ჩიორა თაქთაქიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა
"ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.
წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.
დღეს საერთოდ არ არის აქტუალური ჩემი განცხადება, რადგან რეალურად არც არაფერი იცვლება. ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა დიდი ხანია, იცის ჩემი პასიურობის მიზეზები.
დიდი ბოდიში ყველას, ვინც პირადად არ მინახავს ბოლო ხანებში და ვისაც გაგიკვირდებათ, ან გეწყინებათ ამ ამბის გაგება.
მაგრამ ვალდებული ვარ, თქვენ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და საშუალება მომეცით თქვენი წარმომადგენელი ვყოფილიყავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და პარლამენტში, ანგარიში ჩაგაბაროთ.
ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თქვენთან ერთად გატარებული წლებით, საერთო ბრძოლით, საქმით, დისკუსიებით, კამათით, თუნდაც ზოგჯერ, მცირე ან მნიშვნელოვან დეტალებში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს.
მჯერა, რომ გესმით და გრძნობთ, ეს უბრალო სიტყვები არაა!", - აცხადებს თაქთაქიშვილი.
სრული განცხადება იხილეთ აქ