სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ ოზეროვი ხელმძღვანელობს.
"ჩვენს ძირითად მიზნად მივიჩნევთ გავეცნოთ პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სასაზღვრო სამმართველოსთან და სამხედრო ბაზასთან აფხაზეთის ტერიტორიაზე", _ განაცხადა ოზეროვმა აფხაზეთის ე. წ. პარლამენტის სპიკერთან ნუგზარ აშუბასთან შეხვედრის დროს.
რუსული დელეგაციის წევრები აფხაზეთში 9 ოქტომბრამდე დარჩებიან. ისინი, აფხაზური მედიის ინფორმაციით, რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს პუნქტებს მოინახულებენ. ოზეროვის განცხადებით, მათი დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის შედეგები რუსეთის მთავრობას წარედგინება.