დღეს, 9 სექტემბერს, ევროკომისიის არჩეულმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის მომავალი შემადგენლობა წარადგინა. იტყობინება Euronews-ი.
"ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ევროპარლამენტმა ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის მემკვიდრედ 16 ივლისს დაამტკიცა, ზაფხულის ნახევარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენა, რათა მათთან ერთად, კონსულტაციების გზით, გამოევლინა მომავალი ევროკომისრები", - წერს Euronews-ი.
მიმდინარე კვირაში, ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე წარადგენს სამუშაო გეგმას, თუ როგორ აპირებს იგი ევროკომისიის საქმიანობის ორგანიზებას.
ევროკომისიის შემადგენლობის ფორმირებისას, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მნიშვნელოვანი იყო გენდერული პარიტეტის დაცვა.
კანდიდატთა სია
როგორც ცნობილია, ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვა, ყოველ მათგანს ევროკომისიის წევრობის კანდიდატების წარმოდგენისას გაეთვალისწინებინა პრინციპი - ერთი ქალი და ერთი კაცი, თუმცა მისი თხოვნა, მხოლოდ რუმინეთმა და პორტუგალიამ გაითვალისწინა.
ვარაუდობენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენს ჟან-კლოდ იუნკერისგან განსხვავებული მართვის სტილი ექნება.
ცალკეული ექსპერტების შეფასებით, იუნკერის მმართველობისას ევროკომისიის საქმიანობა ცენტრალიზებული იყო და ცალკეული ევროკომისრები ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენდნენ.
შესაძლოა, ფონ დერ ლაიენმა შეცვალოს მართვის ეს სტილი და უფრო მეტი ადგილი დაუთმოს მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო თანამონაწილეობას.
ევროკომისიის განახლებულმა შემადგენლობამ მუშაობა 1 ნოემბერს უნდა დაიწყოს. მანამდე ევროკომისიის შემადგენლობა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, შემდეგ კი ევროპარლამენტმა დაამტკიცოს.
კანდიდატთა მოსმენები ევროპარლამენტში სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.