რუსეთის ფედერაციის სისხლის სამძებროსა და მოსკოვის მილიციის თანამშრომლებმა "ვნუკოვოს" აეროპორტში ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი თეიმურაზ გოგოლაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გოგოლაშვილი აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი ხაბაროვსკიდან მოსკოვში ჩაფრინდა.
"1975 წელს დაბადებული გოგოლაშვილი კრიმინალურ წრეებში "ციკოს" ზედმეტსახელადაა ცნობილი და იგი ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფების კლანის ერთ ერთი მეთაურია", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, თეიმურაზ გოგოლაშვილი ხუთგზის ნასამართლევია, იგი ერთ ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ე.წ. კანონიერ ქურდად ითვლება მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამას გარდა გოგოლაშვილის "ქურდული ტრადიციების" დამცველად მიიჩნევენ.
"თეიმურაზ გოგოლაშვილი "ვნუკოვოში" რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნის ბრალდებით დააკავეს", _ იუწყება რუსული მედია.