ENG / RUS       12+

მიშას რეფორმაცია და „ბანდმოსახლეობა"

პარლამენტში ატეხილი „დაგნარი" აფრასიძეების გამო ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოჩნდა, ვიდრე რუტინული ტიკი-ტომარაობა ე.წ „ევრომაიდანთან" დაკავშირებით ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში.

სოსო ჯაჭვლიანის პირით საქართველო ლაპარაკობდა!

ძალიან არაპოლიტკორექტულია, უტრირებულია, ეპატაჟურია, მაგრამ სიმართლეა: ის საქართველო ლაპარაკობდა, რომელიც „ვარდების რევოლუციონერებს" გულწრფელად სურდათ გადაეკეთებინათ „სახად და ხატად ევროპისა" და რომელსაც, სინამდვილეში, არ უნდა გარდაქმნა, რაკი, დიახაც, ურჩევნია იმ თბილ და ტკბილ თავშესაფარში ცხოვრება, სადაც არ არსებობს კითხვები, არსებობს მხოლოდ პასუხები.

ისე, ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა ეთქმის ისტორიული საქართველოს სახელით. განსაკუთრებით კომიკურია „მენტალური უმცირესობისა" და მისი გახელისუფლებული წარმომადგენლების (პირველ რიგში „რესპუბლიკელების") მცდელობა, შეინარჩუნონ მადლიერების გრიმასი იმ გარემოცვაში, რომელთანაც მენტალურად და ღირებულებითი თვალსაზრისით საერთო სწორედაც არაფერი აქვთ.

რაც შეეხება სვანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას, გამორიცხულია მიშასა და მის გუნდს მოეთმინა აფრასიძეების ფენომენი საქართველოში. წლების განმავლობაში ეს ოჯახი სვანეთის არაფორმალური ლიდერი იყო იმ ოდენობითა და აზრით, როგორც საერთოდ შესაძლებელია ჰყავდეს ლიდერი ამგვარ საზოგადოებას.

ისეთ მიკროსოციუმს, რომელშიც ისინი მოღვაწეობდნენ, ამერიკელმა სოციოლოგებმა უწოდეს „ბანდმოსახლეობა", ოღონდ, რა თქმა უნდა არა სვანეთის ან ეწერის, არამედ ჰარლემის აღსანიშნავად.

სრული დემაგოგიაა, თითქოს აფრასიძეები „სვანეთს ატერორებდნენ", ხოლო „სვანები სულს ღაფავდნენ", მათგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ და ა.შ. სინამდვილეში, ეს იყო ჰარლემისათვის ზოგადად დამახასიათებელი ფენომენი, როდესაც ადამიანები არაფორმალური კავშირებითა და პირადი ურთიერთობებით ცდილობენ არა საერთო-კუმუნური, არამედ კონკრეტული, ესე იგი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას იმათან „ჩაწყობით", ვისაც უფრო მეტი „ნიგერის" გამოყვანა შეუძლია და იარაღიც მეტი აქვს. ხოლო ჰარლემის ქუჩებში ქროლვით მიმავალ პოლიციის ჯავშნოსან მანქანას გულგრილად გააყოლებენ თვალს. დედიმათი შვილები არიან პოლიციელები, მანქანას გააჩერებენ და გარეთ გამოვლენ.

პრობლემა აფრასიძეები კი არ იყო, არამედ ჰარლემისეული „ბანდმოსახლეობა", რომელიც იმ ძველი მენტალობის მატარებელია, რასაც ესოდენ სათუთად ელოლიავებიან ახლადაღორძინებული „ხანჯლოსანთა" ორდენის წარმომადგენლები: ღირსებისა და თავისუფლებსი ტკბილი ილუზია - ოჯახში თათრის შემოვარდნამდე, რომლისგანაც ის ხანჯალი ვერ დაგიცავს (ჯაბას უკვდავი ანეგდოტი გავიხსენოთ). დაგიცავდა და დაგიცავს მხოლოდ სახელმწიფო, კოლექტიური გონი, საერთო პასუხისმგებლობა და ჯანსაღი ღირებულებები.

ნიშანდობლივია, რომ არანაირი მასშტაბური საპროტესტო აქციები აფრასიძეებთან დაკავშირებით არ გამართულა. შეიარაღებული წინააღმდეგობა რომ არ ყოფილა - კი ბატონო, მაგრამ მერე რა უშლიდა ხელს ამგვარ აქციებს? არც არაფერი! მაგრამ როდესაც, სინამდვილეში, საერთო ღირებულებები არ არსებობს, იქ მათი გამოხატვაც არ იქნება.

მიშა და მისი გუნდი სრულიად ფუჭად ცდილობდნენ ამ მენტალობის შეცვლას. ეს დებულება სულაც არ ნიშნავს, რომ არასწორად იქცეოდნენ. „ფუჭად" არ არის იგივე, რაც „არასწორად". მაგრამ ნებისმიერ რეფორმაციას ერთი შეუვალი თვისება აქვს: ვერ ასამართლებენ, ვერ ურტყავენ და დედის . . .ს ვერ აგინებენ მხოლოდ გამარჯვებულებს. დამარცხებულებს კი უარესს უშვრებიან! ამიტომაც, ახლა ნუ უკვირთ წიხლი ფეხებს შუა.

საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ ისეთი დონისა და სიღრმის მენტალური რევოლუცია, როგორიც ამ ჩვენმა თვალებალაპლაპებულმა ახალგაზრდა რეფორმატორებმა ჩაიფიქრეს და წამოიწყეს „ვარდების რევოლუციით", დემოკრატიული სისტემის ფარგლებში არ (ვერ) ტარდება. ვგულისხმობ ყველაზე ფართო ჩარჩოს: ანუ, მიშას რეჟიმი ნამდვილად ავტორიტარული იყო, მაგრამ ავტორიტარული - დემოკრატიის უფრო ფართო წრეში, რაკი არჩევნებზე უარს ვერ ამბობდა. ან კი როგორ იტყოდა? ჰოდა, ადრე თუ გვიან, ამ წრეში აუცილებლად გამოჩნდება „გმირი" ცალ ხელში ცოცხით და მეორე ხელში ვიდეოკამერით, რომელიც მენტალურ უმრავლესობას წინასაარჩევნოდ ამბოხისა და მოძალადეთა (!) დამხობის საშუალებას მისცემს.

ამიტომაც, ახლა ბედნიერნი უნდა იყონ, თუ კიდევ იოლად გადარჩებიან. აბა როგორ გინდათ? ვაი დამარცხებულთ! არ შეიძლება სცადო „ბანდმოსახლეობის" ქცევა ევროპულ ერად ისე, რომ შენი ობიექტური შესაძლებლობები და რესურსები არ გათვალო. არადა, ნამდვილად არ ჰგავდნენ ქარის წისქვილებთან მებრძოლ რაინდებს. უფრო ვნებიანი ავანტიურა იყო, ვიდრე ქარის წისქვილებთან კეთილშობილი ბრძოლა, რომელიც, რასაკვირველია დამთავრდა ისე, როგორც უნდა დამთავრებულიყო: სრული მარაზმით და „ბანდმოსახლეობის" ლეგიტიმური წარმომადგენლობით.

„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .