ჯერ იყო და, უდიდესი აურზაური გამოიწვია მისმა ფრაზამ «შეიძლება სააკაშვილი მართალიც აღმოჩნდესო», რასაც პირველი ანდრეი ბაბიცკის «ეხო კავკაზა» გამოეხმაურა ვინმე დემის პოლანდოვის ბლოგით.
ისე, რა ამის პასუხია და, თბილისში, უკვე რამდენიმე წელია, «რატომღაც» არავინ სვამს ელემენტარულ კითხვას: თუკი ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ უჭერს მხარს აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს, მაშინ რატომ ეწევა ამერიკის სახელმწიფოს მიერ (!) ასი პროცენტით დაფინანსებული ეს რადიოსადგური და მისი საიტი იმავე სეპარატიზმისა და ეთნოწმენდის (გალის რაიონში ხელახალი პასპორტიზაციის), აგრეთვე ქართველოფობიისა და ზოგჯერ საქართველოსადმი პათოლოგიური ზიზღის ესოდენ აღვირახსნილ პროპაგანდას?
პროფესიონალი ბლოგერი (ამ რადიოს თანამშრომელი) დემის პოლანდოვიც აღშფოთებას ვერ მალავს ზაქარეიშვილის განცხადების გამო. წერილიც ნიშანდობლივად დაუსათაურებია ირონიული ქვეტექსტებით: «რატომ არ გამოუვიდა პაატა ზაქარეიშვილს?» ალუზიაა ცნობილ წიგნთან «რატომ გამუვიდა საქართველოს» და, აგრეთე გამოსვლა-არგამოსვლის თუ შეძლება-ვერშეძლების ცნობილ პიკანტურ თემასთან.
ამ ირონიით ისეთი, და არც თუ მთლად უსაფუძვლო შთაბეჭდილება დარჩება ადამიანს, რომ (ვიმეორებ) ამერიკის მთავრობის მიერ 100%-ით დაფინანსებული რადიოსადგურის წამყვან კომენტატორს ძალიან ეწყინება, თუკი საქართველოს რაიმე გამოუვა ამ ან რომელიმე სხვა მიმართულებით.
დემის პოლანდოვი, პაატა ზაქარეიშვილის «დიდი იმედგაცრუების» კომენტირებისას აღშფოთებით კითხულობს: «ნუთუ ზაქარეიშვილს ეგონა, რომ აფხაზები ან ოსები ასე იოლად დაივიწყებდნენ, რა ერქვა მის თანამდებობას სულ რამდენიმე დღის წინ და მასთან პირდაპირ მოლაპარაკებას დაიწყებდნენო».
მაინც რა ერქვა ასეთი მონსტრუალური? რა და, «რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი!» ჩვენს გულუბრყვილო პაატას აშკარად ეგონა, სახელის გადარქმევით ნდობას გაზრდიდა, პასუხად კი, ერთის მხრივ, სეპარატისტთა ცივი მდუმარება მიიღო, მეორეს მხრივ ვინმე პოლანდოვის ირონია; რამდენიმე წლის შემდეგ თუ კიდევ დაიჩივლებს, იგივე პოლანდოვი ( ან ვინმე სხვა) დაწერს: «ნუთუ ეგონა ზაქარეიშვილს, რომ აფხაზები ან ოსები ასე იოლად დაივიწყებდნენ, რა ერქვა მის თანამდებობას სულ რამდენიმე წლის წინ?» მერე «სულ ოციოდე წლის წინ», მერე «სულ რაღაც ნახევარი საუკუნის წინ» და ასე დაუსრულებლად, სანამ აფხაზეთისა და «სამხერთ ოსეთის» დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ.
თუმცა, თავად სახელმწიფო მინისტრი კვლავ აგრძელებს საკუთარი ღირებულებებით ტკბობას (ეს მთელი მისი მოღვაწეობის არსია) და, სამწუხაროდ, ვერ ამჩნევს, რომ სოხუმშიც და ცხინვალშიც «სასარგებლო გულუბრყვილოდ» მიიჩნევენ, რომელსაც, რამე რომ იყოს, კიდეც გამოიყენებენ რუსეთთან ვირეშმაკულ თამაშში.
კლასიკური მაგალითია ზაქარეიშვილის განცხადება სირიაში დარჩენილ აფხაზ მოჰაჯირთა გატარების შესახებ საქართველოს ტერიტორიის გავლით, რაც სეპარატისტებმა ბრწყინვალედ გამოიყენეს რუსეთის დასაშანტაჟებლად: «ხომ ხედავთ საქართველო გვთავაზობს და თქვენ თუ სოჭიდან არ გაატარებთ, იცოდეთ, აგერ არის ზაქარეიშვილიო».
იგივე «გულუბრყვილობის» უახლესი ნიმუში: სოჭის ოლიმპიადის მომიზეზებით, მოსკოვმა ჩაკეტა საზღვარი აფხაზეთთან, რათა აიძულოს სეპარატისტები, წავიდნენ დათმობებზე ეთნიკური რუსებისათვის ბინების დაკანონების, უძრავი ქონების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის, ახალი ათონის მონასტრის კუთვნილებისა და რუსეთისათვის სენსიტიურ სხვა საკითხებში.
ჩვენ რომ ჭკვიანურად გვემოქმედა და არა ბრიყვულად, შეიძლება ისეც მომხდარიყო, რომ ფსოუს საზღვარი საერთოდ არ გაეხსნათ. ერთადერთი, რაც მოსკოვს აფერხებდა, აქამდეც გამოეყენებინა ეს ბერკეტები სოხუმის წინააღმდეგ, იყო შიში, რომ ამით საქართველო ისარგებლებდა, ხოლო სეპარატისტები რაიმე დათმობაზე წავიდოდნენ თბილისთან.
რა მოხდა რეალურად? როგორც კი საზღვარი ჩაიკეტა, პაატა ზაქარეიშვილმა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, არაფრის გამო და არაფრის სანაცვლოდ, კვლავ მიართვა სეპარატისტებს საჩუქარი და განაცხადა: «ჩვენ გავუხსნით ყველა საზღვარს და ყველა საშუალებასო».
კი მაგრამ რატომ? ზღვისფერი ლამაზი თვალებისთვის? სანაცვლოდ სეპარატისტები თუნდაც, გალის რაიონში ხელახალ ეთნოწმენდას შეაჩერებენ? არამც და არამც! აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხინთბამ მედიდური ზიზღით უპასუხა ჩვენს «სასარგებლოდ გულუბრყვილო» სახელმწიფო მინისტრს «ეხო კავკაზას» სტილში: «არაფერში გვჭირდებით, დაგვეკარგეთ აქედან და ამ აბსურდულ თემაზე არანაირი მოლაპარაკება არ წარმოებსო». სინამდვილეში, ეს განცხადებაც მოსკოვის ფარული დაშანტაჟებაა: «ხომ ხედავთ ქართველები როგორ გვიძვრებიან, ჰოდა ფსოუს საზღვარი დროულად გახსენითო»
კი მაგრამ, დალოცვილო, დაელოდე ჯერ, სანამ ჩვენი მტრები «დაჭამენ ერთმანეთს» და თვით სეპარატისტები გააჟღერებენ, რომ მზად არიან საქართველოს მიმართონ მოჰაჯირთა გატარების თხოვნით. ამის მერე დაუჭირე საჯაროდ მხარი! დაელოდე, სანამ ისინი პირველნი იტყვიან, რომ რუსეთი ბლოკადას უწყობს, თბილისისკენ გამოიხედავენ და მერე დაუდასტურე ამ თემაზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გარკვეული საპასუხო დათმობებით. უდროო დროს რატომ აძლევ საბაბსა და მასალას მოსკოვთან ვირეშმაკული თამაშისთვის?
რა, მადლობას გვეტყვიან თუ ქართველებს აღარ გამოყრიან გალიდან?
2005 წელს, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთიდან მანდარინის იმპორტი აკრძალა, პაატა ზაქარეიშვილის წინამორბედმა და მის დარად «სასარგებლოდ გულუბრყვილო» გოგა ხაინდრავამ, კულუარული მოლაპარაკების და ფარული დიპლომატიის ნაცვლად, საჯაროდ დააბრეხვა (მაშინაც არაფერის სანაცვლოდ): «რუსეთი თუ არ იყიდის აფხაზურ მანდარინს, ჩვენ ვიყიდითო». მოსკოვმაც მაშინვე გახსნა ფსოუს საზღვარი.
ალბათ ახლაც გახსნის, როგორც კი ოლიმპიადა ჩაივლის, რაკი ქართველ პოლიტიკოსთა «გულუბრყვილო» განცხადებები პუტინის რეჟიმს იმაზე მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე აფხაზთა შეურიგებლობა ყველა სადავო საკითხში.
"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე
P.S.: საქართველოს ხელისუფლებაში ვინმე დაფიქრდება ოდესმე, რომ მისი ჩინოვნიკებისა და მაღალი თანადებობის პირების პოლიტიკური „გულუბრყვილობა" - უფრო პოლიტიკური „დებილიზმის" კატეგორიას განეკუთვნება და ქვეყნისთვის მავნებელია?