დიდი ბრიტანეთის საგარეო საკითხთა მდივანმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ იგი აღარ იქნება ბორის ჯონსონის მიერ დაკომპლექტებულ ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ამის შესახებ განცხადება ჰანტმა მიკრობლოგ "ტვიტერის" საშუალებით გააკეთა.
კონსერვატიული პარტიის წევრი, ჯერემი ჰანტი იყო ბორის ჯონსონის მთავარი კონკურენტი, პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებელ მარათონში.
22 ივლისს, ცნობილი გახდა კონსერვატიული პარტიის წევრების კენჭისყრის შედეგები, ჯონსონს მხარი 92 ათასმა თანაპარტიელმა დაუჭირა. ჯერემი ჰანტმა კი 46 ათას 600 ხმა მოაგროვა.
დღეიდან, ბორის ჯონსონი ოფიციალურად შეუდგა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელებას.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მეის ამ გადაწყვეტილების ძირითად მიზეზი ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმის პარლამენტის მიერ სამჯერ ჩაგდება გახდა. მეიმ ოპოზიციურ, ლეიბორისტული პარტიისგანაც ვერ მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება, რამაც ის იძულებული გახადა თანამდებობა დაეტოვებინა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს, ნებისმიერ შემთხვევაში, დატოვებს.