„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს მოუწოდებენ არ აღიარონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ინაშვილმა და თარხან-მოურავმა პატრიარქსა და წმინდა სინოდს გაუგზავნეს.
“ჩვენ გაოგნებული დავრჩით 2016 წელს მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეული კრების გადაწყვეტილებებით, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის პავლე მოციქულის ეპისტოლეთა სულისკვეთებასთან და მე-6 მსოფლიო კრების დადგენილებებთან. კრეტის კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის. სამწუხაროდ, ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში.
თავს უფლებას მივცემთ გაცნობოთ, რომ ზუსტად ამგვარ სქემაზე საუბრობს სოხუმი თითქმის 20 წელია. მეტიც, გვიჩნდება განცდა, რომ მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის მიერ შემუშავებულ სქემას ხორცი უკრაინაში შეასხა. ცხადია, თქვენ იცით, რომ სერბი სამღვდელოება ღიად საუბრობს ამ სქემის განმეორების საფრთხეზე მაკედონიასა და ჩერნოგორიაში; ანტიოქიის ეკლესიასაც აშინებს ამავე სქემის განმეორება ლიბანში. სოხუმი კი ამ სქემის ხორცშესხმის მოლოდინშია.
ალბათ, ზემოაღწერილით აიხსნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოში დღეს მოქმედი ცამეტი ავტოკეფალური ეკლესიიდან ხუთმა ერთმნიშვნელოვნად დაგმო მსოფლიო პატრიარქის მოქმედება, კიდევ ექვსი, ფაქტობრივად, უარყოფითად შეხვდა და ამ თერთმეტიდან ცხრამ ღიად იქადაგა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით სოხუმსა და ცხინვალში, მოწიწებითა და თავმდაბლობით გთავაზობთ, - რუსეთს უკრაინაში ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური, სამართლიანი და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაშიც და 2016 წლის კრეტის კრებაზეც. ჩვენი აზრით, ეს მართებული იქნება რელიგიური თვალსაზრისით და, ამავდროულად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სიკეთის მომტანიც იქნება საქართველოს სახელმწიფოსთვის.
უდიდესი გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი, განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა, ღიად საუბრობს მწვავე დაპირისპირებაზე დედა ეკლესიის წიაღში და, ბუნებრივია, ჩვენც ვერ ავუვლით გვერდს ამ თემას“, - ნათქვამია წერილში.