ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს არ დაუჭერს ბრექსიტის პროექტს თუ ტექსტში მკაფიოდ არ ჩამოყალიბდება საკითხი გიბრალტარის შესახებ. სანჩესის თქმით, გიბრალტარის საკითხი სამომავლოდ მადრიდსა და ლონდონს შორის განხილვის საგანი უნდა იყოს.
ესპანეთი პრეტენზიას აცხადებს გიბრალტარზე, რომელიც 1713 წელს უტრეხტის ზავის მიხედვით ბრიტანეთის გვირგვინის ქვეშევრდომია.
რა არ მოსწონს ესპანეთს ბრექსიტის ტექსტში?
ბრექსიტის პროექტის ტექსტის თანახმად, მას შემდეგ რაც ბრიტანეთი ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს (2019 წლის 29 მარტი), მხარეები ეცდებიან დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით და მიაღწიონ შეთანხმებებს.
ესპანეთის მიიჩნევს, რომ ტექსტის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და სურს რომ ის არ გავრცელდეს გიბრალტარის საკითხზე. ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით, გიბრალტარი საკითხი მხოლოდ მადრიდსა და ლონდონს შორის მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დაისვას.
ესპანეთს საპასუხოდ ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გიბრალტართან დაკავშირებით 2017 წლის აპრილის შეთანხმებით მოქმედებს, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბრექსიტის შეთანხმების შემდეგ, ევროკავშირი და ბრიტანეთი არ განიხილავენ გიბრალტარის საკითხს, ესპანეთისა და დიდი ბრიტანეთის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა ფაბიან პიკარდომ გაავრცელა ოფიციალური კომუნიკე, სადაც მან შეშფოთება გამოთქვა ესპანეთის პოზიციებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს არ უწყობს ხელს გიბრალტარსა და ესპანეთს შორის ნდობის აღდგენას.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ბრექსიტთან დაკავშირებით ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ტექნიკურ დონეზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ თანამდებობა ბრიტანეთის მთავრობის რამდენიმე წევრმა დატოვა.
ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი 25 ნოემბერს გაიმართება, სადაც მხარეები ოფიციალურად გააფორმებენ შეთანხმების მიღწევას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
იმისათვის, რომ ბრექსიტის შეთანხმება სრულად იქნეს მხარდაჭერილი, ამისთვის საჭიროა ბრიტანეთის პარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.