რესპოდენტის შესახებ
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ეკონომიკის ექსპერტ სოლომონ პავლიაშვილს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება _ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მერე, ქონების მართვის მინისტრი გახდა. ახლახან კი, ეკონომიკური აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პავლიაშვილი, პრაქტიკულად, ერთადერთი მინისტრია, რომელმაც საკუთარი უწყება გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ ქონების მართვის სამინისტროს ფუნქციები ამოწურული ჰქონდა... ყოფილი მინისტრი 26 წელი ე.წ. გპი-ში ლექციებსაც კითხულობდა, თუმცა ამბობენ, რომ პავლიაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტი ინტრიგების გამო დატოვა... მაშ ასე, გეგმავდა თუ არა გპი-ს რექტორობას და რას მიიჩნევს "ქართული ოცნების" ეკონომიკური გუნდის ერთწლიანი მუშაობის მთავარ პოზიტივად და ნეგატივად? _ "ჯი-ეიჩ-ენ"-ი სოლომონ პავლიაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო სოლომონ, რატომ აღარ ჩანხართ?
_ სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ ვაქტიურობ, თუმცა ჟურნალისტებისგან ყურადღებას ნამდვილად არ ვუჩივი...
_ ვიცი, რომ მედიის ყურადღება არ გაკლიათ, მაგრამ სხვა რამეს გეკითხებით _ დღეს ამბობენ, ყველა ძველი თანამდებობის პირი ხელისუფლებაში ბრუნდებაო. მინისტრი თქვენც იყავით და "ოცნება" არაფერს გთავაზობთ?
_ ყველამ იცის, რას ვსაქმიანობ და სახელმწიფო მართვაში ჩემი გამოყენება როგორ შეიძლება. შეიძლება, ამბიციად ჩამითვალოთ, მაგრამ თუკი ვინმეს დღეს ეკონომიკასა და სახელმწიფო მართვაში, როგორც იტყვიან, ჭკუა მოეკითხება, ერთ-ერთი მეც ვარ...
_ ეკონომიკა ახსენეთ და, "ოცნების" ეკონომიკური, გნებავთ, სახელმწიფო მართვის პოლიტიკა მოგწონთ?
_ ამ თემაზე ცალსახად საუბარი არ შეიძლება. ერთი წელია, "ოცნება" ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში, ნეგატიური მომენტებიც იყო და პოზიტიურიც. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკამ ამოისუნთქა.
_ "ამოსუთქვა" რას ნიშნავს?
_ რას და, _ კერძო ბიზნესზე ზეწოლა და პოლიტიკური ლობირება აღარ ხდება. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც კერძო საკუთრების ხელყოფაზე მსმენია.
_ "ამოსუნთქვის" მიუხედავად, ქვეყანაში ინვესტიციები მაინც არ შემოდის...
_ ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა მოვიდა და შიდა თუ გარე ინვესტორები, პირველ ეტაპზე, ფულის დახარჯვისგან თავს იკავებდნენ, ანუ ინვესტორები აკვირდებოდნენ, ის განცხადებები, რომლებსაც ახალი პოლიტიკური ძალა აკეთებდა, რეალობად იქცეოდა თუ განცხადებებად დარჩებოდა. პარალელურად, "ნაციონალები" საერთაშორისო დონეზე "ოცნების" ანტიპიარს აწარმოებდნენ, რამაც ინვესტიციების შემოსვლას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა...
_ ყველაზე ნეგატიურ მომენტად რას მიიჩნევთ?
_ მაგალითად, იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში, ცენტრალური და თვითმმართველი ორგანოების სინქრონული მუშაობა ვერ მოხდა, რამაც თვითმმართველობებში გარკვეული საბოტაჟი, ასე ვთქვათ, შექმნა. ამას პოლიტიკური მოტივიც დაემატა და ეკონომიკა ისეთი წარმატებული ვერ გამოდგა, როგორც 2013 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული.
_ რა ვიცი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდებაო...
_ კი ბატონო, სერიოზული ჩავარდნები არაა, მაგრამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში 400 თუ 500 მილიონიანი გარღვევაა, თუმცა ამასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
_ რა მიზეზებს გულისხმობთ?
_ პირველ რიგში იმას, რომ ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ორი _ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩავატარეთ, რამაც ბიზნესსა და, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეული მოლოდინი გააჩინა. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მინისტრები ახალი გუნდებით არ მოვიდნენ _ მინისტრების მოადგილეებზე ვსაუბრობ და ქვედა რგოლთან საქმე არ მაქვს.
_ იმის თქმა გინდათ, რომ "ოცნების" მინისტრებს ის მოადგილეები, რომლებიც "ნაციონალების" დროს მუშაობდნენ, უნდა გაეშვათ?
_ დიახ, რადგან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სხვა პოლიტიკური ვითარება იყო და ეს ხალხიც სხვანაირ მუშაობას იყო მიჩვეული. სხვათა შორის, დრომაც დაამტკიცა, რომ ამ საკითხზე "ოცნების" მიდგომა ცოტა სხვანაირი უნდა ყოფილიყო...
_ ბატონო სოლომონ, დღევანდელი გადასახედიდან, ხომ არ თვლით, რომ თავის დროზე ქონების მართვის სამინისტროს გაუქმება შეცდომა იყო? სხვათა შორის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მგონი, ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც საკუთარი უწყების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა და ეს ინიციატივა რეალობადაც აქცია...
_ ამ სამინისტროს რეფორმირება აუცილებელი იყო...
_ შეიძლება, დილეტანტად ჩამთვალოთ, მაგრამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას "ნაციონალური კოლექტივიზაცია" მოჰყვა...
_ "ნაციონალური კოლექტივიზაცია" პოლიტიკური ნება იყო, თან "ნაციონალებმა" მხოლოდ პრივატიზებული კი არა, ადამიანებს ზოგიერთი ისეთი ბიზნესიც ჩამოართვეს, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით არ იყო დაწყებული. საერთოდ, ჩამორთმეული ქონება და სამართლიანობის აღდგენა დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე ტვირთად აწევს.
რაც შეეხება ქონების მართვის სამინისტროს გაუქმებას, დიახ, ამის ინიციატორი მე ვიყავი და მეორე მინისტრს ვერ დამისახელებთ, რომელიც თავისი სამინისტროს გაუქმებას მოითხოვდა.
_ ადამიანებს სავარძლები უყვართ. მინისტრის პოსტთან გამომშვიდობება არ გაგიჭირდათ?
_ ის, რომ სამინისტრის გაუქმება სწორი იყო, დრომაც დაამტკიცა, თუმცა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც სახელმწიფო ქონებას განკარგავდა, პრივატიზაციის გარდა საქმე თითქოს არ ჰქონდა და ისეთ აზარტში შევიდა, რომ ტრანსპორტისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაციაც დაიწყო. ჩემი იდეით კი, სახელმწიფო ჰოლდინგი უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელშიც 10-15 მსხვილი საწარმო შევიდოდა, ანუ ეს ჰოლდინგი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი იქნებოდა. დღეს კი სახელმწიფო საკუთრებაში ათასზე მეტი წამგებიანი საწარმოა. მომხრე ვარ, რომ ამ საწარმოების რესტრუქტურიზაცია მოხდეს და კერძო პირებს თუნდაც სიმბოლურ ფასად გადაეცეთ.
მოკლედ, სახელმწიფოს საკუთრებაში მხოლოდ სტრატეგიული და მომგებიანი ობიქტები უნდა იყოს... აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრობის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიყავი, თუმცა პრივატიზაციასა და სახელმწიფო ქონების მართვას არ ვკურირებდი...
_ ბატონო სოლომონ, როცა თქვით, რომ სამინისტროს აუქმებდით და მინისტრი აღარ იქნებოდით, ცოლი არ გაგინაწყენდათ?
_ (იღიმება) კოლეგებმა მითხრეს, ხარაკირი გაიკეთეო. ცოლი, დედა თუ ბებია კი, ჩემს საქმიანობაში არასოდეს ერევიან.
_ ისე, დრო ყველაფერს ცვლის _ ადრე თქვენ იყავით ცნობილი, ახლა კი, თქვენზე ამბობენ, რეპერ "მასტერის" მამაო...
_ (იცინის) საქმე უკვე ასეა?.. ახალგაზრდებში, რა თქმა უნდა, "მასტერი" უფრო პოპულარულია და წელს ორი "მეგაც" აიღო. სხვათა შორის, კახელი კაცისთვის რეპი ცოტა ძნელი მოსასმენია, მაგრამ უკვე მივეჩვიე... მოკლედ, "მასტერი", როგორც მეუბნებიან, თავის სფეროში მაგარია, ამერიკული განათლებაც აქვს...
_ მითხრეს, პავლიაშვილმა ინგლისურის სწავლა მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ დაიწყოო...
_ ტრაბახით, ინგლისური ვიცითო, თავი ისე მოგვაბეზრეს, რომ გადავწყვიტე, მესწავლა და დღეს უცხოეთში რომ ჩავდივარ, მუნჯი აღარ ვარ!
_ ინგლისურს კახური აქცენტით ლაპარაკობთ?
_ საიდანაც ხარ, იმ კუთხის აქცენტი ყოველთვის და ყველგან უნდა გქონდეს! სხვათა შორის, დანტეს ეუბნებოდნენ, ტოსკანური აქცენტი გაქვსო...
_ ყოფილი ჩინოვნიკები, როგორც წესი, ბიზნესში, ან არასამთავრობო სექტორში მიდიან ხოლმე. თქვენ კი, განათლების სფერო აირჩიეთ _ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ხართ...
_ შპს-ში სამუშაოდ არ წავიდოდი... სხვათა შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში 26 წელი ვიმუშავე _ ლექციებს ვკითხულობდი...
_ მაპატიეთ და, ხმა დადის, თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი იყავით, რასაც ვიღაცების მხრიდან გარკვეული ინტრიგები, თქვენი შევიწროება მოჰყვა და გე-პე-ი სწორედ ამიტომაც დატოვეთ. ეს ხმა უსაფუძვლოა?
_ როგორც აღვნიშნე, ტექნიკურ უნივერსიტეტში 26 წელი ვიმუშავე. ასე რომ, ჩემი ჩამოცილება ასე ადვილი არაა. უბრალოდ, არაჯანსაღ სიტუაციას გავერიდე... არც დრო მქონდა და არც სწორი იქნებოდა, მედროვე კარიერისტების ინტრიგებს ავყოლოდი. ვიღაცებს რაღაცები ელანდებოდათ, ვითომ თადარიგი დაიჭირეს და ინტრიგები წამოიწყეს. არადა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად ჩემი კანდიდატურა არსად განხილულა, მაგრამ როგორც ამბობენ, შიშს დიდი თვალები აქვს...
_ ისიც გავიგე, ვიღაცები, თურმე, იმიტომ დაგიპირისპირდნენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, ორი წლის წინ, საერთაშორისო კონფერენცია _ "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო" _ გამართეთ. ამასთან, აშშ-ში წიგნი გამოეცით. სხვათა შორის, თავის დროზე, როგორც 40 წლამდე ასაკის დოქტორი, პრეზიდეტის სტიპენდიანტიც გახდით. ბავშვობიდან ასეთი მიზანდასახული ხართ?
_ რა თქმა უნდა...
_ წარსული რაში გეხმარებათ?
_ იმაში მეხმარება, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყო... საერთოდ, მიზანმიმართულ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ. მეც ასეთი ვარ: პრობლემა რომც არ მქონდეს, "შევქმნი" და მერე, ამ პრობლემის გადალახვაზე ვმუშაობ. მაგალითად, თუნდაც ზემოხსენებული კონფერენციის ჩატარებას ვინ მაძალებდა? _ არავინ.
_ ამ კონფერენციამ საქართველოს რა მისცა?
_ სხვა თუ არაფერი, 139 მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც შეუძლია, მთავრობამაც გამოიყენოს...
_ საერთოდ, საქართველოში ეკონომიკური თეორია უფრო ძლიერია თუ ე.წ. პრაქტიკული ეკონომიკა?
_ არიან ადამიანები, რომლებიც თეორიაშიც მაგრები არიან და პრაქტიკაშიც. სხვათა შორის, ძველი ტენდენცია გრძელდება _ თავი რომ მოიკლა, კონფერენციაზე ჩინოვნიკს ვერ მოიყვან. არადა, მეცნიერებს ჭკუა ნამდვილად მოგვეკითხება...
...რაც შეეხება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, ამ სასწავლებელს 16-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა "რეფრეშმენეჯმენტი" გავუკეთე...
_ "რეფრეშმენეჯმენტი" კახურად როგორაა?
_ (იცინის) გამოვაცოცხლე და განვაახლე...
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლაშა ნოდია