პირველივე გაფართოებულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ხელისუფლება თითქმის მზადაა, გააფორმოს სპეციალური კონტრაქტი ცნობილ და ძალზე ავტორიტეტულ შვეიცარიულ ლაბორატორიასთან ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციის თაობაზე.
თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზნის მიღწევას ცდილობს ამით ოჯახი, რომელიც ამ საქმის მთავარი ინიციატორია? ოჯახის თანხმობის გარეშე ხომ ხელისუფლება არათუ გადაწყვეტილების მიღებას, არამედ საკითხის გაჟღერებასაც ვერ გაბედავდა - როგორ უხერხულ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, რაკი ასჯერ დააანონსეს სიახლეები ზურაბ ჟვანიას საქმეში და არაფერი ახალი არ უთქვამთ.
თვით ექსპერტიზა რომ სრული უაზრობაა, არაპროფესიონალიც მიხვდება: მომხდარიდან უკვე 9 წელი გავიდა. რა უნდა დაადასტუროს ამ გამოკვლევამ? მიცვალებულის სისხლში CO-ნახშირბადის მონოოქსიდის არსებობა? მაგრამ ამას ხომ არასდროს არავინ უარყოფდა?! თვით ისინიც კი, ვინც მკვლელობის ვერსიას ავითარებდნენ. ლაპარაკი მხოლოდ იმაზე იყო, რამდენად მომაკვდინებელი იქნებოდა CO-ს კონცენტრაცია, ანუ დოზა.
გამორიცხულია, ეს ექსპერტიზამ დაადგინოს 9 წლის შემდეგ. მაშ, რა აზრი აქვს ექსჰუმაციას?
რაც შეეხება პროკურატურისა და ხელისუფლების უკვე მრავალთვიან დუმილსა და ფუჭ დაპირებებს, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს "ახალი" საქმეში არაფერია. "ახალი" ისაა, რომ გამოძიებით უტყუარად დადასტურებულია: უმაღლესი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა და ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, ყველანაირად სცადეს, შეეცვალათ მომხდარის სურათი. ანუ სურათი, რომელიც კონსპირაციულ ბინაზე რეალურად დახვდათ.
მაგრამ აქ მთავარი კითხვაა: რატომ? რა მიზნით?
ეს კითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება. სინამდვილეში, პასუხი ყველამ იცის. მაგრამ მის ღიად გაჟღერებას ერიდებიან. ოღონდ თუ ასე გაგრძელდა და თუ ამ ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც მტკიცებულებათა გაყალბებისა და გამოძიების კვალის არევისთვის სჯის) საქმე აღიძრა, მაშინ სათქმელი აუცილებლად ითქმება და მრავალწლიანი საიდუმლოც გამჟღავნდება.
თუ ესაა იმ ხალხის მიზანი, ვინც გაუთავებლად ატრიალებს ამ თემას, მაშინ საბოლოოდ მიაღწევენ კიდეც. თუმცა გაუგებარია, რაში სჭირდებათ? იქნებ ჰგონიათ, რომ უბრალოდ ითქმება და თავად იოლად იტყვიან მერე, "რა სისულელე და ბინძური ცილისწამებააო". რეალურად, გაყალბებაში ბრალდებულები არა უბრალოდ იტყვიან, არამედ დაასაბუთებენ! შესაბამისი საბუთები კი, წინა ხელისუფლებას უეჭველად შენახული ექნება. რაოდენ საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის, სხვა გამოსავალი აღარ დარჩებათ, მათი გამოქვეყნების გარდა.
გაზეთ "პრემიერში" დაიბეჭდა საინტერესო მასალა . ანონიმური წყარო ყვება, რა საგონებელში ჩავარდნენ მიშა და მისი გუნდი 3 თებერვლის დილით. როგორ ფიქრობდნენ, რა ეღონათ, ეთქვათ თუ არა სიმართლე ან როგორ "შეეფუთათ", თუკი ამ სიმართლის თქმა შეუძლებელი იყო და ასე შემდეგ.
მიშა, როგორც ჩანს, თავიდან ძალზე ღელავდა, რაკი კარგად არ იცნობდა ქართველი საზოგადოების ზნესა და ფსიქოლოგიას. მას ეგონა, რომ ეს საზოგადოება საკმარისად პასიონარული აღმოჩნდებოდა, რათა სამარცხვინო სიმართლეზე თუნდაც ეჭვის შემთხვევაში მიტინგები გამართულიყო და ასე შემდეგ. მას, ალბათ, ედუარდ შევარდნაძისთვის უნდა ეკითხა და მრავალნაცადი პატრიარქიც ეტყოდა, რომ ნუ გადააჭარბებდა იმ საზოგადოების შეფასებაში, რომლის სათავეშიც აღმოჩნდა; და რომ ამ საქმეზე აუცილებლად ჩამოყალიბდებოდა სპეციფიკურად ქართული, ამაზრზენი ვითარება, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ღიად მთქმელი და ღიად გამომსვლელი "პასიონარი" არ მოიძევება.
ამიტომ, თქვენ წარმოიდგინეთ, საბოლოოდ, მკვლელობის ვერსიაც უფრო მომგებიანად ჩაითვალა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით და გავიხსენებთ, ძველი ხელისუფლება აშკარად კი ამბობდა, "არანაირი მკვლელობა არ იყოო", მაგრამ მიშას ერთხელ, მთავრობის სხდომაზე, თავად ვითომ წამოსცდა სიტყვა "მკვლელობა", რადგან ეს ვერსია ნაკლებსაშიშად მიიჩნია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავარ მკვლელად მას დაასახელებდნენ! "უფრო საშიშად" იმ სიმართლის ღიად გაჟღერებასთან შედარებით, რის მიჩქმალვასაც ცდილობდნენ კონსპირაციულ ბინაზე მისული ჟვანიას მეგობრები, რომლებიც გულმოდგინედ ცვლიდნენ სურათს.
რაც შეეხება ახალ ხელისუფლებას, ის ჯერ კიდევ საგონებელშია და ზუსტად ვერ დაუთვლია, რა უფრო აწყობს: მტკიცებულებათა გაყალბების ბრალდებით საქმის აღძვრა და ამით სიმართლის თქმის პროვოცირება (ჟვანიას მეგობრები უკვე აღარ გაჩუმდებიან), თუ ყველაფრის დატოვება გაუთავებელი "სიახლის" მოლოდინის სტადიაზე.
ჯერჯერობით უფრო მეორე ტექნოლოგიისკენ იხრებიან და სწორედ ამას მეტყველებს სრულიად უაზრო წამოწყება ექსჰუმაციასთან დაკავშირებით.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი „პრემიერი"