პროკურატურის ინიციატივით, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის მინი-ფეხბურთში ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირი 2010 წლის 13 მარტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის (ყოფილი `სკა~) საფეხბურთო მოედანზე გაიხსნა. პირველ მატჩში მონაწილეობა პროკურორებმაც მიიღეს, თბილისის პროკურატურის თანამშრომლები მე-10 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ. მატჩი მოსწავლეთა გამარჯვებით _ 5-2 დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, მოსწავლეთა შორის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში დევიზით _ `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ~ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ნაწილია, ტურნირი სამ თვეს გასტანს და გამარჯვებული სკოლა სასწავლო წლის დასრულებამდე გამოვლინდება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები სიგელებსა და ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისთვის კამპანია 1 თებერვალს დაიწყო. პროკურატურის ძირითადი მიზანია აარიდოს არასრულწლოვნები დანაშაულებრივ გზას. სწორედ ამიტომ 2010 წელი საქართველოს პროკურატურამ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და უსაფთხო სკოლის წლად გამოაცხადეს. მთელი წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება - `საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტი გააგრძელებს საჯარო სკოლებში პროკურორების ლექციებს სამართლებრივ თემებზე, გაიმართება კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები უშუალოდ მოსწავლეთა მონაწილეობით.