ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სლოვაკეთში ITF SLOVAKIATOUR 2019-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. ე.წ. დელეგაციას ე.წ.სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამილა მერცხულავა ხელმძღვანელობს. გამოფენა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 24 იანვარს გაიხსნა.
ე.წ. პალატა ამ ღონისძიებაში უკვე მეორედ მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აფხაზი მწარმოებლების პროდუქცია. გამოფენის გახსნის პირველივე დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ექსპოზიცია სლოვაკეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა ალექსეი ფედოტოვმა და რუსეთის სავაჭრო დარგის წარმომადგენელმა სლოვაკეთში ეკატერინა ბელიაკოვამ დაათვალიერეს. გამოფენა 27 იანვრამდე გასტანს.
„ჯი-ეიჩ-ენი“ საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ მათ მსგავსი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
საქართველოს საგარეო უწყებას ამ დრომდე აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. „ჯი-ეიჩ-ენი“ ცდილობს დაუკავშირდეს სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს, რომლის კომენატრსაც მიღებისთანავე გავავრცელებთ.