G7-ის, დიდი შვიდეულის ქვეყნები ამაზონის ტყის ხანძრების ჩასაქრობად 20 მლნ ევროს გაგზავნიან. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"ამაზონის ქვეყნებს დაუყოვნებლივ გავუგზავნით ფინანსურ დახმარებას, დაახლოებით 20 მლნ ევროს“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბიარიცში G7-ის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
ამაზონის ჯუნგლებში ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს.
ცეცხლი ყოველდღიურად ამცირებს იმ ჟანგბადის რაოდენობას, რომელიც ასე საჭიროა ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. ტყესთან იწვიან ცხოველები და ფრინველები.
წელს ამაზონის ტყეში ხანძრების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის განმარტებით, თანამგზავრიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს ხანძრის რაოდენობამ 2018 წელთან შედარებით 85%-ით მოიმატა.