ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: თუ გაგრძელდა პრეზიდენტის პასიურობა, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები გააჩინოს

რესპოდენტის შესახებ

,,ქართული ოცნების" ხელისუფლებას ორგანიზებულობა აკლია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის შემადგელობა გააკრიტიკა და მეტი ურთიერთშეთანხმებისკენ მოუწოდა. რეალურად რას ემსახურებოდა ღარიბაშვილის კრიტიკა, რა შეცდომებს უშვებს ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება და რატომ იჩენს პრეზიდენტი პასიურობას საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით? ,,ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

_ ბატონო რამაზ, რეალურად რას ემსახურებოდა პრემიერის კრიტიკა და რამდენად არსებობს სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციის პრობლემა?

_ აღნიშნული პრობლემა ყველგან არსებობს და ამ შემთხვევაშიც გასაკვირი არაფერია. გახსოვთ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა კოორდინაციის პრობლემა, განსაკუთრებით შევარდნაძის პირობებში, სააკაშვილის დროს უფრო ნაკლებად, რაც მიუთითებს იმაზე რომ ავტორიტარულ რეჟიმს გარკვეული პლუსები აქვს. ხელისუფლებას ისედაც საყვედურობენ არა მხოლოდ არაორგანიზებულობას, არამედ პრობლემების გადაწყვეტის საკითხებშიც. ბუნებრივია, კოორდინაციის პრობლემაც დადგებოდა.

_ პრემიერის მხრიდან მინისტრების საჯაროდ გაკრიტიკება სწორი ტაქტიკა იყო?

_ შეიძლება მსჯელობა ღარიბაშვილის მხრიდან რამდენად სწორი იყო საჯაროდ მინისტრების კრიტიკა, რადგან ცდილობენ შეინარჩუნონ ერთიანობის სურათი. გავიხსენოთ წარსული, როცა სააკაშვილის ამოცანად ჰქონდა ეჩვენებინა დისტანცია იმისგან რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების ესა თუ ის წევრი აკეთებდა. ყოფილი პრეზიდენტი არ ერიდებოდა მის ღიად კრიტიკას, პირიქით კრიტიკის ობიექტისადმი კრიტიკა ხშირად შეურაცხმყოფელიც იყო. ასე რომ, რა ამოცანაც აქვს მთავრობის ხელმძღვანელს იმის მიხედვით შეიძლება კრიტიკულიც იყოს. სავარაუდოდ, ღარიბაშვილის ამოცანა იყო რომ კონკრეტული კანონპროექტის თემა მის საკითხად არ აღქმულიყო.

_ კანონიერ ქურდებთან დაკავშირებულ კანონპროექტს გულისხმობთ?

_ დიახ.

_ აღნიშნეთ, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებას არა მხოლოდ კოორდინაციის, არამედ პრობლემების გადაწყვეტის შესახებაც საყვედურობენ. თქვენ რა მიგაჩნიათ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მთავარ პრობლემად და შეცდომად?

_ მთავარი შეცდომა არის ის საკითხი რამაც საუბარმა მიგვიყვანა, კერძოდ, ორგანიზებულობის გაუმჯობესება. მთავრობა, შეიძლება, გენიალური ადამიანებით იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ თუ მინისტრთა კაბინეტის შემადგელობა კარგად ორგანიზებული არა რის პრობლემები გაჩნდება.

_ გამოდის რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებას ორგანიზებულობა აკლია?

_ დიახ, ორგანიზებულობა აკლია.

_ ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ძირითადი მოვალეობა ქვეყნის საგარეო კურსზე მუშაობაა. თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამ კუთხით პასიურია. რა არის პრეზიდენტის პასიურობის მიზეზი?

_ ვერ გეტყვით, რადგან პასიურობის მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი მიზეზი ისიც შეიძლება იყოს რომ ხელისუფლებას საგარეო კურსთან დაკავშირებით სამზარეულოს ეტაპი ჰქონდეს, ამზადებდეს, გარკვეულ პროცესს. პასიურობა ხშირად, პლუსიც შეიძლება იყოს, გააჩნია როგორი მოქმედების გეგმა აქვს ხელისუფლებას. ხანდახან პასიურობა სტრატეგიაც კი არის.

_ შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილის პასიურობა სტრატეგიის ნაწილია?

_ დიახ.

_ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მითუმეტეს, ღარიბაშვილის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მაშინ რატომ ამ დრომდე ვერ მოხერხდა აშშ-ში ვიზიტი?

_ მოგეხსენებათ, მსგავსი დონის ვიზიტების განხორციელება მხოლოდ ერთი მხარის სურვილზე დამოკიდებული არ არის. ვიზიტის მიმართ ორმხრივი ინტერესი უნდა არსებობდეს. მეეჭვება, რომ აშშ დაინტერესებული იყოს ქართული თემით. საბედნიეროდ, აშშ-ის წამყვანი საკითხი აღარ ვართ. თვითონ აშშ-ში საკმაოდ მძიმე და მწვავე პროცესები მიმდინარეობს, ასევე მსოფლიოს სხვა წერტილებში ვიდრე საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობა, იგივე თუნდაც სომხეთში. თუმცა უსასრულოდ თუ გაგრძელდა პრეზიდენტის პასიურობა, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები გააჩინოს. კერძოდ, სახელისუფლებო სტრუქტურების დახვეწა არ მოხდეს ისე როგორ კონსტიტუციაშია გაწერილი. თორემ საგარეო ურთიერთობებში გადამწყვეტი არ არის რა თანამდებობის პირი მოვა მათთან, მთავარია საქმე გაკეთდეს. თუმცა მეეჭვება ეს ასე მოხდეს, გიორგი მარგველაშვილი ჩაერთვება პროცესებში აქტიურად.


_ ბატონო რამაზ, გახსოვთ პრეზიდენტის ინაუგურაციამ ბევრი დეტალის გამო კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ მარგველაშვილის ინაუგურაციას არც ერი ქვეყნის მაღალი დონის სტუმარი არ დაესწრო. შესაბამისად როგორც წესი, რანგს და სტატუსს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

_ ახალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი თავად არ არის იმ დონის პასუხისმგებლობის მქონე, მისი უფლებამოსილებები შეზღუდულია რა დონის სტუმრებსაც ველოდებოდით ხოლმე წინა ინაუგურაციებზე წინა კონსტიტუციის მიხედვით. ამიტომ ჩნდება კითხვა გადასახედი ხომ არ არის თავად კონსტიტუცია, რადგან თავად სააკაშვილმა ბევრი ცვლილება კონსტიტუციაში შეიტანა იმგვარად რომ თვითონ იქნებოდა პრემიერი და თავის თავზე მოირგებდა.

_ კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში, პრეზიდენტის უფლებამოსილებები ისევ უნდა გაიზარდოს?

_ მიმაჩნია, რომ საერთოდ საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი საქართველოსთვის შეუფერებელია. ის რასაც საპარლამენტო რესპუბლიკა ითვალისწინებს, რომ პარტიებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, ვფიქრობ, ჯერჯერობით, საამისო პარტიული სტრუქტურა, არ გვაქვს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს. მიმაჩნია, პრეზიდენტის უფლებამოვალეობები უნდა დაკონკრეტდეს, ნაკლებად უნდა იყოს პარალელური, რადგან საგარეო ურთიერთობებზე საგარეო საქმეთა სამინისტროა ორიენტირებული. შესაბამისად პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ის ფუნქციები, რომელსაც მის გარდა ვერავინ შეასრულებს.

_ გაჟღერდა, რომ აშშ-ში პირველად გაემგზავრება არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლების მხრიდან ეს სწორი სტრატეგიაა?

_ შევეჩვიეთ, რომ პრეზიდენტის უკან დგას ადამიანი, რომელიც ქვეყანაზე პასუხისმგებელია, თუმცა ახალი კონსტიტუციით სხვა ვითარება გვაქვს. პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება რომც მიიღოს, მისი რეალიზება მთავრობის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ შეეძლება. ასე რომ, თუ ლაპარაკია იმაზე მსგავსი დონის ვიზიტზე გადაწვეტილების მიმღები პირი უნდა წავიდეს, მაშინ გასაგებია ეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს.

,, ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მირანდა ნაბახტეველი

 

ავტორი: . .