ENG / RUS       12+

აუნ სან სუ ჩი - "სინდისის ელჩის" მეტამორფოზა

დღეს, 8 დეკემბერს, მიანმარის სახელმწიფო კანცლერი და დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუჩი გაემგზავრა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც დაწყებულია გამოძიება მიანმარში მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებების თაობაზე.

"მსურს, მსოფლიოს ვამცნო სიმართლე ქვეყანაზე, რომელიც ძალიან დაზარალდა ყალბი ამბების გამო", - თქვა აუნ სან სუ ჩიმ ჰააგაში გამგზავრების წინ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას მიანმარისა და ბაგლადეშის საზღვარზე დეპორტაციებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კვალიფიცირდეს, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

გასული წლის ნოემბერში, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მიანმარის (ბირმის) დე ფაქტო ლიდერს აუნ სან სუ ჩის, ორგანიზაციის მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდოს, "სინდისის ელჩის" წოდება ჩამოართვა.

პოლიტიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა აუნ სან სუ ჩიმ, აღნიშნული ჯილდო 2009 წელს, შინაპატიმრობაში ყოფნის დროს მიიღო.

Amnesty International-ის განმარტებით, აუნ სან სუ ჩისთვის ჯილდოს ჩამორთმევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიანმარის ლიდერმა ქვეყანაში მუსლიმი როჰინჯების საკითხის უგულვებელყოფა და მათი ძალისმიერი გზით დევნა დაიწყო.

ვინ არიან როჰინჯები?

როჰინჯები ინდო-არიული წარმოშობის ხალხია, რომლებიც მიანმარის რაკჰაინის რეგიონში ცხოვრობენ. მათი რაოდენობა დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენს, დაახლოებით ამდენივე ლტოლვილად აფარებს თავს ბანგლადეშს, ინდოეთს, პაკისტანს, მალაიზიას და სხვა ქვეყნებს. როჰინჯების უმრავლესობა მუსლიმია.

მიანმარის რესპუბლიკის არადემოკრატიული კანონმდებლობის და ხელისუფლების დამოკიდებულების გამო, როჰინჯებს ფაქტობრივად სამოქალაქო უფლებები არ გააჩნიათ, არ აქვთ მოქალაქეობა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებენ, შეზღუდული აქვთ განათლებასთან ხელმისაწვდომობა და ა.შ.

მთავრობა როჰინჯებს მიანმარის ტერიტორიაზე ჩამოსახლებულ ინდოელ მიგრანტებად მიიჩნევს.

როჰინჯებსა და მიანმარელ სამხედროებს შორის მცირე დაპირისპირებები ბოლო ათწლეულია გრძელდება, რომელიც ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც 2017 წლის 25 აგვისტოს როჰინჯას მებრძოლებმა თავდასხმა განახორციელეს მიანმარის სამხედრო ბაზასა და პოლიციის საგუშაგოზე.

ამ ინცინდენტის შემდეგ, მიანმარის სამხედრო ძალებმა დაიწყეს როჰინჯას ხალხის მასობრივი დევნა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, გაუპატიურება, ბავშვების მკვლელობა, სახლების გადაწვა და ა.შ.

მიანმარში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღება რთულია, რადგან ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის და ადამიანის უფლებების დამცველთათვის მრავალი შეზღუდვაა დაწესებული, რაც არათუ ინფორმაციის გაშუქებას, არამედ ქვეყანაში შეღწევასაც კი შეუძლებელს ხდის.

მიანმარის მთავრობა გავრცელებულ ინფორმაციას როჰინჯას ხალხის დევნის შესახებ ტყუილს უწოდებს.

ქვეყანაში აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყნიდან 700 000-მდე როჰინჯა გაიქცა. საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშების მიხედვით, კონფლიქტის დროს 10 ათასამდე როჰინჯა დაიღუპა, მათ შორის 730-მდე ბავშვი.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მიანმარელმა სამხედროებმა რაკჰაინის რეგიონში როჰინჯის ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშაული გენოციდის განზრახვით ჩაიდინეს და მთავრობის მიერ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების განცხადებით როჰინჯას ხალხისგან მოსალოდნელი საშიშროება რეალური იქნებოდა.

აუნ სან სუ ჩი

პოლიტიკოსი, მიანმარის დე ფაქტო ლიდერი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.

განათლება მიიღო დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდისა და ლონდონის უნივერსიტეტში. 1988 წელს ბრუნდება ბირმაში და იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მიანმარში ხელისუფლებაში მოდის სამხედრო ხუნტა, რომელიც უსასტიკესად უსწორდება თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. აუნ სან სუ ჩი შედის პოლიტიკურ მოძრაობაში ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის, რის გამოც პუტჩისტები მას 1989 წელს შინაპატიმრობას უსჯიან. უკანონო ხელისუფლება მას თავისუფლებას სთავაზობს ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ, მაგრამ მტკიცე უარს იღებს.

1990 წელს სამხედრო ხუნტა ატარებს არჩევნებს, სადაც ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები გაუქმებული იქნა, ხოლო შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვეს ძალაუფლების გადაცემაზე. ამ მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და 1991 წელს აუნ სან სუ ჩის გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. პრემიის სახით მიღებული $1.3 მლნ. მან საკუთარი თანამემამულეების ჯანმრთელობის განვითარებასა და განათლების გავრცელებას მოახმარა. შინაპატიმრობიდან აუნ სან სუ ჩი გათავისუფლდა 1995 წლის ივლისში.

1999 წელს დიდ ბრიტანეთში მას გარდაეცვალა მეუღლე, მაგრამ სამხედრო ხუნტამ მას ქვეყნიდან გასასვლელი ვიზა არ მისცა. 2000 წლის სექტემბერში პუტჩისტებმა იგი კვლავ შინაპატიმრობაში აიყვანეს და მხოლოდ 2002 წლის 6 მაისს გაეროს შუამავალთა ჩარევით მას კვლავ დართეს თავისუფლად გადაადგილების ნება.

2003 წლის 30 მაისს სოფელ დეპაინში ხუნტის მიერ დაქირავებული შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მის ავტომობილს, რომლის დროსაც მრავალი მისი მომხრე იქნა მოკლული და დაჭრილი. აუნ სან სუ ჩიმ მის მძღოლთან ერთად თავს გაქცევით უშველა, მაგრამ იგი მალევე დააპატიმრეს და ქალაქ იანგონის ციხე ინსეინში მოათავსეს.

2003 წელს გადატანილი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ იგი კვლავ შინაპატიმრობის რეჟიმში იქნა გადაყვანილი მიანმარის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი დღემდე შევიწროვებულია საკუთარ ქვეყანაში და შეზღუდული აქვს ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება.

2010 წლის 13 ნოემბერს გათავისუფლდა შინაპატიმრობიდან.

თავისუფალი სამყარო, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები აუნ სან სუ ჩის უმოქმედობასა და გულგრილობაში ადანაშაულებენ. ქვეყანაში მიმდინარე შესაძლო გენოციდი აუნ სან სუ ჩის არათუ არ გაუპროტესტებია, არამედ პირიქით, მედია დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ფაქტობრივად სამხედრო ხუნტა მართავს და აუნ სან სუ ჩის ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენები მწირია, მას აქვს რეალური შესაძლებლობა, წინ აღუდგეს ძალადობას და დაგმოს სამხედრო დანაშაულები, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა.

აუნ სან სუ ჩის, რომელიც ერთ დროს თავისუფლების კულტად აღიქმებოდა, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ნეგატიური მეტამორფოზა გაკვირვებას იწვევს, როგორც ქვეყნის მოსახლეობაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებმაც ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის არაერთი ჯილდო გადასცეს მიანმარის დე ფაქტო ლიდერს.