ENG / RUS       12+

გია ჭანტუარია: არჩევნებში ერთ კაპიკსაც კი არ ვხარჯავ - მე ფული არ მაქვს

რესპოდენტის შესახებ

თბილისის ისტორიაში დედაქალაქის მოსახლეობას მერის არჩევის საშუალება 30 მაისს პირველად მიეცემა. ეს იყო საზოგადოებისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი დაკვეთა, რომელიც ხელისუფლებამ შეასრულა. საარჩევნო მარათონი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ურთიერთბრალდების ფონზე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი ერთმანეთს საზოგადოების ორად გახლეჩაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილს კი არც ხელისუფლების და არც დანარჩენი ოპოზიციონერი კოლეგების აზრი არ აინტერესებს და საარჩევნო კამპანიას მშვიდად აწარმოებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დედაქალაქის მერობის "ქრისტიან-დემორატების" კანდიდატმა გია ჭანტურიამ აღნიშნა, ლანძღვა-გინებით არაფერი გაკეთდება და ეს ოპოზიციის დიდი შეცდომაა. 

თუმცა მისი ოპონენტები ხშირად ირწმუნებიან, რომ გია ჭანტურიას, რომელიც საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ხელმძღვანელობდა, ხელისუფლებამ "შეჭმული ფული" მხოლოდ იმიტომ აპატია, რომ საარჩევნოდ მთავრობას სოლიდური თანხა გადაუხადა.

- ბატონო გია, წელს დედაქალაქის მერის პირდაპირი წესითGარჩევნები პირველად ტარდება. მერის არჩევითობის წესის შემოღებით, ოპოზიციას სურდა, დედაქალაქის მთავრობა ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლისგან განთავისუფლებულიყო. როგორ ფიქრობთ, მერის პირდაპირი წესით არჩევის შემდეგ ეს ჩანაფიქრი რამდენად მიღწევადია?

- ვფიქრობ, საზოგადოებას გადაჭარბებული მოლოდინი აქვს. გვგონია, რომ 30 მაისი დაღამდება და 31 მაისი რომ გათენდება, სხვა ცხოვრება დაიწყება. ასე არ მოხდება. ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ არსებული პრობლემების მოგვარება. ხალხი არჩევნებზე იმიტომ მიდის, რომ მძიმე ყოფის შემსუბუქებას და იმ ღირსების აღდგენას ელოდება, რომელიც დღეს აღარ გვაქვს, შეგვილახეს. დღეს საუბარია სოციალურ საკითხებზე, გაჭირვებაზე, ადამიანების ყოფნა-არყოფნაზე.

30 მაისის მოლოდინი ძალიან დიდია. უნდა შევძლოთ, რომ ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოვუხსნათ - მომავლისა და ხვალინდელი დღის შიში, რადგან მათ არ იციან, ხვალ რა აჭამონ შვილებს, შეძლებენ თუ არა მათ საავადმყოფოში წაყვანას, აიღებენ თუ არა პენსიას და ეს პენსია პურისა და წამლის შესაძენად მაინც ეყოფათ თუ არა. მერის არჩევნებსაც ის მოიგებს, რომელიც მოსახლეობას დაანახვებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ხვალინდელი დღე უკეთესი გახდება.

თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, დანარჩენები გვერდით უნდა დავუდგეთ იმ კაცს და საქმის კეთებაში დავეხმაროთ. ლანძღვა-გინებით ქვეყანა არ შენდება. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა.

- თუ გია ჭანტურია გახდა თბილისის მერი, კონკრეტულად რა პრობლემების მოგვარებას უნდა ელოდოს დედაქალაქის მოსახლეობა?

- მდგომარეობა დღეს თბილისში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ძალიან მძიმეა. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება - დასაქმება და დაბალი ტარიფები. როდესაც ვლაპარაკობთ დასაქმებაზე, პრობლემას რეალურად ვერ გადავწყვეტთ თუ მცირე და საშუალო ბიზნესი მხარდაჭერის ფაქტორები და პროგრამა არ შეიქმნა. გავაანალიზეთ ყველაფერი და ვნახეთ, რომ დღეს რაც შეიძლება ამ კუთხით გავაკეთოთ, არის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების გაიაფება, ასევე მოსახლეობამ სასმელი წყალი უფასოდ უნდა მიიღოს, რადგან საქართველო წყლის რესურსებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ეს არის პირველი ნაბიჯები, რომლიც შეგვიძლია გადავდგათ. თუმცა, მე ამირჩევენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს მაინც უნდა გავაკეთოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 30 მაისს ცხოვრება არც მთავრდება და არც თავიდან იწყება.

- ბატონო გია, "დაბალი ტარიფები და დასაქმება"'_ სოციალისტური ლოზუნგებია. თქვენ, როგორც მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის კანდიდატმა, ეს ლოზუნგები ვისგან აიღეთ?

- სამუშაო ადგილების შექმნის ლოზუნგი "ლეიბორისტებამდე" "ნაციონალებს" ჰქონდათ, მაგრამ მთავრია, საქმე გაკეთდეს და ვისი ლოზუნგია, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. არა მაქვს პრეტენზია, რომ "ლოზუნგების მამა" ვარ. მიმაჩნია, რომ ვისაც რის საშუალება აქვს, ის უნდა გააკეთოს. დღეს თბილისის მერს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რომ მოსახლეობას გაჭირვებული ყოფა შეუმსუბუქოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. თუნდაც სოციალური საკითხების მოგვარებაში.

აუცილებელია მთლიანად მერიის სტრუქტურული რეორგანიზაცია. თბილისმა თავისი სახე უნდა დაიბრუნოს. ის უნდა გახდეს კავკასიის ცენტრი, როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური და ფინასური კუთხით. ამისთვის კი დედაქალაქს კარგი მეურნე მერი სჭირდება, რომელმაც საქმის რეალურად კეთება იცის და არა მხოლოდ ლაპარაკი. კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ლაპარაკის მეტი არაფერი უკეთებია და აგური აგურზე არ დაუდია, ვერც მერის პოსტზე არჩევის შემდეგ გააკეთებს რამეს.

- ექსპერტების შეფასებით, მაშინ, როდესაც მმართველი ძალის კანდიდატი გიგი უგულავა მოქმედი მერია და მის მიერ გაკეთებული ყველა საქმე "პიარდება", ასეთ დროს ოპოზიციას პროგრამაც კი არ აქვს შემუშავებული. როგორ ფიქრობთ, ოპოზიციონერ კანდიდატებს არჩვენების მოსაგებად რა შანსი გრჩებათ?

- ჩემზე ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ჩემი გამარჯვების შემთხვევაში სამი ძირითადი მიმართულებით ვგეგმავ გააქტიურებას, ესაა შუქი, წყალი და გაზი. ეს ყველაფერი ჩემთვის სოციალური საკითხების მოგვარებაზეა მიბმული. კერძოდ, სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება, თუ მცირე და საშუალო ბიზნესი არ იქნება, ბიზნესი ვერ განვითრდება, თუ ენერგორესურსებზე დაბალი ტარიფები არ იქნება. თუ ელქტროენერგიის და გაზის ტარიფების დაწევას შევძლებთ, ეს პროდუქციის თვითღირებულებას შემცირებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის. ამის გაკეთებას კი დიდი დრო არ სჭირდება. უბრალოდ, ექსპერტებთან ერთად მუშაობა და პრინციპების შეთანხმება უნდა დავიწყოთ.

რაც შეეხება გამარჯვებას, ამის შანსი ყველას აქვს, სხვა შემთხვევაში, კანდიდატურას არავინ დააყენებს. მთავარია, შეძლო შენი პროგრამის მოსახლეობამდე სწორად მიტანა, ვინც ამას კარგად გააკეთებს, მერიც ის გახდება.

- თუმცა ოპოზიციის ნაწილი ჯერ კანდიდატზედაც არაა ჩამოყალიბებული. ხომ არ დააბნევენ მოსახლეობას, რაც ოპოზიციისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გაღრმავებას შეუწყობს ხელს?

- ხალხი იმდენად გამოიწრთო, რომ მათი ხელოვნურად დაბნევას ვეღარ შეძლებენ. კარგია, როდესაც პარტიებს შორის მსჯელობა მიდის, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, კარგი იქნება მოსახლეობას თუ ახლავე გაარკვევენ, როგორ აპირებენ არსებული პრობლემების გამოსწორებას. რატომღაც ვფიქრობ, ეს პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

- ბატონო გია, თქვენ საქართველოში საერთაშორისო ნავთობკორპორაციის ხელმძღვანელი იყავით. "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ თქვენი კანდიდატად დასახლებას არაერთგვარი შეფასებები მოჰყვა. გავრცელდა ხმები, რომ ხელისუფლებამ კორპორაციიდან წაღებული ფული მხოლოდ იმიტომ გაპატიათ, რომ არჩევნებისთვის მთავრობას სოლიდური თანხა გადაუხადეთ.

- ამ არჩევნებში ერთ კაპიკსაც კი არ ვხარჯავ. დავიწყოთ იქიდან, რომ მე ფული არ მაქვს. არც მილიონერი ვარ, არც მილიარდერი და არც ოლიგარქი. კორპორაციის მართვას კი საერთაშორისო ორგანიზაციები აკონტროლებდნენ და იქიდან ფულის ვერ წავიღებდი. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი მოქალაქე ვარ და ანგარიშები არც შვეიცარიაში მაქვს გახსნილი, არც ამერიკასა და საფრანგეთში მაქვს საკუთარი სახელები. თქვენ წამოიდგინეთ, არც ბაქოში მაქვს სახლი, სადაც სამ წელიწადს ვმუშაობდი. ვცხოვრებ საბურთალოზე და ეს ყველას შეუძლია შეამოწმოს.

ჩემთვის ეს ჭორები არაფერს ნიშნავს. ეს ეტაპი უკვე გავიარე. პროექტების განხორციელების დროს მივრცელებდნენ ჭორებს, თითქოს საქართველო გავყიდე და ლამის მე და ალიევს ტარიფების გაყოფა დაგვბრალდა. იმ პროექტების ღირებულება, რომელებიც განვახორციელეთ, დღეს 70 მილიარდი დოლარია და მასში გია ჭანტურიას ერთი პროცენტიც კი არ აქვს. ასეთი დიდი ხელშეკრულების კერძო ინტერესების გათვალისწინებით არ ფორმდება.

რაც შეეხება კორპორაციას, ეს ერთადერთი დასავლური, ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე ღია ორგანიზაცია იყო მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ საქართველოში. მე ამით ვამაყობ. ეს არის აღიარებული მსოფლიო და ევრობანკების მიერ, სხვა მხრივ, არავინ არანაირ პროექტს არ მოგვცემდა.

- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ არჩევნებში წარმატების მისაღწევად?

- ინტენსიურად ვხვდები დედაქალაქის მოსახლეობას. გადაწყვეტილი მაქვს, ყველა უბნის მოსახლეს შევხვდე და გავესაუბრო. ამასთან, ექსპერტის ჯგუფებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, როგორ უნდა მოხდეს ტარიფების შემცირება. ამ დასკვნას არჩევნებამდე დავდებთ. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვინც არ უნდა იყოს მერი, ექნება მზად პროგრამა, თუ როგორ განახორციელოს ტარიფების დაწევა. მზად ვარ, სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაშიც ამ კუთხით გვერდში დავუდგე და დავეხმარო.

 

 

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი.

 

ავტორი: . .