"საბჭოთა კავშირი კაცობრიობის უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებული ტრიუმფია. არც ერთ ხალხს დედამიწაზე ჯერ არ ახსოვს ისეთი ბედნიერება, როგორიც მოპოვებული აქვს საბჭოთა ხალხს. არც ერთ ხალხს არ ახსოვს ისეთი დიადი ბელადები, როგორიც ლენინი და სტალინია. ეს ნამდვილი ხალხური ბელადები, ხალხის მიერ დიდების შარავანდედით შემოსილი, საბჭოთა პატრიოტიზმის უდიდესი შთაგონების წყაროა". ეს სიტყვები, შესაძლოა, ეპიგრაფადაც გამოგვეყენებინა, რადგან მასში ძალიან კარგად ჩანს მახინჯი საბჭოთა კომუნიზმისა და ტოტალიტარიზმის თავბრუდამხვევი ისტერიული სიყალბე თუ თვალთმაქცობა, გაამართლო და გააიდეალო ის, რაც სინამდვილეში იყო დრო გაიაფებული სიცოცხლისა, ბნელი და საშიში, ეპოქა _ უღმერთობისა. როცა ღმერთი არ არის (დოსტოევსკი), ყველაფერი დაშვებულია, ამიტომ კაცობრიობის ამ "უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებულ ტრიუმფში", საბჭოთა კავშირში, ფეხქვეშ გაითელა ყველაზე დიდი ღირებულება - ადამიანი, დაითრგუნა აზრი, ფიქრი, აიკრძალა ოცნება და სიყვარული, რწმენა და თავისუფლება... ტოტალიტარიზმის მსხვერპლი გახდა მილიონობით უდანაშულო ადამიანი, სრული ჯოჯოხეთი დამყარდა საბჭოეთში. ვიქტორ ნოზაძის შეფასებით, ეკლესიის მსგავსად, მარქსიზმ-ლენინიზმიც უკომპრომისოდ იბრძოდა საკუთარი დოგმების დასადგენად, გადახრების წინააღმდეგ, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. წერილში, რომელსაც "კომუნისტური ესხატოლოგია" ჰქვია, შემზარავი სტატისტიკაა მოყვანილი. ნოზაძის ინფორმაციით, რუსეთის ახალმა რევოლუციამ იმსხვერპლა 75 მილიონი ადამიანი. აქედან 5.600.000 იყო მრეწველი, მემამულე, ვაჭარი, 17 მილიონი გლეხი, 1933-37 წლებში პარტიულ "განწმენდას" შეეწირა 798.072 კომუნისტი. საბჭოეთში ებრძოდნენ ქრისტიანულ რელიგიას, ზოგადად რწმენას: "მართლმადიდებლობა ეწინააღმდეგება პროლეტარიატის სწორად გაგებულ ინტერესებს" - ამბობდა სტალინი. ასეთმა პროპაგანდამ სასულიერო წოდების ლიკვიდაციის აუცილებლობა განსაზღვრა: "პარტიას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური რელიგიურ ცრურწმენათა გამტარებლების მიმართ, რომელიც სწამლავს მშრომელი მასების შეგნებას. დავთრგუნეთ თუ არა რეაქციული სამღვდელოება?- დიახ, დავთრგუნეთ, ოღონდ უბედურება იმაშია, რომ იგი ჯერ კიდევ სავსებით არ არის ლიკვიდირებული". რელიგია ხალხის მტერია, სამაგიეროდ ბედნიერება კომუნიზმშია, არ უნდა გწამდეს ღვთისა, მაგრამ უნდა გჯეროდეს მარქსიზმ-ლენინიზმისა, რომელიც გვასწავლის, რომ რელიგია ისტორიულად წარმავალი მოვლენაა, რომ მისი არსებობა მარადიული არ არის. მარქსი ამბობს: "რელიგია ეს არის ჩაგრული ქმნილების ამოოხვრა, უსულგულო სამყაროს სული, უსულგულო უდროობის სული. იგი ხალხის ოპიუმია". ხალხი მასაა, რომელიც უნდა დააჯერო, რომ არ არის ღმერთი, გარდა ბელადისა. "მარქსი არის გაპიროვნებული ღმერთი.. კარლ მარქსს ჰყავს თავისი მოციქული ლენინი" (ვ. ნოზაძე: "კომუნისტური ესხატოლოგია"). ამგვარივე მოციქულებად თუ ღვთაებითა თანასწორად შეირაცხნენ სიცოცხლეშივე მითოლოგიური შარავანდედით მოსილი სხვა ლიდერები. საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ლენინიადა, სტალინიადა და... (ა. ბაქრაძე); გერმანიასა და იტალიაში ხოტბა-დიდებით იხსენიებდნენ ჰიტლერს, მუსოლინის... ყველაზე მთავარი და სათაყვანო "დადებითი გმირები" საბჭოთა კულტურის სივრცეში იყვნენ, რასაკვირველია, ლენინი და სტალინი. მრავალი მიზეზის გამო, საქართველოში განსაკუთრებით მძვინვარდებდა სტალინიადა. პოეტი ი. აბაშიძე იგონებდა: 1933 წლიდან მწერალთა კავშირში პარტიის წარმომადგენლებს განუცხადებიათ, რომ უკვე დადგა დრო და აუცილებლობა ბელადზე წერისაო, "ამ სიტყვებმა მწერლებზე ისე იმოქმედა, როგორც ამნისტიამ... სწორედ ამის შემდეგ გაიხსნა ნამდვილი ლიტერატურული მარათონი ვინ ვის". ქართულ პოლიტიკურ ლირიკაში ქრისტიანულ მწერლობაში მიღებული სახე-სიმბოლოებით იქმნება და ყალიბდება ბელადის, როგორც მესიის სახე და ჩვენ მიერ მოხმობილ მაგალითებს საგანგებო კომენტარი არ დასჭირდება ამის ნათელსაყოფად: ბელადი მზე: მზე არის სტალინი, რადგან ის ბელადია, ამიტომ ქრისტიანული სიმბოლიკის გამოყენება თანაბრად ნაწილდება ბელადზე, სულ ერთია, ლენინი იქნება ის თუ სტალინი, ერთი მეორეს ჩაენაცვლება, როგორც პოეტი იტყოდა: "ქვეყანამ იცის, მტერმაც კი იცის, რომ დღეს ლენინი სტალინი არის" სტალინი მნათობია: "გზას შენ გვინათებ, ბელად, მთვარე ხარ ჩვენი მნათობი, შენ მხე ხარ სხივთა მფინარი, მშრომელი ხალხის გამთბობი" მეორე ლექსის ავტორი უფრო შორს მიდის: "სტალინ, მსოფლიოს მნათობო, მზეთა-მზევ, ცაზედ მაღალო" სტალინის ღიმილი, გამოხედვა ასეთ ასტროლოგიურ ხატებს იწვევს: "მზის მოსვლას გიგავს ღიმილი, გამოხედვა გაქვს მთვარისა, გვინათებს ღამის წყვდიადსაც შუქი წამწამთა ჯარისა" დასასრულ, ბელადების მზისმეტყველება ხალხურ პოეზიაში ასე დაგვირგვინდა: "ცაზე მთვარე ამოსულა, ვარსკვლავები ბევრიაო, ჩვენს ქვეყანას ანათებენ სტალინი და ბერიაო". ხალხური პოეზიიდან ბელადი - მზე, მზეთა-მზე, ვასკვლავი, მნათობი... შეიჭრა ქართულ საბჭოთა პოეზიაშიც: "დიდება მარად შენს სახელს, შენს სახელს მარად დიდება, მზე შენგან დანათებული, არასდროს დაგვებინდება" აკაკი წერეთლის ნატვრა ერთმა პოეტმა ასე დაუკავშირა სტალინს: "აღდგა, აყვავდა საქართველო გადანათელი, მივიდა გმირი, რომ ეძახდა შენი ნაღარა - მისი სახელი სტალინია, მზეებრ ნათელი" კომუნიზმი, კრემლი და სტალინი ასეა გამთლიანებული ამ ლექსში: "ჩვენი მზე კომუნიზმია, მზეში კრემლი დგას სალივით - და მიგვიძღვება მზისაკენ თავად მზე - დიდი სტალინი!" ერთი პოეტი დიდ ბელადს, გამირთაგმირს, სულით ძლიერს, ასე მიმართავს: "ჩაუქრობელო ბრწყინვალებავ მფრქვევო სინათლის" ან:"ჩვენი მზეც, ჩვენი ვარსკვლავიც სტალინ, შენა ხარ. ეს მაგალითები ზღვაში წვეთია იმის საჩვენებლად, თუ როგორ დაუკავშირდა ბელადი მზეს, ვარსკვლავს, მთვარეს, სინათლეს, მნათობს... როგორ ეძებდა და წვალობდა პოეზია, რაც შეიძლება მეტი, ამაღლებული, დიადი ეთქვა და დაეფიქსირებინა; მზეზე, შექმნილზე აღმატებულად და უკვდავად წარმოეჩინა ბელადი. ასეთი იყო დამთრგუნველი ტოტალიტარული ეპოქის ირონიაშერეული სულისკვეთება. ბელადი მამა: სტალინი მამაა: "სტალინო, დიდო ბელადო, მშრომელი ხალხის მამაო" ან "სტალინო, დიდო ბელადო, შენ გიწოდებენ მამასა" "სცოცხლობდეს დიდხანს სტალინი, ხალხთა მამა და ბელადი". "მზედ და შვებად აქ ბელადი დაიბადა, ხალხთა მამა". სამშობლოს მამა და დიდი ბელადი ხშირად ლირიკულ ლექსებში წარმოდგენილია, როგორც ახალი ისტორიის მეთაური, ხალხთა სარდალი, რომლის ბადალი არასოდეს არ ჰყოლია კაცობრიობას: "შენებრ მამა და სარდალი ხალხს დღემდე არა ჰყოლია" ბელადი - მხსნელი, კაცობრიობის გადამრჩენელი: "სტალინ - მსოფლიოს გადამრჩენელო, სტალინ - პოეტის ყველა ლექსშია". დიდება ღმერთს, კაცობრიობის იმედსა და ნუგეშს, მოწყალესა და ყოვლისშემძლეს - ეს ცნობილი ქრისტიანული დამოკიდებულებაა უზენაესის მიმართ, პოლიტიკურ ლირიკაში კი ვკითხულობთ: "დიდება მარად შენს სახელს, შენს სახელს მარად დიდება". ან "სტალინურ ხანას ვუმღერით, სიმღერა არ მოგვწყინდება, დიდება თავისუფრებას! საყვარელ სტალინს დიდება!" ერთ ლექსში საუკუნეთა გადაძახილიდან, დავითისა და თამარის ეპოქიდან გაისმის: "თითქოს ვხედავდე ვარძიის თხრილებს, თამარის კოშკებს, დავითის გელათს, თითქოს ვისმენდე მათ დაძახილებს: დიდება ბელადს!" ერთი ლექსის მიხედვით, თვით რუსთაველიც კი სტალინს ადიდებს: "სხვა შენს გარდა ვინ იქნება ასე გრძნობდეს დროთა სუნთქვას! დიდო სტალინ! შენი ქება თვითონ მზიურ შოთას უთქვამს" Bბელადი გზის მაჩვენებელი, სწორ გზაზე დამყენებელია, რომელიც მიგვიძღვის მარადისობისკენ, კომუნიზმის დიადი იდეისკენ: "სითბო გზრდიდა, ჩვენ სტალინის სითბო გვზრდიდა სამშობლოის აყვავებულ დროში, არასოდეს გადავსულვართ სწორი გზიდან, მივდიოდით წინ, სტალინის დროშით" ან "ჩვენი დროშა ხარ, მიიბრძვი და კალთებს მიაშრიალებ, თუ გზას გადავცდით, დაგვიტევ, ძახილს არ დაგვიგვიანებ" ბელადი მოწყალე და ყოვლისშემძლე: ბელადს მიმართავენ ისე, როგორც ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთს, როცა გაგიჭირდება მისი სახელი ახსენე და გეშველება: "სახელი იგი... ახსენე მხოლოდ _ და გვალვაში დაუშვებს წვიმა, ახსენე მხოლოდ - გზას დაგითმობს მძაფრი ქარბუქი, ახსენე მხოლოდ - და გათბები, როდესაც გცივა" სტალინის გარდაცვალების დღეებში პოეტი ხ. ვარდოშვილი წერდა: "მუნჯს მისცა ენა, ბრმას აუნთო თვალი ნათელით და მოუპოვა ჩაგრულ მონას უფლება კაცის, დაიმორჩილა თვით ბუნება სასტიკი, მკაცრი, გადაანათა ზეცა, ბნელით გადანათელი" ან "სტალინის სულის ჭირიმე, იმან მოგვიწყო ხელია" ბელადისგან გამოითხოვენ ლოცვა-კურთხევასაც კი: "წინ გვიძღვის შენი სახელი ვენახში, ბაღში, კალოზე, კვლავაც აღმანთე საგმიროდ და სიყვარულით დამლოცე" ან "გვიშველე, სტალინ, ჩვენც გვიშველე, ჩვენც დაგვეხმარე, თვალი მილულა და ტკბილ ნატვრას ეხუტებოდა... სტალინის სახე მას ნუგეშად ეხატებოდა" ბელადი ზეცისა და მიწის მბრძანებელია, პლანეტას კი სიყვარულის ძლევამოსილი ძალით განაგებს: "ამ უზარმაზარს, ვრცელ სამყაროს, უცხოდ ანაგებს მთლად დაეუფლა მისი არსი, ოცნება ლაღი, ზღაპრულ წიგნივით გადაშალა მან ცის წიაღი... დღეს მიწის სფეროს სიყვარულის ძალით განაგებს" ბელადი შეუძლებელს შეძლებს, ახალ ცხოვრებას, გაზაფხულს მოიყვანს: "შენ შეგვიქმენ გაზაფხული და ნათელი განთიადი, მზე გველეშაპს გამოსტაცე, ხალხს სამშობლო დაუბრუნე" ამიტომაა, რომ სამყარომ ფერი იცვალა, სტალინის ღვაწლმა პლანეტას, დედამიწას ღერძის გარშემო ბრუნვაც კი შეუცვალა. დიდი სიწმინდეა ბელადის აზრები, ტომებში რომ გაბნეულა. თუ ქრისტიანი ბიბლიას მიიჩნევს წმინდა წიგნად, საბჭოეთში ბელადთა ტომებია სიწმინდე: "ვაკისკენ, ინსტიტუტისკენ მიიჩქარიან ტოლები, თან მიაქვთ დიდი ლენინის შუქდაფრქვეული ტომები" ან "მე ერთი წიგნი მაქვს სახსოვრად, სანგარში მაჩუქეს იგი, ნათელი აზრებით ნაქსოვი სტალინის უკვდავი წიგნი. ბრძოლაში, როცა მტერს შევები, როს ტყვია დაქროდა ირგვლივ, თან მქონდა ვაჟკაცის მშველელი უკვდავი სიმართლის წიგნი" ბელადი უკვდავი: ყველაფერი ბელადის უკვდავებაზე მეტყველებს. უკვდავია სტალინი, განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობოდა ეს 1953 წლის მარტის სუსხიან დღეებში: "ის არ მოკვდება, ჩვენთან არის, ჩვენთან დარჩება, როგორც სიცოცხლე, სიამაყე და გამარჯვება", ან: "სტალინ! დამარცხდა უღვთო სიკვდილი, ვერ შეასრულა განზრახვა ავი, ის შენს კუბოსთან დგას ფერმიხდილი, მან შენს წინაშე დახარა თავი" ამ ისტერიის ფონზე სტალინი მოიხსენიება, როგორც მზეკაცი, გმირი, მამა კაცთა და ხალხთა, ბრძენი ჭაღარა, შრომით დაღლილი, ახლა რომ მიიძინა და სხვა: "ძეკაცი იყავ, მზედ გარდიცვალე, ისევ ჩვენთან ხარ, განა წახველი! აწ მზის მაგიერ შენ იბრწყინვალებ, აწ მზეს დაერქვას შენი სახელი" ბელადის უკვდავება საინტერესოდ აისახა კინემატოგრაფშიც, გ. გვახარია მოგვითხრობს: "იოსებ სტალინის გარდაცვალებამ სხვებთან ერთად საბჭოთა კინემატოგრაფისტებიც ააფორიაქა. 6 მარტს, გათენებისას, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მალენკოვმა კინორეჟისორები კრემლში დაიბარა, რათა ერთად გადაეწყვიტათ, ვინ გადაიღებდა სტალინის დაკრძალვის კადრებს. თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ეს იყო ფორმალური შეხვედრა, რადგან კინემატოგრაფისტებმა წინასწარ იცოდნენ: სტალინთან დამშვიდობების გადაღებას ბელადის საყვარელ რეჟისორს მიხეილ ჭიაურელს დაავალებდნენ. ბედის ირონიით, ჭიაურელს პირველად მიეცა საშუალება ფირზე აღებეჭდა ბელადი... ოღონდ მხოლოდ ბელადის ცხედარი. არ არის გამორიცხული, ამ საგანგებო თათბირზე ჭიაურელისთვის "მიეთითებინათ" თუ როგორ უნდა წარმოჩნდეს ეკრანზე სტალინის მკვდარი სხეული. თუმცა, ვინ ვინ და ჭიაურელმა ყველაზე კარგად იცოდა "უკვდავების სახის" შექმნა. ფილმში უნდა შენარჩუნებულიყო ბალანსი მწუხარებასა და იმედს შორის, მაყურებელი არ უნდა დაბნეულიყო. იგი უნდა დაერწმუნებინათ, რომ ბელადის გარდაცვალებამ კიდევ უფრო მეტად გააერთიანა პროგრესული კაცობრიობა, მშრომელი ხალხი. ამავე შეხვედრაზე დამტკიცდა ხელოვნებისა და ლიტერატურის გამოჩენილ მოღვაწეთა ტექსტები, რომელიც სტალინის დაკრძალვის, უფრო სწორად, მავზოლეუმში მისი ცხედრის გადასვენების დღეს უნდა წაეკითხათ. გავიხსენოთ ეს ტექსტები: დიმიტრი შოსტაკოვიჩი: "სტალინის ეპოქის ადამიანებმა კვლავაც უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ "სტალინის კომპასის" მიხედვით... მისი სიტყვები "წერეთ სიმართლე!" კვლავ უნდა დარჩეს გზამკვლევად ხელოვნების მოღვაწეთა არმიისთვის"; სერგეი სმირნოვი: "ხალხის ნაკადი მის კუბოსთან ჩერდება... მწუხარების ჟამს ჩვენი საყვარელი სახის ნაკვთებს ვუმზერთ და ვხედავთ ცოცხალ სტალინს, ვგრძნობთ მის ცეცხლოვან გამოხედვას"; ალექსეი სურკოვი: "1953 წლის ამ ყინვიან დღეს უბედურება შეემთხვა საბჭოთა ხალხს, პროგრესულ კაცობრიობას... ულმობელმა სიკვდილმა გააჩერა გული, რომლის ფეთქვას ათეული წლების განმავლობაში უსმენდა მილიონობით ადამიანი ჩვენს პლანეტაზე"; ევგენი დოლმატოვსკი: "სვეტებიან სასახლეში მიძინებული ბელადის დანახვისთანავე პირველად ატირდა ჩემი ქალიშვილი. ვერ ვაიმედებ ჩემს გოგონას: იგი ხომ ნაადრევად დაობლდა". ნათელია, რომ სტალინის დაკრძალვა უნდა დადგმულიყო ეგრეთ წოდებული "ოპტიმისტური ტრაგედიის" ჟანრში და ასევე გამოხატულიყო მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც "დიადი გამოთხოვება" დაარქვეს. სტალინთან გამოსამშვიდობებლად მარტის იმ ცივ დღეებში, მართლაც, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ე.ი. დაკრძალვას თვითმხილველები ჰყავდა, ამიტომ დოკუმენტურ ფილმში მიხეილ ჭიაურელი ახალს ვერაფერს მოიგონებდა, ვერ დადგამდა. ამის გათვალისწინებით, სურათში შევიდა ყველა ის ატრიბუტი, რომელიც თან ახლდა სტალინთან გამომშვიდობების იმ სამ დღეს: მაღალ პოტსტამენტზე დასვენებული წითელი კუბო, ყვავილების გვირგვინები, წარწერებით - "ბელადი, მასწავლებელი, მეგობარი, მამა". მალენკოვი, ბერია, მოლოტოვი - საპატიო ყარაულში. ტექსტი აუცილებლად საკავშირო რადიოს დიქტორს, იური ლევიტანს, უნდა წაეკითხა, სწორედ იმ ადამიანს, რომელიც აქამდე მოსახლეობას უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს აცნობდა და ამიტომ სტალინის ხმის ასოციაციას ბადებდა მსმენელში. ლევიტანის ხმა იმის ილუზიას ქმნიდა, რომ იოსებ ბესარიონის ძე აქ თავის სიცოცხლეს ემშვიდობება. იგი მხოლოდ "მარადიულმა ძილმა მოიცვა"... ეს წინადადება ყველაზე ხშირად ისმოდა სტალინთან გამომშვიდობების დღეებში". ბელადი არის მთით მოვარდნილი ჩანჩქერი, ვეფხვი სალი კლდის, არწივი მაღალ მთისაო, ქორ-შავარდენი, ხალხთა გენია, გმირობის გამომგონებელი, ფოლადი დაუგრეხელი, კაცი მართალი ყელამდი, გრიგალი დიდი ხმებისა, ყველა ჩაგრულისა და მშრომელის გულწრფელი მეგობარი, სოფლად სკოლების გამხსნელი, პროლეტარების წინამძღოლი, მებრძოლი შეუდარები, ხალხის მასწავლებელი, უბრალო და თავმდაბალი, რწმენა ჩვენი თავისუფლებისა, "სახელი იგი - სიცოცხლე რომ უწოდა ხალხმა, ნუგეში მუშის - ოკეანის გამოღმა, გაღმა", ჩვენი სიცოცხლის თავი და ბოლო, ბრძენთა ბრძენი, ხალხთა იმედი და ნუგეში, "ლეგენდა ბუხრისპირ თქმული", უუდიადესი, უუსაყვარლესი (გ. ძნელაძე), თავისულებას შეწირული, ბუნების სრულყოფილი პირმშო, მთელი მსოფლიოს საუნჯე, ტკბილშრომის მამამთავარი, მშრომელი ხალხის გამთბობი, ამირან-გმირის დამხსნელი, ბაზალეთის ტბაში დარწეულ აკვანში მწოლარე, სინდისი და სამართალი, ეპოქის სვეტი, აღმაშენებელი, უკვდავი საქმით ისტორიის დამამშვენებელი, კაცი მარადი, სიბრძნისა და სინათლის დაუშრეტელი ზღვა... და უამრავი მსგავსი თუ განსხვავებული წრეგადასაული ხოტბა ბელადისა ხალხურ სიტყვიერებასა თუ მწერლობაში, ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ ლირიკაში. გ. ლეონიძის პოემას "სტალინი, ბავშვობა და ყრმობა" ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს სოფოკლეს სიტყვები: "აქ ჰფლობს ტიტანი ცეცხლის მიმტანი, _ ღმერთი პრომეთე", გრ. რობაქიძე "სტალინის ჰოროსკოპში" აჰრიმანს (სპარსულ მითოლოგიაში ბოროტების უმაღლესი ღვთაება) ადარებს კაცობრიობის ბელადს. ამ მითოლოგიზებას აშკარად თავად სტალინმა მისცა დასაბამი, იგი ამბობდა: "ვფიქრობ, რომ ბოლშევიკი მოგვაგონებს ბერძნული მითოლოგიის გმირს, ანთეოსს... მათ ყველა შანსი აქვთ იმისა, რომ უძლეველნი დარჩნენ. ამაშია გასაღები ბოლშევიკური ხელმძღვანელობის უძლეველობისა". "სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებში, რა თქმა უნდა, პირველად არის სახოტბო ლირიკა, განმადიდებელი, მერე - მითოლოგიზირება - წერდა ა. ბაქრაძე. სხვათა შორის, მითოლოგიზება ახასიათებს ამ პერიოდის კინემატოგრაფსაც, გ. გვახარია წერს: მ. ჭიაურელის ფილმში "ფიცი" არის ეპიზოდი, რომელსაც დასავლელმა კინომცოდნეებმა "ისტორიით კურთხევა" დაარქვეს. მოქმედება ხდება ლენინის სიკვდილის შემდეგ. სტალინი მარტო მიდის დათოვლილ ბაღში, გორაკზე, სადაც იგი უკანასკნელად შეხვდა გარდაცვლილ ბელადს, ჯდება სკამზე და ესმის გარდაცვლილი ლენინის ხმა, რის შემდეგაც ზეცისკენ აღაპყრობს მზერას. ნაძვის ტოტებიდან კადრში იჭრება მზის სხივი, რომელიც ახალი ბელადის შუბლს ეფინება. შუქი ზემოდან ეცემა. სტალინი ბიბლიურ მოსეს ემსგავსება, ასე შეიქმნა კინოში მითოლოგიური ასოციაციები სტალინზე. პოლიტიკურ ლირიკაში ბელადი მითოლოგიური გმირია, ყოველივე გმირულის საწყისია: "ბელადო, შენი სახელი დიდ სამშობლოზეც დიდია, უზარმაზარი მსოფლიო შენ მხრებზე აგიკიდია" უფრო შორს მიდის ამ სტრიქონების მთქმელი: "დიდო სტალინ, შენი სახე კრემლის ცაზე დავინახე" ან "ამირან-გმირის დამხსნელი, სტალინ, შენ ხარ! ბაზალეთში რომ არწიეს, სტალინ, შენ ხარ" ალ. გომიაშვილი ოსტატურად იყენებს ილიას სიზმარს ბაზალეთის ტბის შესახებ, თითქოს პოეტს ეჩვენება, რომ ოქროს აკვნიდან მზეჭაბუკი ამოდის, მეორე დღეს გაღვიძებულ ილიას ჭაბუკი ჯუღაშვილი გამოეცხადება: "უცებ კედლიდან ივერიის ზარი წკრიალებს... Hქრება ბურანი. კიბეებზე ჯუღაშვილია. ისმის მსუბუქი ნაბიჯები... კიბე ჭრიალებს... Uუახლოვდება... და შეხვედრა უფრო ტკბილია" ერთი პოეტი ასე მიმართავს "კაცობრიობის მხსნელს": "დიდო ბელადო, გმირთა-გმირო, სულით ძლიერო, სიბრძნით, სიმტკიცით შეგედრება გმირი რომელი" ან "მზე გველეშაპს გამოსტაცე, ხალხს სამშობლო დაუბრუნე" ან "ამირან-გმირის დამხსნელი, სტალინ, შენ ხარ! ბაზალეთში რომ არწიეს, სტალინ, შენ ხარ" ან "გათენების მიზეზი ხარ/ მიწას შენი შერჩა შუქი,/ სამოცი მზის ფრთებზე ზიხარ,/ ვით ზღაპრული მზეჭაბუკი" ან "როგორ არ ვახსენო სახელი მისი ვინც შეხსნა ზეცას მეშვიდე კარი" მაგალითები, რომლებიც ჩვენ მოვიყვანეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია იმის წარმოსაჩენად, რომ ბელადი არის მესია, მხსნელი, ხორცშესხმული ღმერთი უღმერთო საზოგადოებაში. ასე ქმნიდა ქართული პოლიტიკური ლირიკა ყოვლისშემძლე ბელადის სახეს, ახდენდა მის მითოლოგიზებას. ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ აღვირახსნილ ხოტბაში, რომელიც, საერთოდ, დამახასიათებელია ნებისმიერი ეპოქის პოლიტიკური ლირიკისათვის, ყველა იმას წერდა, რასაც გრძნობდა და განიცდიდა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, მართლა რომ სწამდათ და ჯეროდათ ბელადისა! რას იზამ, ასეთია მასის ფსიქოლოგია, თუმცა ამ გადასახედიდან კომუნისტურ აგიოგრაფიას აქვს პაროდიული პათოსი, ეს უდავოა! როგორც აკაკი ბაქრაძე წერდა: "ქრისტიანული აგიოგრაფოსი რწმენით წერდა, კომუნისტი აგიოგრაფოსი - დაფარული ირონიით". აბსურდულ-პაროდიულია კომენტარები, სტალინიანას რომ გაჰყვება თან, მაგალითად, ასეთი: "სოსოს თავმდაბლობის დამახასიათებელია ის უმნიშვნელო გარემოება, რომ, თუმცა ყველა მოწაფეზე უფრო მცოდნე იყო, თავის ტოლ-ამხანაგებში არ ეძებდა პირველობას... მეცადინეობა სრულებით არ უშლიდა ხელს ბავშვურად ეცელქა. ხშირად შეიძლებოდა დაგენახათ დერეფანში, რომ სოსო მიჰქრის თავისი მეგობრის ძურგზე შესკუპებული და გაიძახის: ფოლადი ვარ, ფოლადი ვარ! ეს ფსევდონიმი (სტალინი), რომლითაც მთელი ქვეყნის მუშები და ჩაგრულნი იცნობენ სოსო ჯუღაშვილს, ალბათ, იმ შორეულ წლებში გაჩნდა, ბავშვური ცელქობის დროს" ან "სტალინი ერთადერთია, როგორც უმაღლესი ტიპის სახელმწიფო მოღვაწე და, ამავე დროს, უმძლავრესი თეორეტიკოსი და პუბლიცისტი", ან "პირადი "მე" მისთვის არ არსებობდა, საერთო საქმეს მთელი თავისი არსებით გამოეხმაურებოდა". ის ხალხი, ის ადამიანები... რომელთათვისაც სტალინი არის კაცობრიობის, ჩაგრულ ხალხთა მხნელი, მასაა, უპიროვნო, პიროვნებადაკარგული, ერთმანეთთან გათანაბრებულ ადამიანთა ერთობლიობა, მას სჭირდება ბელადი, როგორც მესია, მხსნელი, იმედი მომავლისა. იმ ბნელსა და დაუნდობელ ეპოქაში ეს მასა არაა მხოლოდ აგრესიული ისტერიით შეპყრობილი ადამიანების ერთობლიობა, ის მოზეიმეა, ამიტომაც ბევრი რამ, განსაკუთრებით ფოლკლორში, გულითაა ნათქვამი, ქართველების დიდ ნაწილს, მართლაც, ასე სწამდა და ასე უყვარდა, ამის ანარეკლს შეხვდებით დღესაც და ეს არავისთვისაა ახალი. რაც შეეხება რჩეულ საზოგადოებას, პირობითად ელიტას, მათს არსებობას ტოტალიტარიზმი არ დაუშვებდა, მაგრამ პოლიტიკური ლირიკის ბევრი ავტორი მაინც იძულებული იყო ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ასე ეწერა და ასე ეფიქრა, ამიტომაა ეს პოეზია პაროდია დიქტატორული სისტემის, ფსევდო გმირებისა და ილუზორული ბედნიერებისა. (ხშირ შემთხვევაში საგანგებოდ არ მივუთითეთ ლექსის ავტორი, იმიტომ კი არა, რომ რაიმეს დააკლებს მათს სახელს, უბრალოდ, ჩვენ გვაინტერესებს თავად მოვლენა და არა სახელები იმის დასაზუსტებლად, ვინ რას და როგორ წერდა! იმ შავბნელი ეპოქის ვერც ერთი პოეტი ვერც ერთ ტაეპს ვერ დაბეჭდავდა, პარტიასა და ბელადზე რომ არ დაეწერა რამე, ამიტომ არანაირ ბრალდებად არ შეიძლება ჟღერდეს ამ პათოსის პოეტური სტრიქონები გალაკტიონიდან მოყოლებული XX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე, ვის რა და როგორ სწამდა ეს სხვა საქმეა. ამ ფაქტების გამო ლიტერატორი არ შეიძლება იქცეს სახელმწიფო ბრალმდებლად). მიუხედვად მოზეიმე მასის ასეთი აღტკინებისა, ბნელეთის მოციქულების ასეთ ხარისხში წარმოდგენისა, მთელი ეს მასკარადი ბოროტებას, ძალადობას, უსამართლობას ეფუძნება. 22 წლის სტალინი თვითმპყრობელობასთან ბრძოლაში დაღუპული მუშების სახსოვრად ამბობს. "ქება-დიდება თქვენ, სიმართლისათვის დაღუპულნო! ქება-დიდება თქვენ, რომელთაც თავი დაიმშვენეთ ეკლის გვირგვინებით და სიკვდილის ჟამს მთრთოლვარე, გაფითრებული ტუჩებით ჩაგვჩურჩულებდით: შური იძიეთ სისხლით!". ამ იდეოლოგიის გამოძახილია ხალხურ პოეზიაში აღფრთოვანება იმის გამო, რომ გაანადგურეს, მოსპეს, დახვრიტეს, ჩამოახრჩეს ღირსება, ადამიანი და სულიერობა. დღეს ეს ფრაზები რომლებიც კარგად ჟღერს, როგორც ბრალდება ამ შავ-ბნელი ეპოქისა: "ბრძანება გამოსულიყო, ბრძანება ლენინისა: მოსპეთ თავადი, მდიდარი, ლუკმა გახადეთ ხმლისა" აღარსად არი ძველი დრო: გზირი, ხატი და ღვდელია" ან "რას მიქვია ეკლესია, რას მიქვია წირვა, გაუმარჯოს ჩვენ კოლექტივს, მძიმე ინდუსტრიას!" ასეთი სისხლიანი იყო "საბჭოთა კავშირი _ კაცობრიობის უბრწყინვალესი იდეალების განხორციელებული ტრიუმფი", ის "ნანატრი, ნეტარი დრო", დღესაც რომ მისტირიან ბელადის შუქით სხივმოსილები, თუმცა ესეც ჩვენი რეალობაა, ისტორიის ავბედითი ფურცელი.
საბა მეტრეველი
ავტორი: . .