ENG / RUS       12+

``რუსეთი დაბრუნდა``

სწორედ ასეთი ტოპიკი უძღვნა ამერიკის ყველაზე რესპექტაბელურმა გაზეთმა The New York Times-მა სოჭის ოლიმპიადის გახსნას. "რუსეთი დაბრუნდა". ანუ, სტატიის ავტორთა აზრით, დაბრუნდა, როგორც ზესახელმწიფო, რომელსაც "ძალა შესწევს ქადილისა", ესე იგი არა უბრალოდ პრეტენზია აქვს, არამედ ნამდვილად შეუძლია, სერიოზული გავლენა მოახდინოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და მნიშვნელოვან პროცესთა ინიციატორიც თავად იყოს.

თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, დააკვირდეს უკრაინისა და სირიის მოვლენებს, ამ პროცესებში დასავლეთის (პირველ რიგში, ამერიკის) სრული სიდამბლავისა და უმწეობის კუთხით.
მაგრამ რა შუაშია ოლიმპიადა, ან მისი გახსნის ცერემონია? ჩრდილოეთ კორეა, დარწმუნებული ვარ, ბევრად შთამბეჭდავ ცერემონიას მოაწყობდა, მაგრამ თანამედროვე გლობალიზებული მსოფლიოს სპეციფიკა ისაა, რომ, ჯერ ერთი, ჩრდილოეთ კორეას არავინ აჩუქებს ოლიმპიადას, პუტინისადმი "კუდის ქიცინი" კი დასავლურ დედაქალაქებში კვლავაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ, მიუხედავად უკვე მრავალგზის თავსლაფდასხმისა (ბოლოს უკრაინაში);
მეორეც, საქმე რუსეთს ეხება. ხოლო რუსეთი, მოგვწონს ქართველებს თუ არა, ევროპული ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო საუკუნეთა განმავლობაში, თუმცა კი საკუთარი ცივილიზაციური გზით ვითარდებოდა.
და მესამე: დღეს ნებისმიერი გლობალური მოვლენა "ვერ შედგება" ისე, თუ ის არ შედგება მედიასივრცეში.
როდესაც პერფორმანსს სამი მილიარდი ადამიანი უყურებს, ეს უკვე გლობალური ფაქტორია. ხოლო ის, რაც შთამბეჭდავია _ მიმზიდველია, ესე იგი ძლიერია! ამას პირველნი ფრანგები მიხვდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა რევოლუციის ასი წლისთავისთვის ეიფელის კოშკი ააგეს. "რა სიმახინჯეა და ამდენი ფული რაში გადაიყარაო", - წერდა მაშინ ნაზი სულისა და დახვეწილი გემოვნების მქონე უამრავი ფრანგი ინტელექტუალი თუ ხელოვანი. აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, ვინც მოიფიქრა, რაკი ის კოშკი საფრანგეთის ცივილიზაციური მიმზიდველობის, შთამბეჭდაობისა და ნოვატორობის სიმბოლოდ იქცა. ხოლო საფრანგეთი საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც ევროპული ზესახელმწიფო.
რუსეთს დღეს ანალოგიური მიზნები აქვს. ამიტომ პუტინმაც თამამად უპასუხა შეკითხვებს:
_ 51 მილიარდი დოლარი რა უბედურებაა, ამდენი ფული ოლიმპიადაზე რატომ უნდა დახარჯულიყოო?
_ მოგეწონათ გახსნის ცერემონია? ჰოდა, ყველაფერი, რაც კარგია, ძვირიცაა. აბა, როგორ გინდათ? _ მიუგო კრიტიკოსებს პუტინმა.
ზუსტად იმავე ლოგიკით ხელმძღვანელობდა ჩვენი წინა პრეზიდენტი, როცა უძვირეს შემსრულებლებს იწვევდა ბათუმის "პიაცაზე" და მრავალმილიონიან კონცერტებსა თუ სხვა პერფორმანსებს აწყობდა. ორივეს ნაციონალისტური ინტენცია ჰქონდა. უბრალოდ, პირველს მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო ერგო საექსპერიმენტოდ, მეორეს კი _ სუსტი და პატარა ქვეყანა.
სოჭის ოლიმპიადა პუტინის საპრეზიდენტო-დერჟავული პროექტის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ამიტომ, მილიარდებიც არ დაიშურა და თუ The New York Times--ის სათაურს გავითვალისწინებთ, სასურველ შედეგსაც მიაღწია.
ბუნებრივია, "რუსული ოლიმპიადის" PR-ხატი შებღალა ვიღაც იდიოტის მიერ სასტუმროში დამონტაჟებულმა "ტყუპი უნიტაზების" სურათებმა (იმ იდიოტს აშკარად ეგონა, მეტი კომფორტი იქნება და ცალ-ცალკე თავ-თავიანთი უნიტაზებით ისარგებლებენო), მაგრამ სრულიად სამართლიანი დაცინვისა და ანეკდოტების თემა გახდა. თუმცა, როგორც არ უნდა გვიხაროდეს ისტორიული დამარცხებით ტრავმირებულ ქართველებს, ეს მაინც წვრილმანია.
გახსნის ცერემონია კი (უნდა ვაღიაროთ) მართლა შესანიშნავი გამოდგა. უახლესი ტექნოლოგიებით, დახვეწილი მუსიკალური გაფორმებით (ჩაიკოვსკიდან ზაცეპინის სულისშემძვრელ მელოდიამდე), გემოვნებიანი კოსტიუმირებითა და ერთი საერთო კონცეფციით: "რუსეთი იყო, არის და იქნება ზესახელმწიფო, მან ეს დაიმსახურა - ცივილიზაციაში იარაღითა და კალმით შეტანილი წვლილით!" ძალიან ჭკვიანურად იყო გადაწყვეტილი ეპოქათა ცვალებადობის თემა: სახელგანთქმული რუსი ავანგარდისტების სურათებითა და სვირიდოვის მუსიკით.
სასაცილო დისკუსია გამოიწვია არგონავტების სოჭში დესანტირების სცენამ. აქაოდა, ნუთუ, არ იციან პერფორმანსის ავტორებმა, რომ არგონავტები, რომლებმაც თავიანთ ხომალდს პელეპონესზე მდებარე ქალაქის სახელი უწოდეს, კოლხეთის ნაპირებს მოადგნენ და არა რუსეთისო.
ამ ბრიყვულ კითხვაში მჟღავნდება სხვაობა იმპერიულ და ეთნონაციონალისტურ მენტალობას შორის. იმპერიული მსოფლაღქმისთვის ყველაფერი იმპერიის დიდებაა, რაც მის ტერიტორიას უკავშირდება. არავინ იცის, სად გადიოდა კოლხეთის საზღვრები და ზუსტად რომელ ადგილს მოადგნენ არგონავტები შავი ზღვის სანაპიროს, ამიტომ რუსები არგონავტებით ისევე იამაყებენ, როგორც სევასტოპოლისა და ყირიმის ბერძნული სახელწოდებებით, რაკი აფხაზეთიცა და ყირიმიც თავიანთი დერჟავის სამკვიდროდ მიაჩნიათ.
ქართული ეთნონაციონალისტური აზროვნება კი, რუსულ-იმპერიულ-დერჟავულისგან განსხვავებით, ბევრად ვიწროა, ამიტომ, თუ არგონავტები მაინცდამაინც ფოთს არ მოადგნენ და მათი მასპინძლებიც მაინცდამაინც ეთნიკური ქართველები ან ქართველთა წინაპრები არ იყვნენ, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მითის განსამტკიცებლად არ გამოდგებიან.
გრანდიოზული მოვლენის ფონზე, საოცრად სიმბოლური იყო მშვენიერი ქართველი მედროშე გოგონას უმწეო, მოქანცული, სასოწარკვეთილი, "ბედთან შემრიგებლური" ღიმილი, რომელმაც ყველაზე ნათლად დაადასტურა, რომ საქართველოს არ შესწევდა უნარი და ილაჯი, იმ ოლიმპიადაზე პროტესტის ნიშნად არ წასულიყო.
რას მივიღებთ იქ წასვლით? არაფერს! აბსოლუტურად არაფერს გარდა იმისა, რომ ამგვარი ნაბიჯებითა და უმწეო ღიმილით, ეგება კიდევ ერთხელ არ განმეორდეს ის, რაც 2008 წელს მოხდა. ისევ და ისევ, მოულოდნელად "დაბრუნებული" რუსეთით გაშტერებული დასავლეთის ცივი გულგრილობის ფონზე.
როგორც მაშინ, 2008 წელს _ პუტინის გადამწყვეტი შეტევისას მსოფლიოს ამერიკულ წესრიგზე, რომელიც თანდათან ისტორიის კუთვნილება ხდება და წარსულის ნისლით იფარება, ვითარცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს კოსმიურ ფოტოზე.

ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი „პრემიერი"

ავტორი: . .