ENG / RUS       12+

ეთნოწმენდის მესამე ტალღა აფხაზეთში

ქართული სოციალური მენტალობის პრობლემა

სანამ ახალ წელს ვზეიმობდით ან შიდაპოლიტიკური ინტრიგებით ვიყავით გართულნი, აფხაზმა სეპარატისტებმა დიდი და მახინჯი სიურპრიზი მოგვიმზადეს: სოხუმის ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაძევოს გალის რაიონიდან იქ დარჩენილი ან შიშითა და ძრწოლით ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაბრუნებული ქართველები.

სხვას არაფერს მოასწავებს ხელახალი პასპორტიზაცია, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონის მცხოვრებთაგან აფხაზურ პასპორტს მხოლოდ ის მიიღებს, ვინც თბილისიდან ჩაიტანს ცნობას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. თავისთავად ამ ცნობის აღება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს: მოქმედი კანონმდებლობით, არავინაა ვალდებული დააკონკრეტოს, რატომ და რისთვის სჭირდება «მოქალაქობიდან გასვლა». მაგალითად, ვაპირებ ამერიკის მოქალაქეობის მიღებას, საფრანგეთის ან რუსეთის და მჭირდება ცნობა!

მაგრამ ასეთი ცნობის გაცემა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საქართველოს სახელმწიფოსთან ყოველგვარ იურიდიულ ბმას კარგავს და აქ ვეღარაფერს გააკეთებს. გალელ ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას კი ეს ნამდვილად არ სურს. თანაც, არა მხოლოდ პატრიოტული და ემოციური, არამედ წმინდად პრაქტიკული მოსაზრებებით. ისინი უეჭველად ამჯობინებენ დატოვონ გალის რაიონი და გადმოსახლდნენ ენგურს გადმოღმა. გამონაკლისი იქნებიან მხოლოდ მოხუცები და ისინი, ვინც ეთნიკურ აფხაზად ჩაეწერება, ანუ საქართველოსთან არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ემოციურ და კულტურულ კავშირსაც გაწყვეტს. მაშასადამე, იდენტობაზე იტყვის უარს.

სხვათა შორის, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ესეც გენოციდისა და ეთნოწმენდის ერთ-ერთი ფორმაა. სეპარატისტებიც სწორედ ამიტომ იკავებდნენ ბოლო დრომდე თავს, მაგრამ ახლა სხვა გარემოებები წარმოიშვა, რომელთაგან პრეზიდენტ ანქვაბსა და მის ოპოზიციას შორის დაპირისპირება მხოლოდ ერთი და არც თუ ყველაზე არსებითი მიზეზია.

საბრალო გალელი ქართველები, რომლებიც ხშირად კვეთენ «აქეთ» ენგურის საზღვარს, ძრწოლით ელიან, რომ ერთხელაც, აფხაზი მესაზღვრეები აფხაზურ პასპორტს გამოართმევენ ზუგდიდში გადმოსვლისას და მერე უკან აღარ შემოუშვებენ. ჩვენში დამკვიდრებული ბრიყვულ-პრიმიტიული სტერეოტიპის მიუხედავად, სინამდვილეში, ენგურის სასაზღვრო პუნქტზე სწორედ სეპარატისტები დგანან, ანუ ისინი (და არა რუსები) წყვეტენ, ვინ შემოუშვან და ვინ არა. რუსი მესაზღვრეები საზღრის პერიმეტრს აკონტროლებენ ენგურის გასწვრივ, თუმცა საპასპორტო რეჟიმში ისინი არ ერევიან.

გალის მოსახლეობისადმი ამგვარი დამოკიდებულება იმაზეც მეტყველებს, რომ სეპარატისტებმა ვერ მოახერხეს მთავარი მიზნის მიღწევა, რასაც მთელი განვლილი 20 წლის განმავლობაში ცდილობდნენ, ანუ ქართული მოსახლეობის «გააფხაზება» და ამით აფხაზეთში ეთნო-დემოგრაფიული ვითარების შეცვლა. რეალურად, იმ ფრთხილი და ჭკვიანური პოლიტიკის შედეგად, რასაც ამ რეგიონში პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაცია ატარებდა (მის მომდევნოზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით), გალის ქართველობამ შეინარჩუნა დანარჩენ საქართველსოთან როგორც პრაქტიკული და მერკანტილური, ასევე ემოციური ბმა, ანუ შეინარჩუნა ეროვნული იდენტობა.

მიუხედავად ამისა, გალის რაიონი ყოველთვის რჩებოდა კოზირად შიდააფხაზურ თამაშებში, რამაც თითქოს ახლა მიაღწია კულმინაციას, როდესაც ოპოზიცია გააფთრებით უტევს ანქვაბის გუნდს. მაგრამ რატომ სწორედ ამჟამად? ვითომ მიზეზი მხოლოდ ანქვაბსა და ოპოზიციის ლიდერ ხაჯიმბას გამწვავებული დაპირისპირებაა?

როგორც ჩანს, რეალური მიზეზი უფრო ღრმადაა საძიებელი. გალის რაიონში მესამე ეთნოწმენდით (1993,1998,2013) სეპარატისტები (ისევე როგორც მათი ოსი კოლეგები მავთულხლართების გატარებით ქართულ სოფლებში), ცდილობენ თავიანთი მოსკოველი პატრონებიც დააშანტაჟონ, რაკი ძალიან აღელვებთ და აშინებთ კონფრონტაციული რიტორიკის შემცირება მოსკოვსა და თბილისს შორის. მათ კარგად იციან, რომ ქართველი პოლიტიკოსები და ქართული საზოგადოებაც ყველა ნაბიჯს, ყველა გადაწყვეტილებას, ყველა ცვლილებას მხოლოდ და მხოლოდ რუსეთ-საქართველოს დისკურსში განიხილავენ და შესაბამისი რიტორიკაც განახლდება.

ამის კლასიკური მაგალითი გახდა სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ბოლო ინტერვიუ, რომლითაც მან აღიარა, რომ მიშა «მართალი გამოდგება», თუკი აფხაზური და ოსური მხარეები კვლავაც უარს იტყვიან ქართულ მხარესთან პირდაპირ დიალოგზე, ანუ ამით ვითომდაც დადასტურდება, რომ «რუსეთი უკრძალავთ» ამგვარი დიალოგის წარმოებას, თორემ თავად იმის სურვილი წვავთ, როდის დაიწყებენ საქართველოსთან მოლაპარაკებას

სინამდვილეში მოვიდა დრო მივხვდეთ, რომ სოხუმიც და ცხინვალიც საკუთარ თამაშს თამაშობენ, ხოლო მათი ერთ-ერთი უცდომელი მეთოდი თბილისში მუდმივი ანტირუსული ისტერიის პროვოცირებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება იგივე მავთულხლართების გატარება, რასაც რუსი მესაზღვრეები არა საკუთარი ინიციატივით, არამედ სწორედ სეპარატისტთა კატეგორიული მოთხოვნით აწარმოებენ. ხოლო თუ უარს იტყვიან, სეპარატისტები თავიანთი ძალებით დაიწყებენ იგივეს კეთებას, ოღონდ ნებისმიერ სასაზღვრო ექსცესზე პასუხისმგებლობა, ევროპელი დამკვირვებლების თვალში, მაინც მოლოდ მოსკოვს დაეკისრება.

იგივე ტაქტიკური სქემა აქვთ აფხაზ სეპარატისტებსაც: დაძაბონ ვითარება, მოაწყონ ხელახალი ეთნოწმენდა ზუსტად მაშინ, როდესაც მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი მიმდინარეობს.

პრიმიტიული ინტერპრეტაციების ავტორები, რასაკვირველია ყველაფერს ისევ რუსეთის აგრესიით ახსნიან. თუმცა აქ სიმართლის გარკვევა არც ისე რთულია: ტყუილად ნურავის ექნება იმედი, რომ თუკი საქართველო, მაგალითად, ევროპასთან ასოცირებაზე იტყვის უარს, აფხაზი სეპარატისტები გალში ხეალხალ პასპორტიზაციას, ანუ ეთნოწმენდას შეწყვეტენ, ხოლო ოსი სეპარატისტები - მავთულხლართების გატარებას. პირიქით, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი აგრესიით გააკეთებენ იგივეს. ამიტომ, ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმით საქართველო რეალურად ვერაფერს მიიღებს, თუ, რასაკვირველია, პარალელურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის «სუბიექტობას» არ ვცნობთ და მათთან «თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას» არ გავაფორმებთ, რაც ამ რეგიონთა სუვერენიტეტის ირიბი აღიარება იქნება მთელი მსოფლიოს თვალში.

ზოგადად კი, ყველა ეს გადაცდომა იქედან მომდინარებს, რომ ქართულ საზოგადოებას, უკვე 25 წელია, ძალიან უჭირს ერთი მარტივი დებულების გააზრება: სინამდილეში, საქართველოს თვისებრივი მტერი არის არა რუსეთი, არამედ აფხაზური და ოსური სეპარატიზმი. რუსეთი მათ იყენებს თავისი გეპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა მაინც მეორადია, ხოლო სეპარატისტთა ასწლოვანი (!) იმმანენტური ზიზღი და სიძულვილი საქართველოს მიმართ- პირველადი.

მხოლოდ ამ ჭეშმარიტების გააზრების შედეგად თუ იქნება შესაძლებელი ორივე მიმართულებით გონივრულად სტრატიფიცირებული პოლიტიკის გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კვლავაც დავრჩებით სახელმწიფო მინისტრის მეტისმეტად მარტივი სქემების ტყვეობაში, რომ ოსებს საქართველოში სამკურნალოდ გადმოსვლას ცხინვალის ქართველოფობიური და ფაშისტური რეჟიმი კი არ უშლის, არამედ მოსკოვი, რომელიც თურმე სწორედ ამ მიზნით აგებს მავთულხლართებს. არადა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მაშინ ლარსიდან რატომ ატარებს იგივე ცხინვალელ ოსებს?

ალბათ დროა უფრო «რთულად აზროვნება» იმათ მაინც მოვთხოვოთ, ვისაც ქვეყნის, ანუ ყოველი ჩვენგანის ბედი აბარია.

„ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .