ENG / RUS       12+

მაია კაციტაძე: კონფლიქტოლოგიის მიმართულებით ვგეგმავთ ახალ საგანმანათლებლო პროექტს

რესპოდენტის შესახებ

"ჯი-ეიჩ-ენს" ესაუბრა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე

- ქ-ნო მაია, თქვენი ცენტრი დიდი ხანია ჩართულია ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ დიალოგში. დღეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს მათთან დიალოგი წარმოუდგენლად ეჩვენება. რა ფორმატის შეხვედრები მიმდინარეობს ამჟამად ?
- ICCN-ი ბევრი საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია, მათ შორის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ახალგაზრდული დიალოგი, რომელიც სახალხო დიპლომატიის პრინციპით ხორციელდება რომელიმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
ახალი ტალღის დიალოგის წამოწყება 2008 წლის შემოდგომაზე მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი იყო, რომ აფხაზები და განსაკუთრებით, ოსები ქართველებთან საუბარს მოინდომებდნენ.
პირველ რიგში უნდა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო, თუ არა მხარეების დიალოგზე წამოყვანა. გაირკა, რომ შესაძლებელია - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ქართველებთან საუბარს არ აპირებდნენ, და ასევე, ის ადამიანებიც, ვინც თვლიდა, რომ ქართველებთან საუბარი აუცილებელია, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.
ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენს აფხაზ და ოს კოლეგებთან ერთად უნდა განგვესაზღვრა, თუ რა სახის შეხვედრას შევთავაზებდით ჩვენს ახალგაზრდებს.
პირველი შეხვედრა, 2009 წლის 19-23 იანვარს, პრიშტინაში (კოსოვოში) გაიმართა და მასზე, თავდაპირველად, ორგანიზატორები/კოორდინატორები შეიკრიბნენ - ბერლინიდან, თბილისიდან, სოხუმიდან, ცხინვალიდან. კოსოვოს ვიზიტი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ მონაწილეებმა ერთხმად გადაწყვიტეს - ახალგაზრდებმა, სწორედ ასეთი განრიგით უნდა იმუშაონ. ეს იყო 6 დღიანი პროცესი, სადაც პირველი და ბოლო ორი დღე ეძღვნებოდა დიალოგს, ხოლო დანარჩენი - შეხვედრების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ექსპერტებთან კონფლიქტის ორივე მხარეზე. პროგრამას ეწოდა -„დიალოგი და სასწავლო ვიზიტები, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისათვის".
კოსოვოში (პრიშტინა), სულ 5 შეხვედრა შედგა, მათ შორის, 4 ახალგაზრდების. ამის შემდეგ, დიალოგმა მოლდოვაში და შემდეგ, ერევანში გადაინაცვლა. 2009-ში კოსოვო აფხაზებისა და ოსებისათვის მიმზიდველ ადგილად გამოიყურაბოდა. მართლაც საინტერესო იყო კონფლიქტოლოგიური თვალთახედვითაც. მიღებული შთაბეჭდილებები, ანალიზი, რომელიც კეთდებოდა ამ შეხვედრებზე და ეფექტი, მართლაც საგრძნობი იყო.
შეხვედრები დღემდე გრძელდება და ამ პროცესში 300-მდე ახალგაზრდაა ჩართული - საქართველოდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან.
მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, დიალოგის პროექტებიც იცვლება, გეოგრაფიაც და ფორმატიც. „დიალოგი და სასწავლო ვიზიტი" ე.წ. თვითრეგულირებადი პროცესით შეიცვალა, სადაც ახალგაზრდა ფასილიტატორებს პროცესი თავად მიყავთ. ამისათვის, ჩატარდა ერთწლიანი ტრენინგების სერია (საერთაშორისო და ადგილობრივი - სოხუმში, ცხინვალში, თბილისში, ბათუმში, მოლდოვა - მარტი 2012).
განხორციელდა ახალგაზრდა ტრენერების მომზადება, რაც დაგვირგვინდა მათ მიერ ჩატარებული ტრენინგებით თანატოლებისათვის. ამის მისაღწევად, ტრენინგს დაემატა ქოუჩინგის (ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნის) ელემენტები.
- რა სიხშირით მიმდინარეობს შეხვედრები და რამდენად არის მზადყოფნა და კეთილი ნება მათის მხრიდან ჩვენთან ერთად აპოლიტიკური მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდდნენ ?
- შეხვედრებს სხვადასხვა პერიოდულობა აქვს, თუმცა 2008 წლიდან დღემდე წელიწადში მინიმუმ 2 შეხვედრა იმართება.
- რა შედეგები გაქვთ?
- სამწუხაროდ, ეს ის საკითხია, რომლის შედეგებზე საუბრის დაწყებას წლები სჭირდება. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ შეხვედრები ხერხდება უკვე შედეგია, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლეგიალურ, და ხშირად, მეგობრულ დამოკიდებულებაზე.
- რამდენად არსებობს საშუალება იმისა, რომ თქვენს მიერ წამოებულ პროცესში საქართველოს საზოგადოების წარმომადგელები, ექსპერტები ჩაერთონ, პროცესის გაფართოებაზე არ გიფიქრიათ?
- ახალგაზრდული დიალოგის ფარგლებში, სახელწოდებიდან გამომდინარე, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებს ვერ ჩავრთავთ, თუმცა ეს ახალგაზრდები სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტები არიან და თავიანთ დონეზე ხდება შეხვედრების ჩატარება, რა მომავალში პროფესიონალურ საკითხებზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის კეთდება.
ჩვენთან ექსპერტები სხვა ტიპის პროექტებში არიან ჩართულნი: ქართულ-რუსული დიალოგი, რომელსაც გიორგი ხუციშვილის ინიციატივით 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი და სახელად "სტამბულის პროცესი" დაერქვა.
ხოლო რაც შეეხება პროცესის გაფართოებას, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი რესურსების მაქსიმუმს ვდებთ ამ პროექტებში რათა უფრო მასშტაბური და ინტენსიური გავხადოთ. ძალიან სასიხარულო და საიმედოა ისიც, რომ არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს მეტნაკლებად მსგავს, თუმცა საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებულ პროექტებს ‘ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობისთვის' .
- როგორც ვიცით, თქვენი ცენტრი აქტიურად არის ჩართული ქართულ-რუსულ საექსპერტო დიალოგში სტამბულის პროცესში. რა ფორმატი აქვს ამ შეხვედრებს?
- შეხვედრები "სტამბულის პროცესის" ფარგლებში უფრო აკადემიურ ხასიათს ატარებს, აქ ახალგაზრდა თაობის აღზრდით არავინაა დაკავებული. სერიოზული დისკუსიები ქართულ-რუსული ურთიერთობების ჭრილში საკამოდ პოზიტიურ და ქმედით შედეგებს გვაძლევს, იქნება ეს მონაწილე ექსპერტების ანალიტიკური სტატიები თუ რეკომენდაციები, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლის ოპტიმალურ და პოზიტიურ გზებს უკავშირდება. ფაქტია, რომ დიალოგი ყველა დონეზე საჭიროა და არასდროს იქნება ზედმეტი და ჭარბი, თუმცა, საექსპერტო დიალოგით საქართველო საკმაოდ აკადემიურ საფეხურზეა სადაც ქვეყნების მასშტაბების მიუხედავად, სწორი პოზიციონირებაა მნიშვნელოვანი და დიალოგის პროცესში მხარეები ამით ხელმძღვანელობენ.
- ამავე მიმართულებით ახალი პროექტების დაწყებას ხომ არ გეგმავთ?
- ზოგადად კონფლიქტოლოგიის მიმართულებით ვგეგმავთ ახალ საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით: "გ. ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთ კავკასიის სკოლა", რომელიც სამხრეთ კავკასიაში კვალიფიციური კონფლიქტოლოგების აღზრდას და დინამიურ თაობათა ცვლის პროცესს მოემსახურება. ჩვენი აზრით, ეს ძალიან რთული სფეროა, თუმცა გამომდინარე იმ რეალობიდან, რა დონის ექსპერტები გვყავს ქვეყანაში იმედი გვაქვს, რომ საკმაოდ კარგი ბაზისის შექმნას შევძლებთ, რაც სამომავლოდ თავად დაინტერესებული ახალგაზრდის დიდი ინტერესით და დაუღალავი შრომით გადაიზრდება ექსპერტულ ცოდნაში. სკოლა 24 თებერვლიდან საპილოტო სახით დაიწყებს 7-დღიანი მასტერ კლასების ჩატარებას, პირველი ეტაპის მსმენელების შერჩევა დასრულდა და აუცილებლად მინდა ავღნიშნო აქტივობა და ინტერესი სტუდენტების მხრიდან - მისაღებ 10 ადგილზე 55 აპლიკაცია მივიღეთ, საკმაოდ კარგი განათლების და მოტივაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტებისგან, რაც სფეროსადმი ინტერესს ნიშნავს და ეს ძალიან მახარებს.
-ბევრი სკეპტიკურად უყურებს სახალხო დიპლომატიის მიერ ნდობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. თქვენი ცენტრი უკვე 20 წელია ამ მიმართულებით მუშაობს. აქვს თუ არა პერსპექტივა სახალხო დიპლომატიას, შეუძლია თუ არა მას რეალური დადებითი შედეგების მოტანა?
- სკეპტიციზმი ხშირად ინფორმირებულობასა და საქმის ცოდნას უკავშირდება და ხშირად პირიქით. ინფორმირებულები გამიგებენ თუ ვიტყვი, რომ მხოლოდ სახალხო დიპლომატია საკმარისი არაა ძალიან ხილული შედეგების დადგომისთვის. თუმცა, ჩვენს მიერ გაწეული შრომა ნამდვილად არ არის უმნიშვნელო, რადგანაც ჩვენ ნდობას ვაშენებთ და ხალხთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრობის პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის შედეგია შეხვედრების შესაძლებლობა, საუბრები საერთო ინტერესების შესახებ, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, და რაც მთავარია, ყველა მხარის მიერ გაზიარებული საზრუნავი - მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება.

 

ავტორი: . .