ENG / RUS       12+

ეს ახალი წელია!

დაიტანჯა და დაიხოცა ჩვენი მორწმუნე ხალხი საახალწლო სუფრასთან! ალბათ დამატებითი გამოცდა და განსაცდელია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ყოველწლიურად ნერწყვს უნდა ყლაპავდეს შემწვარ-მოხრაკულით სავსე სუფრასთან და ხსნილის სასოებას ელოდოს.
თუ ვინმეს ჰგონია, ამ ვითომ «წვრილმანს» პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი განზომილება არა აქვს ძალიან ცდება. მამა ზოსიმე მასობრივი მოვლენა ვერ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ აზრსაც დაკარგავს. ამიტომ, დოსტოევსკისეული სიღრმის ნაცვლად, ჩვენი ბავშვობის დროინდელი იტალიური კომედია «სენიორ რობინზონი» გახსენდება ადამიანს. ის ეპიზოდი, როდესაც კუნძულოვანთა შორის შიმშილის კონკურსი ტარდება.
შეჩვეულობის გამო ვერ ვაცნობიერებთ. არადა, ან საერთოდ არ უნდა ვიზეიმოთ მაშინ ეს «საბჭოთა დღესასწაული», რომელიც რუსი კომუნისტების იმდენად გენიალური მიგნება აღმოჩნდა, რომ ელდარ რიაზანოვის «ირონია სუდბასავით» შესისხლხორცდა, ან გრიგორიანული კალენდრის უარმყოფელი ეკლესიის მეთაური რატომ გვილოცავს? იულიანური კალენდრით ხომ მხოლოდ 17 დეკემბერია?
იმ ევროპაში, საითაც ვითომ ვისწრაფით, ასეთი დღესასწაული საერთოდ არ არსებობს. არ არსებობს არც ბალტიის ქვეყნებში. იმიტომ, რომ მათი ინკორპორირება უცხო კულტურაში მართლა ძალადობრივი და არაბუნებრივი იყო. მაგრამ ჩვენ ისევ გვიყვარს. ამიტომ საერო და საეკლესიო ხელისუფლებაც იძულებულია ერთმანეთს ხმა აუწყოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
«რუსთავი ორმა» ოფიციალური მილოცვებისთვის ტრადიციულად საშუალო დონის საახალწლო კონცერტი არ შეწყვიტა. სოციალურ ქსელებში ქართველი მომღერლების დიდი «ჭმაა» ატეხილი - ვინ დაპატიჟეს და ვინ არა. შემდეგ, აქედან გამომდინარე, ვინ ვისთან ჩააწყო, ვინ ვისი საყვარელია და სხვა მსგავსი.
მაგრამ თვით ფაქტია ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლოს ამგვარი რამ ედუარდ შევარდნაძის საწყალობელი მმართველობის დასალიერს მოხდა, როცა «გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ» საპრეზიდენტო მილოცვის ნაცვლად «დარდუბალა» გაუშვა ეთერში. ამ სატირული მულტსერიალის მთავარი ავტორი, გლდანში, პოლიფონიური ხვრინვის გამო უძილო ღამეებისას, ბევრჯერ ინანებდა, რომ ასე უმოწყალოდ დასცინოდა ისედაც გასაცოდავებულ და წარმავალ მოხუცს. თუმცა «რუსთავი ორს» ამჯერადაც დემარში გამოუვიდა დასტურად: Game is not over.
სამაგიეროდ, სხვა ტელეარხებმა, მიყოლებით: ჯერ პატრიარქი, შემდეგ პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი . . . . განსაკუთრებული დაკვირვება არაა საჭირო იმის აღსაქმელად, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალურია! ოფიციალური მილოცვა სხვაა და ფეისბუკის სტატუსი - სხვა. უკლებლივ ყველამ შეიძლება დაპოსტოს მილოცვა, პრეზიდენტიდან - ენერგეტიკის მინისტრამდე, მაგრამ კომიკურია, როდესაც «ევროპელობის» პრეტენზიის მქონე ნაციას ასეთი რანჟირებით ულოცავენ. თანაც ერთდროულად ულოცავს რამდენიმე ლიდერი. არაფერი მსგავსი ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება და არც შეიძლება მოხდეს. ოფიციალური მილოცვა მხოლოდ ერთია. ან პრეზიდენტის, ან პრემიერის, ან ეკლესიის საჭეთმპრობლის. ამაზე კი ბატონო, არაოფიციალურად შეთანხმდნენ, მაგრამ «პირველი ლედის» სტატუსისა არ იყოს, არაბუნებრივი და კომიკურია, როცა ახალ წელს ოფიციალურად გვილოცავენ პრეზიდენტიც და პრემიერიც. მაშინ რატომ არ მოგვილოცა ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარემ? საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეებმა ან იუსტიციის მინისტრმა მშვენიერი პარიზიდან?
ამაზე მეტი აბსურდი უბრალოდ წარმოუდგენელია! პრეზიდენტი იმიტომაა სახელმწიფოს მეთაური, რომ საპარლამენტო რესპუბლიკებშიც კი, ცერემონიული ფუნქცია მაინც ეკისრება. თუნდაც ასჯერ ნაკლები უფლებამოსილება ჰქონდეს პრემიერზე, ამით არაფერი იცვლება.
დღეს კი არიან ერთი გუნდის წევრები, მაგრამ ხვალ თუ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები გახდნენ პრეზიდენტი და პრემიერი, მაშინ რაღა ვქნათ? ამ უგვანი «ტრადიციის» შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციებიც მოითხოვენ «პრაიმ - ტაიმში» დროს ოფიციალური მილოცვისთვის და წინასაარჩევნო ეთერი «მეორე არხის» ვიდეო-დაიჯესტს დაემსგავსება. დიდი შეღავათი ნამდვილად არაა, რომ გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ვიზუალური მხარე მაინც შეათანხმეს წინასწარ. ანუ ერთი «შინ» იყო, მეორე «გარეთ».
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოფიციალურ საახალხლო მილოცვათა კონტენტ-ანალიზი კიდევ ცალკე თემაა. პატრიარქმა მოგვიწოდა, ნუ ვაქცევთ საქართველოს საჯილდაო ქვად ამერიკასა და რუსეთს შორის, ესე იგი «ვიპოვოთ ოქროს შუალედი». ეს ძველი აზრობრივი კორელანტია. სინამდვილეში, არანაირი «ბრძოლის ასპარეზი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის» საქართველო და კავკასია არ არის. რეალურად, მიშასა და მისი გუნდის ახალგაზრდულ ილუზიათა მიუხედავად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან, ამერიკა კავკასიას რუსეთის ექსკლუზიური და პრიორიტეტული ინტერესების სფეროდ აღიარებს, ეს რეგიონი (მათ შორის საქართველო) რუსეთ-ამერიკის დღის წესრიგში პირველ ათეულშიც არ შედის და თუ ამას 2008 წლის შემდეგ მაინც ვერ მივხვდით, ჩვენი საქმე ბევრად უარესადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
«ვარდების რევოლუციის» ბერნდი, როგორ არა, ძალიან მოსწონდათ, სჭირდებოდათ ტაქტიკური მოსაზრებებით და კარგადაც გამოიყენეს მაღრიბის ქვეყნებში, მაგრამ მალტის 1989 წლის ისტორიული გარიგების («მინუს ბალტია») რევიზია - ნურას უკაცრავად! სახელმწიფო დეპარტამენტის მესამეხარისხოვანი ჩინოსნები ამდენად ბრიყვნი როდი იყვნენ, წითელი ზღვარი ვერ შეემჩნიათ. აქედან გამომდინარე, მოწოდება «ვიპოვოთ ოქროს შუალედი» სხვა არაფერია, თუ არა, უბრალოდ, მოწოდება რეალობის აღიარების და მასთან შეგუებისა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის სპიჩს, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე პრიორიტეტი გამოკვეთა ექსპრესიული ჟესტიკულაციით. და ყველა მათგანი კითხვებს აჩენს. მაგალითად, რას ნიშნავს «იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლება?» მესმის, იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით ან ექსპორტის ზრდა იმპორტის შემცირების კვალობაზე, მაგრამ ექსპორტმა იმპორტი სად და როგორ უნდა ჩაანაცვლოს? როგორც ჩანს, მეტისმეტად ენდობა თავის სპიჩრაიტერებს. ეს კი სახიფათოა. იხილეთ დიდი რომან პოლანსკის The Ghost Writer. სპიჩრაიტერი დაგღუპავს და სპიჩრაიტერი აგაშენებს!
გარდა ამისა, ეს «ყველა დაუმუშავებელი მიწის დამუშავება» რაღაც ეკონომიკურ კოშმარად იქცა უკვე! ნაცვლად ურბანიზაციისა, რის აუცილებლობასაც დღევანდელი მთავრობის წევრებიც აღიარებდნენ (მკაფიო სიმპტომია «ანაკლიის», იგივე «ლაზიკის» პორტის პროექტი), ისევ გლეხობისათვის ნიჩბებისა და წალდების დარიგება ვაუჩერებით?
მეორეს მხრივ, ამ განცხადებამ ის კი დაადასტურა, რომ ახალგაზრდა პრემიერს ძალიან კარგად ესმის: ხელისუფლების ბედი 2014 წელს ეკონომიკაში გადაწყდება. თუ ეკონომიკამ ვარდნა განაგრძო, არავითარი «საჩვენებელი დაჭერები» და გენერალურ პროკურორად თინიკო ხიდაშელის განმწესება (ვაი მათ ვისაც . . . !) ამ მთავრობას ვერ უშველის.


„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

ავტორი: . .