საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.
პრეზიდენტი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები, დებატებში როდესაც გამოდიან დეპუტატები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როდესაც ერთმანეთის მიყოლებით ვისმენ გარკვეულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე, რომ თუ რაიმე პროცედურა არის გასავლელი გავიაროთ და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები, აქ დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ ეს არ გავაკეთე, ის გადაწყვეტილება არ მივიღე, მომეცით შესაძლებლობა შევიდე დებატებში დეპუტატებთან“, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძეს, რის შემდეგად სხდომათა დარბაზი დატოვა.