რამდენჯერ უნდა ჩაატარონ ოსებმა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ? უფრო ზუსტად, საქართველოსგან დამოუკიდებლობის, თორემ ზოგადად დამოუკიდებლობის იდეა ბევრად ნაკლებად აღელვებთ, ვიდრე, თუნდაც იმავე აფხაზებს.
პირველი რეფერენდუმი ცხინვალში 1992 წლის იანვარში გაიმართა, როდესაც რუსთაველის გამზირი ქართული უპასუხისმგებლობის, სიბრიყვის, ინფანტლიზმისა და ამ თვისებებიდან გამომდინარე სისხლიანი დაპირისპირების ასპარეზად იქცა. მაშინ საბჭოთა დისიდენტ ანდრეი სახაროვის (სწორედ იმ სახაროვის, რომელმაც საქართველოს «მცირე იმპერია» უწოდა) მეუღლე, ელენა ბონერი ნიუ იორკიდან უთვლიდათ: «ხომ ხედავთ რა ხდება თბილისში, ოსებმა დრო უნდა იხელთონ და სწორედ ახლა ჩაატარონ რეფერენდუმიო». კი იხელთეს და 99%-იანი შედეგიც მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ ლიახვის ხეობასა და სხვა ქართულ ხეობებში ჯერ კიდევ მცხოვრებ ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა საბჭოთა დისიდენტებისათვის ეს, რასაკვირველია, წვრილმანი იყო.
მას შემდეგ კიდევ რამდენიმე რეფერენდუმი ჩატარდა. მათ შორის 2006 წელს, როდესაც მოსკოვში უკვე მწიფდებოდა გადაწყვეტილება ამ სისხლიანი კარტის გათამაშების შესახებ დასავლეთის, პირველ რიგში ამერიკის შესარცხვენად. რაც, სხვათა შორის, დიდი წარმატებით განახორციელეს კიდეც 2008 წელს.
ახლა სეპარატისტები მორიგ რეფერენდუმზე ალაპარაკდნენ: პარტია «ერთიანი ოსეთის» ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ექს-პრეზიდენტ კოკოითის «მარჯვენა ხელად» ითვლებოდა, მომავალი ზაფხულისათვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა კითხვის ასეთი ფორმულირებით: «თანახმა ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთი შეუერთეს ჩრდილოეთ ოსეთს და შევიდეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ერთიანი სუბიექტის სახით?» იგივე 99 პროცენტი რომ დადებითად უპასუხებს, არანაირ ეჭვს არ იწვევს.
საინტერესო უფრო სხვა საკითხია: რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს ინიციატივა კრემლიდან ცხინვალში ჩაწოდებულ იდეად? ერთის მხრივ, პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ექსპერტებმა ერთხმად დაგმეს «უდროო ინიციატივა»: «ეს უკვე ანექსია იქნება და რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევაო». პუტინმაც ხომ თქვა 2008 წელს: «სხვისი ტერიტორიები რად გვინდა, საკუთარიც თავზე საყრელი გვაქვსო.»
მართლაც, «სამხრეთ ოსეთის» რუსეთის ფედრაციასთან შეერთება უკვე იმდენად აშკარა გამოწვევა იქნებოდა, რომ დღევანდელი ევროპაც ვერ დახუჭავდა ამაზე თვალს. შეიძლება ცოტა უფრო მკაცრი განცხადებებიც გააკეთონ, ვიდრე 2008 წლის 28 აგვისტოს შემდეგ. მაგრამ ძალიან საეჭვოა, პუტინს ეს განცხადებები აშინებდეს. კრემლის სიგნალები ბიბილოვის ინიციატივის «უდროობის» შესახებ უფრო იმითაა გამოწვეული, რომ საკითხის პრაქტიკულ ჭრილში დაყენება ჯერ-ჯერობით მიზანშეუწონლად მიაჩნიათ, რაკი ეს ანგრევს იმ პარადიგმას, რომელშიც მოსკოვმა სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა: პატარა ერი შოვინისტური საქართველოს ზეწოლას განიცდის, იბრძვის თვითგამორკვევისთვის, რუსეთმა აღიარა მისი ეს უფლება, ხოლო ტერიტორიის გაზრდა არც უფიქრია.
2008 წელს როდესაც რუსეთის «საინფორმაციო ჯართა» ოფიცრები მთელს მსოფლიოში წინასწარ კარგად გააზრებულ და ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ომს აწარმებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი საიმსმა CNN-ის ეთერში თქვა: «სამხრეთ ოსეთი არასდროს ეკუთვნოდა დამოუკიდებელ საქართველოს, ანუ 1992 წლიდან არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თბილისი იქ რეალურ კონტროლს ვერ ახორციელებდაო». სამწუხაროდ, ჭკვიანურად პასუხის გამცემი არავინ იყო, რათა გასული საუკუნის 30-იანი წლების ევროპული (არა მხოლოდ გერმანული!) პრესის ამონარიდი მოეტანა: «გერმანელებით დასახლებული სუდეთის ოლქი არასდროს შედიოდა დამოუკიდებელი ჩეხეთ-სლოვაკეთის შემადგენლობაში!»
საერთოდ, ადოლფ ჰიტლერმა დიდი შეცდომა დაუშვა: სუდეთის ოლქი, 1938 წელს (იმავე დასავლელი ლიდერების სამარცხვინო გარიგების შედეგად), «რეიხისათვის» კი არ უნდა მიეერთებინა პირდაპირ, არამედ, მისი დამოუკიდებლობა უნდა ეცნო რეფერენდუმის საფუძველზე; შემდეგ «დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან» ხელშეკრულება გაეფორმებინა თავდაცვის სფეროსა და საზღვრების დაცვაში თანამშრომლობის შესახებ, საკუთარი ვალუტა გაევრცელებინა, ეკონომიკურად მიება და მაშინ არა ანშლუსი, არამედ «თვითგამორკვევა» იქნებოდა. სწორედ ამ ახალ ტექნოლოგიას იყენებს დღეს პუტინ-ლავროვის რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ისევე, როგორც სრგსიან-ლავროვის სომხეთი - ყარაბაღში.
რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ (ვიმეორებ) ტექნოლოგიას არღვევს, მაგრამ თუ ანატოლი ბიბილოვის ფიგურას ყურადღებით დავაკვირდებით, ისიც ცხადია, რომ მოსკოვის ინტერესთა სრული იგნორირებით იგი რეფერენდუმის იდეას არ გააჟღერებდა. როგორც ჩანს, იმ «ლაბორატორიებში», სადაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთა შეფერხების გზებსა და მეთოდებზე ფიქრობენ, ეს ერთ-ერთ სამომავლო ვარიანტად განიხილება. ოღონდ ძალზე საეჭვოა ამით ვინმე დააშანტაჟონ, რაკი იურიდიული ნიუანსების მიუხედავად, ტერიტორია ისედაც რუსეთის მიერ ანექსირებულად აღიქმება. ანუ აქ ახალი, მით უმეტეს რაიმე ემოციურად აღსაქმელი არაფერი იქნება.
უფრო მეტად სავარაუდოა, რომ «სასინჯად» გადმოაგდეს, თუმცა, საქართველოსთვის ხელსაყრელიც კია ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში და აიძულებს რაიმე მაინც მოიმოქმედონ რუსეთის მზარდი თავგასულობის მოსათოკად.
არც ისაა გამორიცხული, მოსკოვი იმავე ევროპას აშანტაჟებდეს: შეწყვიტეთ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ხელით ფათური, თორემ კიდევ ერთხელ (როგორც 2008 წელს) ჩაგაყენებთ მდგომარეობაში, როდესაც ლაფით გაწუწულები იდგებით მთელი მსოფლიოს წინაშე და საპასუხოდ ვერაფერს მოიმოქმედებთო.
„ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი