საქართველო, 4 წლის ვადით, არჩეულ იქნა შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის ჰააგის კომიტეტის წევრად. არჩევნები გაიმართა 2013 17 დეკემბერს, ქ.პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კონვენციის მე-2 ოქმის წევრი ქვეყნების მე-5 შეხვედრის ფარგლებში. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მე-2 ოქმის 59 წევრმა სახელმწიფომ, რომელთაგან 41 ქვეყნის დელეგაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ქ-ნი ეკატერინე სირაძე-დელონეს ხელმძღვანელობით.
შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების დაცვის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 12 ქვეყანა, შექმნილია კონვენციის მე-2 ოქმის ფარგლებში. კომიტეტის მიზანია გააძლიეროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შეიარაღებული კონფლიქტების დროს და მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მე-2 ოქმის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა, ძეგლისთვის „გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის" სტატუსის მინიჭება, ამ სტატუსის დროებით შეჩერება ან ჩამორთმევა და კონვენციის ფონდიდან საერთაშორისო დახმარების გამოყოფა.
კომიტეტის წევრობა საქართველოს მისცემს საშუალებას აქტიურად იყოს ჩართული და საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც მხარი დაუჭირა საქართველოს კანდიდატურას კომიტეტის არჩევნებში.