ENG / RUS       12+

კატასტროფა ``ოთარ ფარცხალაძე``

გენერალური პროკურორის "გარშემო" აგორებული სკანდალი მმართველი კოალიციის ძალიან მწარე მარცხია. როგორც არ უნდა დასრულდეს მთელი ეს ისტორია, ხელისუფლებამ მეტისმეტად ბევრი დაკარგა. თანაც, არათუ «ამდენი», რამედ ამის მეასედიც არ ღირდა «ასეთ» ფასად.

სწორედ ეს მომენტია აქ ყველაზე ნიშანდობლივი: ასეთი რა უჭირდათ, რომ ამოდენა კოალიციასა და ესოდენ მრავალრიცხოვან გუნდში იურისტი ვერ იპოვეს, ვისაც ვერავინ დააბრალებდა გერმანიაში ქურდობა-ყაჩაღობას და «ჰარვარდი» თუ არა «ჯავახიშვილი» მაინც ექნებოდა დამთავრებული?
«მაგარი სპეციალისტიაო». ფართოდ გავრცელებული დემაგოგიის მიუხედავად, არაფერი განსაკუთრებული «სპეციალისტობა» არ უნდა გენერალურ პროკურორობას: პროკურატურაში უამრავი ბრწყინვალე იურისტი მუშაობს, გენერალურმა პროკურორმა კი პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. მაშასადამე, საქმე არა სპეციალისტობაში, არამედ ნდობასა და მართულობაშია!
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა არჩევანი მასზე იმიტომ შეაჩერა, რომ ენდობოდა. მით უმეტეს, არჩილ კბილაშვილის შემდეგ, რომელიც, სინამდვილეში, ბევრად ნაკლებ მართვადი იყო, რაც ირაკლი ოქრუაშვილისა და ლადო ბედუკაძის საქმეებში გამოვლინდა.
მაგრამ «ნდობადობის» ხარისხს გამოკიდებულ ხელისუფლებას ისეთი შეცდომა მოუვიდა (საეჭვოა წინასწარ სცოდნოდათ), რომ ამის გამოსწორება, უდიდესი პოლიტიკური დანაკარგის გარეშე, უკვე შეუძლებელია.
საოცარია, მაგრამ ამ ისტორიის არსებითი განხილვისას, რატომღაც არავინ სვამს ყველაზე მთავარ კითხვას: მოიხადა თუ არა ოთარ ფარცხალაძემ სასჯელი გერმანიის ციხეში? ყურადღებით წავიკითხოთ მისი განმარტება. იქ წერია, რომ სასამართლოს მისთვის «არანაირი იძულებითი ღონისძიება არ დაუკისრებია». ფარცხალაძე კარგი იურისტია და იცის სხვაობა «იძულებით ღონისძიებასა» და «აღკვეთის ღონისძიებას» შორის. სხვაგვარად გაუგებარია: თუ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა (ამას არ უარყოფს თვითონ), მაშინ ან ეს განაჩენი უნდა ჩათვლილიყო პირობითად, ან ჯარიმით შეცვლილიყო, ან რაიმე ამის მსგავსი.
ხოლო ის გარემოება, რომ გერმანიაში თავისუფლად მიდი-მოდიოდა განაჩენის (თუ სასჯელის მოხდის?) შემდეგ, ბევრს არაფერს ნიშნავს. გერმანიის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მთელს ევროპაში და სულაც არ არის გამორიცხული, სასჯელი დეპორტაციას ან ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას არ ითვალისწინებდეს.
რაც შეეხება თვით ინციდენტს, რომელიც პროკურორ ფარცხალაძეს 2001 წელს შეემთხვა. ორივე მხარე ძალიან ცდილობს აბურდოს და გააბუქოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ფაქტებს შევაჯერებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, რა მოხდა რეალურად. გერმანიაში და, მთლიანად, ევროპაში, ქართველები დიდი მაღაზიების ქურდობაზე არიან დასპეციალიზებულნი. თუ, მაგალითად, ორი ახალგაზრდა მაღაზიაში შევიდა, იქ ქურთუკს ელექტროკოდი აახია, გარეთ გამოიტანა, მაგრამ პოლიციელებმა შენიშნეს, გამოეკიდნენ, მაგრამ მხოლოდ ის მოიხელთეს, ვისაც ქურთუკი უშუალოდ არ ჰქონდა, ხოლო მეორემ გაქცევა მოასწრო, მაშინ საქმე «ქურდობა-ყაჩაღობის» მუხლით აღიძვრება, რაკი მოხელთებულმა გაქცევა და წინააღმდეგობა სცადა. ოღონდ (ვიმეორებ) გერმანული სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალურობიდან გამომდინარე, თუ დაკავებულს უშუალოდ ვერ უპოვეს ნაპარავი, მაშინ საქმე კი აღიძრება ამ მუხლით, მაგრამ დაკავებულს ამისთვის ვერ გაასამართლებენ და მხოლოდ «პოლიციისთვის წინააღმდგეობის გაწევის» მუხლს მიუყენებენ.
რაღაც ამის მსგავსი რომ მოხდა, - უეჭველია.
ზოგადად, უამრავი ქართველი დაღუპა სამშობლოდან გამოყოლილმა «ძმაკაცობამ». დიდი ქართველი მომღერლის შვილი დღემდე იხდის სასჯელს ავსტრიის ციხეში მკვლელობისათვის, რომელშიც უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა: მხოლოდ კლასელს გაათევინა ღამე. ის კლასელი კი ვენაში ცნობილი ავტორიტეტის გასასაღებლად ჩავიდა, ვისაც მამის მკვლელობას აბრალებდა.
«ნაციონალებმა» თუ იცოდნენ ყოველივე ამის შესახებ? უეჭველად იცოდნენ და უამრავი ასეთი თავზეხელაღებულიც ჰყავდათ პოლიციის საშუალო რგოლში, რაკი სჭირდებოდათ «გამკეთებლები». თუმცა, აბსოლუტურად გამორიცხულია მიშას და მის გუნდს ისინი უმაღლეს თანამდებობებზე გაპარვოდათ. ადეიშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო იმის გარდა, რომ ოდესმე «ქურდობა-ყაჩაღობისთვის» იყო ნასამართლევი. თუნდაც სხვის ნაცვლად, რომელიც გერმანულ პოლიციაში «არ ჩაუშვა».
«ჩაუშვებდა» კი არ ერთიანად ჩანთქავდა!
განსაკუთრებით სახალისო იყო ახალგაზრდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ჟურნალისტების სიტყვა-პასუხი:
- ნასამართლევი არ არის (იგულისხმება, მოხსნილი აქვს)
- ნასამართლევი არ არის? აბა რა არის?
მართლაცდა, «აბა რა არის?» რა არის და «გამკეთებელი», რომელსაც, არჩილ კბილაშვილისგან განსხვავებით, ადვოკატთა «ჰამქრისკენ» თვალი არ უჭირავს და მართლა შეეძლო უკანმოუხედავად ემოქმედა რეზონანსული საქმეების გასახსნელად. ყველას ციხეში ამოაყოფინებდა თავს, ვისაც კი მიადგებოდა. ისევე, როგორც მისი წინამორბედი ოქრუაშვილი.
იმდენად, რომ ქალბატონი ბურჯანაძის იჭვნარევი შეშფოთებაც კი გამოიწვია. სწორედ ამით აიხსნება მისი მძვინვარე რეაქცია: ვანო მერაბიშვილი ყველა პროცესზე მოითხოვს, 26 მაისის ორგანიზატორი, როგორც მინიმუმ, გვერდში მიუსვან.
ხელისუფლებამ ეს თამაში უიმედოდ წააგო: ამიერიდან ხომ ნებისმიერ, თუნდაც ქუჩაში ხელჩანთის წართმევისთვის დაკავებულს შეუძლია თქვას, რომ ქურდობა-ყაჩაღობისთვის გასამართლებული სდებს ბრალს.
ამას ხელისუფლება როგორ და როდემდე გაუძლებს? გაუძლებს მხოლოდ მორიგ არჩევნებამდე!

"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .