უკრაინისთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა არის საფუძველი, ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსი გონჩარუკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდოს ვაჭრობა, ტურისტების რაოდენობა, გაღრმავდეს და განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკური მიმართულებით. ტრადიციულად, მადლობას ვუხდი საქართველოს საერთაშორისო არენაზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ, სამწუხაროდ, საერთო გამოწვევები გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით გავუმკლავდებით აგრესორს და წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი ქართულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ასეთი ნაბიჯები ჩვენს კავშირებს უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ალექსი გონჩარუკმა.