ეკა ბესელია წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გაავრცელა
პარტიის თავმჯდომარე გაუგებარს უწოდებს ეკა ბესელიას განცხადებას, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა და კიდევ უფრო გაუგებარს უწოდებს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო. საუბარია, რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით.
„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი. ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ.გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი”, - ნათქვამია განცხადებაში.