სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ სოფო ხორგუანმა თავად განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ხორგუანის თქმით, მას არცერთ პარტიასთან კონსულტაცია არ გაუვლია და შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღებს.
“ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და სურდათ ამ ქვეყანაში არსებული ვითარება შეეცვალათ, ვერ გაართვეს თავი საქმეს ისე, როგორც ამას მათგან ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა და დეპრესია, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, დამთრგუნველია. ჩემი გამოცდილებით შევძლებ ხელისუფლება უფრო მეტად ავამუშაო. მე ვიცი, როგორ უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სისტემა, როგორ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და დღეს არსებული კანონმდებლობით, არის თუ არა შესაძლებელი ვითარება უკეთესობისკენ დღესვე შეიცვალოს. დღეს რომ ხელისუფლება ეფექტიანად მუშაობდეს, გაცილებით უკეთესი შედეგი იქნებოდა ქვეყანაში”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
შუალედური არჩევნები მთაწმინდის საარჩევნო ოლქში აპრილში გაიმართება. მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.