაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
ამ ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან: კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ, მე-20 საუკუნის 50-60-იანი წლებში ხმის ჩამწერი ფირმა `მელოდიას~ ფონოჩანაწერებს, სადაც წარმოდგენილია აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული ნაწარმოებები; კინოსიუჟეტს, რომელიც ასახავს 1920 წელს საქართველოდან ბაქოში 26 კომისრის ცხედრის გადასვენებას; ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის ფოტოალბომებს, სადაც ასახულია მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბაქოს ხედები.
დელეგაციის ვიზიტი 19 მარტს დასრულდება.