საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს იგორ კორმანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ორი ქვეყნის ურთიერთობამ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში ჩართვის შემდეგ ახალი იმპულსი შეიძინა.
გიორგი მარგველაშვილმა იგორ კორმანს დაბადების დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„საქართველო და მოლდოვა ვილნიუსში მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში ლიდერები არიან იმ პროცესისა, რომელსაც ევროპის გაფართოება ჰქვია. ეს ერთდროულად ახალი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნებისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და მოლდოვას შორის მომავალ წელს მჭიდრო ურთიერთობა იყოს. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დაგეგმილი თანამშრომლობა, რათა მომავალ წელს საქართველოსა და მოლდოვისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული." -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იგორ კორმანმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტთან ევროპული დღის წესრიგი განიხილა.
„საქართველო და მოლდოვა ერთად მიდიან ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ვილნიუსში მოვახდინეთ ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ახლა ორივე ქვეყნის მიზანია ხელშეკრულების ხელმოწერა. ვიმედოვბნებ, რომ საქართველო მოლდოვის გამოცდილებას გაიზიარებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიმართულებით. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის" -განაცხადა იგორ კორმანმა.