ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის ელჩობა, თუ უნდა, ხელები შევუკრათ თავისი დაცვიანად, არც ეგაა პრობლემა - განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ "ნამდვილი კაცების შეხვედრაზე".
"ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, როცა თვითმფრინავი გადმოუფრენს თრიალეთს და უახლოვდება თბილისის აეროპორტს, მშვენივრად ჩანს იქ ნარიყალაზე ქართლის დედა და კარგად დააკვირდნენ მას, ქართლის დედას ხელში ორი რამე უჭირავს - ღვინის თასი სტუმართმოყვარეობის სიმბოლო და მახვილი.
რა თქმა უნდა, ჩვენ მახვილით არავის არ დავხვდებით, მაგრამ უარყოფით პასუხს გავცემთ. ის ტუტუცი უცხოელი ელჩი, ვისაც არ ესმის, რომ მისი საქმე არის საელჩოში ჯდომა და ელჩობა, რომელიც გამოდის ქუჩაში, გვასწავლის ჩვენ ჭკუას და ესხმის თავს ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს, ჩვენი ეკლესიის ხელმძღვანელობას უშრობს სისხლს და ეუბნება, რომ "ეს ქენით, თორემ იმას გიზამთ და ამას გიზამთ", ის აღარ არის ელჩი, ძმაო, ის არის უზრდელი, არადიპლომატიური პროვოკატორი, რომელიც ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და თუ უნდა, ხელები შევუკრათ თავისი დაცვიანად, არც ეგაა პრობლემა. შევუკრავთ ხელებს და მივაბრძანებთ უკან თავის საელჩოში ისე, რომ თავიდან თმის ღერიც არ ჩამოუვარდება", - განაცხადა ვასაძემ.